სერია A. XXVI ტური: თითქოს, ძველი "მილანი" დაბრუნდა... [VIDEO]

AutoSharing Option
სერია A-ს მორიგი ტურის ერთ-ერთი ცენტრალური მატჩი გადაიდო. "იუვენტუსს", რომელიც "ნაპოლის" ერთი ქულით ჩამორჩება, "ატალანტა" უნდა მიეღო, მაგრამ მატჩი ტურინში მოსულმა თოვლმა ჩაშალა.

უნდა ითქვას, რომ "იუვესთვის" ამინდის ჭირვეულობა შეიძლება მისწრებაც იყო. "ბებერ ქალბატონს" ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალში "ტოტენჰემთან" აქვს სათამაშო (მანამდე "ლაციოს" უნდა ესტუმროს მომავალ უქმეებზე), ასეთ ამინდში კი ტრავმების დიდი რისკია...

გადავიდეთ მილანის "ინტერზე". ლუჩანო სპალეტის გუნდმა საშინაო შეხვედრა მოუგო "ბენევენტოს". არადა, მატჩის პირველი ტაიმი სტუმართა უპირატესობით წარიმართა და ეს მაშინ, როცა "ნერაძურის" მეტოქე განწირული აუტსაიდერია.

ის კი
არა, სტუმრები რამდენჯერმე გოლთანაც იყვნენ ახლოს. დამაჯერებლად ითამაშა მეკარე სამირ ჰანდანოვიჩმა. ერთხელ ბურთი კარიდან მცველმა გამოიტანა. სულ სხვა თამაში ვიხილეთ მეორე ნახევარში.

ტრიბუნების სტვენამ "ინტერი" გამოაფხიზლა. შეტევაში წასულმა მილანელებმა ორი გოლი შეაგდეს. ჯერ იყო და, სლოვაკი მცველი მილან შკრინიარი ჩაერთო შეტევაში შედეგიანად, მერე კი მეორე ცენტრალურმა მცველმა ანდრეა რანოკიამ იხეირა. მილანელთა თამაში აშკარად შორს იყო იდეალურისგან, თუმცა ფაქტია - გუნდს ცხრილში 3 ქულა დაემატა.

ლუჩანო სპალეტი ("ინტერის" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ ჩავაგდეთ პირველი ტაიმი. ასეთი თამაში არ შედიოდა ჩვენს გეგმებში. "ინტერი" არ არის იდეალურ ფორმაში და ეს ყველამ ძალიან კარგად ვიცით. კლუბი აკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ იაროს წინ. დასაფასებელია ის მონდომება, რომელიც აჩვენეს ფეხბურთელებმა მეორე ნახევარში. ამ თამაშში ჩვენ ყველაფერი ჩავდეთ".


ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მონადირე "ლაციომ" გასვლით მატჩში იოლად მოუგო "სასუოლოს". ანგარიში სერგეი მილინკოვიჩ-სავიჩმა გახსნა ფელიპე ანდერსონის გადაცემის შემდეგ.

ამის შემდეგ ჩირო იმობილეს ჯერი დადგა, ვინც თერთმეტმეტრიანით გააორმაგა რომაელთა უპირატესობა. საბოლოო აკორდი კი ისევ მილინკოვიჩ-სავიჩისა იყო, ვინც მართლაც რომ შესანიშნავ ფორმაშია.

სიმონე ინძაგი ("ლაციოს" მთავარი მწვრთნელი): "ჩვენ სწორად წარვმართეთ ეს შეხვედრა. მახარებს ის გარემოება, რომ არ ვუშინდებით სირთულეებს და გუნდი აჩვენებს თავის ნამდვილ სახეს. ვითამაშეთ შემტევი ფეხბურთი. ჩირო იმობილე გუნდის ნამდვილი ლიდერია. მე ვამაყობ იმით, რომ ჩვენ გვყავს ასეთი ფეხბურთელი. მოხარული ვარ მილინკოვიჩ-სავიჩის პროგრესის გამოც".

თითქოს, ძველი მილანი დაბრუნდაო... ჯენარო გატუზოს გაწვრთნილი გუნდი შესანიშნავ ფორმაშია. ეს ამჯერადაც დამტკიცდა. ალბათ, არ გადავაჭარბებთ, თუ ვიტყვით, რომ "მილანი" რომში შესანიშნავი იყო და აშკარად დაიმსახურა 3 ქულა.

თუ პირველ ტაიმში ორივე გუნდს ჰქონდა საგოლე შანსები, მეორე ნახევარში მინდორზე ერთი გუნდი თამაშობდა და ეს იყო "როსონერი". გატუზოს ბიჭებმა 2 გოლი ხომ გაიტანეს და, კიდევ რამდენჯერმე შეეძლოთ თავის გამოჩენა.

ტაიმი დაიწყო თუ არა, სუსომ მეტოქის საჯარიმო მოედანში შეასრიალა ბურთი. მის მოსაპოვებლად ერთმანეთს პატრიკ კუტრონე და კოსტას მანოლასი შეემეტოქნენ. ფორტუნამ პირველს გაუღიმა და - 0:1.

ბევრი ელოდა, რომ "მილანი" გოლის შემდეგ დაცვაში ჩაჯდებოდა და მოპოვებული უპირატესობის შენარჩუნებას შეეცდებოდა, მაგრამ მოხდა პირიქით. დავიდე კალაბრია რომაელთა საჯარიმოში შეიპარა და შეცვლაზე შესულ ნიკოლა კალინიჩს შესანიშნავი საგოლე გადაცემა დაუფასა.

ეს იყო მატჩი, რომელშიც გატუზომ აშკარად დაჯაბნა მისი მეტოქე ეუსებიო დი ფრანჩესკო, რომელმაც ცოტა უცნაური შემადგენლობა დააყენა. არავინ იცის, რატომ არ იყო თავიდანვე ედინ ჯეკო...

ასეა თუ ისე, "მილანმა", ყველა ტურნირის ჩათვლით, ზედიზედ მე-5 თამაში მოიგო და ამ თამაშებში არც ერთი გოლი არ გაუშვა. ბოლოს "როსონერი" 2017 წლის 23 დეკემბერს დამარცხდა...


სერია A. XXVI ტური
ბოლონია-ჯენოა 2:0
გოლები: 1:0 დესტრო (49), 2:0 ფალეტი (72)

ინტერი-ბენევენტო 2:0
გოლები: 1:0 შკრინიარი (66), 2:0 რანოკია (69)
ინტერი (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი - კანსელო, რანოკია, შკრინიარი, დ"ამბროზიო - ვესინო, გალიარდინი - კანდრევა, რაფინია (65. კარამო), პერიშიჩი (81. ბროზოვიჩი) - ედერი.
გაძევება: ვიოლა (81. ბენევენტო)

კროტონე-სპალ 2:3
გოლები: 0:1 ანტენუჩი (37), 1:1 ბუდიმირი (49), 1:2 შიმიჩი (51), 1:3 პალოსკი (60), 2:3 ბუდიმირი (86)

ფიორენტინა-კიევო 1:0
გოლი: 1:0 ბირაგი (6)

სამპდორია-უდინეზე 2:1
გოლები: 1:0 სილვესტრი (35), 2:0 საპატა (83), 2:1 სილვესტრი (90+5-საკ. კარში)

სასუოლო-ლაციო 0:3
გოლები: 0:1 მილინკოვიჩ-სავიჩი (7), 0:2 იმობილე (31-პენ), 0:3 მილინკოვიჩ-სავიჩი (46)
ლაციო (3-5-2): სტრაკოშა - უოლასი, რამოს მარკი, რადუ - მარუშიჩი, მურჯა, ლუკას ლეივა (60. პაროლო), მილინკოვიჩ-სავიჩი, ლუკაკუ (60. ლულიჩი) - ანდერსონი, იმობილე (81. ნანი).
გაძევება: ბერარდი (54. სასუოლო), მარუშიჩი (62. ლაციო)

ვერონა-ტორინო 2:1
გოლები: 1:0 ვალოტი (12), 1:1 ნიანგი (49), 2:1 ვალოტი (77)

რომა-მილანი 0:2
გოლები: 0:1 კუტრონე (48), 0:2 კალაბრია (74)
რომა (4-3-3): ალისონი - პერესი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი - პელეგრინი (80. ჟერსონი), სტროოტმანი, ნაინგოლანი (64. ჯეკო) - უნდერი (73. დეფრელი), პეროტი, შიკი.
მილანი (4-3-3): ჯ. დონარუმა - კალაბრია, ბონუჩი, რომანიოლი, როდრიგესი - კესი, ბილია, ბონავენტურა (90. მონტოლივო) - სუსო (82. ბორინი), ჩალჰანოღლუ, კუტრონე (67. კალინიჩი).

იუვენტუსი-ატალანტა გადაიდო

ორშაბათი, 26 თებერვალი
კალიარი-ნაპოლი 23:45

ბომბარდირები: 23 - ჩირო იმობილე (ლაციო); 18 - მაურო იკარდი (ინტერი); 17 - ფაბიო კვალიარელა (სამპდორია); 15 - დრის მერტენსი (ნაპოლი); 14 - პაულო დიბალა (იუვენტუსი), გონსალო იგუაინი (იუვენტუსი).

მომდევნო ტური
3 მარტი: სპალ-ბოლონია, ლაციო-იუვენტუსი, ნაპოლი-რომა
4 მარტი: ჯენოა-კალიარი, ატალანტა-სამპდორია, ბენევენტო-ვერონა, კიევო-სასუოლო, ტორინო-კროტონე, უდინეზე-ფიორენტინა, მილანი-ინტერი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 3 /
ძველი მილანი კი არა მოჩალიჩე გატუზო დაბრუნდა, ვის არ უყვარს ფული?
9
მორბენალი მილანიდან, თვალდათვალ ჩამოყალიბდა მებრძოლი მილანი და ეს გატუზოს დამსახურებაა.გუნდს ჰყავს დონარუმა,კუტრონე,კალაბრია.ჯერ მთლად ბავშვები,მაგრამ უკვე თითქმის სულიერი ლიდერები.თუ მილანმა ეს ბიჭები შეინარჩუნა,ორ წელიწადში ეს გუნდი გრანდების დონეზე გავა,მანამდე კი ალბათ ჩავარდნებიც ექნება.რაც შეეხება ნაპოლის,არასდროს მომწონდა ამ გუნდის თამაში,მაგრამ წელს მის გულშემატკივრად ვყალიბდები,ძალიან ლამაზ ფეხბურთს გვიჩვენებენ,თუმცა ბოლო ტური თამაში ვერც მისი და ვერც მილანისა.ვერც დორტმუნდის და ვერც ტოტენჰემისა,ვერ ვნახე...ყველგან გაჭედილი იყო რუსულ საიტებზე.
სოსო
11:01 27-02-2018
0

სიახლეები პოპულარული