ბევრი იფიქრა, თუ ცოტა იფიქრა, თავად მოიფიქრა, თუ მისმა ძვირფასმა მეორე ნახევარმა ვანდა ნარამ ურჩია, თავდამსხმელმა მაურო იკარდიმ გადაწყვიტა, რკინის ქალამნები ჩაიცვას და ვითარცა ტანჯულმა, დახმარებისთვის სერია A-ს სპეციალურ კოლეგიას მიმართოს.
რაში გამოიხატება მისი ე.წ. ტანჯულობა? La Repubblica-ს ცნობით, ის ამტკიცებს, რომ კლუბი მასზე ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას თანამშრომელთა მეშვეობით და გუნდში იზოლაციით ახორციელებს, აგრეთვე ჩამოართვა კაპიტნობა და 2021 წლის ზაფხულამდე მოქმედი ხელშეკრულება არ გაუგრძელა.
სხვათა შორის, იტალიურ ფეხბურთში ამის პრეცედენტი არსებობს: 2009 წელს მაკედონიის ნაკრების ყოფილმა თავდამსხმელმა გორან პანდევმა "ლაციოთან" თანამშრომლობის
გაწყვეტას მიაღწია და თან, მორალური ზიანის მიყენებისათვის 170-ათასევროიანი კომპენსაციის მიღებაც მოახერხა.
მილანური გუნდის ახალმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ კლუბის ხელმძღვანელობას 28 წლის ჭირვეული ფორვარდის სასწრაფოდ გაყიდვა მოსთხოვა.