17 ივნისს, რომის "სტადიო ოლიმპიკოზე" ჩატარებულ იტალიის თასის ფინალში ნაპოლიმ" თერთმეტმეტრიანების" სერიაში "იუვენტუსი" დაამარცხა და ტურნირის გამარჯვებული გახდა.
პირველ ტაიმში უპირატესობას "იუვე" ფლობდა, "ნაპოლი" კი სახიფათო კონტრიერიშებით პასუხობდა და ერთხელ ინსინიემ ბურთი ძელს გაარტყა. მეკარეები ბუფონი და მერეტი მოწოდების სიმაღლეზე იდგნენ.
მეორე ტაიმში "იუვეს" შეტევები ჩაცხრა, რონალდო უჩვეულოდ პასიური იყო, ნეაპოლელებმა არაერთი მომენტი შექმნეს. ბოლოს 42 წლის ბუფონმა საკუთარი გუნდი გადაარჩინა - 0:0 და რეგლამენტის მიხედვით, დამატებითი დროის გარეშე პირდაპირ პენალტების სერია დაინიშნა, რომელშიც "ნაპოლიმ" 4:2 იმარჯვა და ჯენარო გატუზომ მწვრთნელის რანგში პირველი ტიტული მოიგო.
კომპლიმენტები გატუზოს, რომლის შეკრულმა გუნდმა სამივე ლიდერს სძლია და თასი მოიპოვა.
"ნაპოლიმ" მეექვსედ მოიპოვა იტალიის თასი, "იუვენტუსი" კი ზედიზედ მეორედ დამარცხდა ფინალში რონალდოსთან ერთად - მის გარეშე იქამდე ოთხჯერ დაეუფლა თასს.