სერია A-ს 28-ე ტურში ლიდერმა "იუვენტუსმა" ტურინში 4:0 დაამარცხა ერთ-ერთი აუტსაიდერი "ლეჩე".
31-ე წუთზე სტუმართა გუნდის მცველმა ფაბიო ლუჩონიმ მეტოქის ნახევარმცველი რობერტო ბეტანკური მოცელა და მსაჯმა პირდაპირი წითელი ბარათით გააძევა. კაცნაკლულმა "ლეჩემ" პირველ ტაიმში გაუძლო "იუვეს", შესვენების შემდეგ კი ტურინელებმა მოწინააღმდეგე დაჯაბნეს.
ჯერ დიბალამ 20 მეტრიდან დალაშქრა გაბრიელის კარი, მერე რონალდომ პენალტი გამოიმუშავა და უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი თავადვე მოიყვანა სისრულეში, ბოლოს იგუაინმა და დე ლიხტმაც გაიტანეს და "ბებერმა ქალბატონმა" დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
სხვათა შორის, მწვრთნელ სარის არ უნდოდა კრიშტიანო ეთამაშებინა, მაგრამ მაინც დააყენა ძირითად შემადგენლობაში და გოლიც გაიტანა და 2 საგოლე გადაცემაც გააკეთა. მან იტალიის ჩემპიონატის 25 მატჩში 23 გოლი გაიტანა - მათ შორის 9 თერთმეტმეტრიანით.
ლიდერმა "იუვემ" უახლოესი მდევარი "ლაციო" 7 ქულით ჩამოიტოვა, რომელიც 27 ივნისს "ფიორენტინას" უმასპინძლებს.
30 ივნისს "იუვენტუსი" გასვლაზე "ჯენოას" დაუპირისპირდება.