"ატალანტას" ყოფილმა კაპიტანმა ალეხანდრო "პაპუ" გომესმა არგენტინულ გამოცემა La Nacion-თან ყოფილ დამრიგებელ ჯანპიერო გასპერინისთან ჩემპიონთა ლიგის მატჩის დროს მომხდარი კონფლიქტის დეტალებზე ისაუბრა.
"ტაქტიკურ მითითებებს სულ ვითვალისწინებდი. მაშინ პირველი ტაიმის დასრულებამდე 10 წუთი იყო დარჩენილი და მარჯვნივ გადასვლა მთხოვა, არადა, მარცხნივ კარგად ვთამაშობდი და უარი ვუთხარი. ეს მატჩის მიმდინარეობისას, კამერების წინ მოხდა... სავსებით ნორმალური იყო, რომ გაბრაზდა. ვხვდებოდი, შესვენებაზე შემცვლიდა.
გასახდელში კი ყველა ზღვარს გადააბიჯა და ჩემზე ფიზიკური თავდასხმა სცადა. როცა საქმე ფიზიკურ აგრესიაზე მიდის, ეს მიუღებელია. კლუბის პრეზიდენტ ანტონიო პერკასისთან
შეხვედრა მოვითხოვე და ვაღიარე, რომ არასწორად მოვიქეცი, კაპიტანი ვიყავი და ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. თან, პირდაპირ ვთქვი, რომ გასპერინისთვის ბოდიში უნდა მომეხადა.
მეორე დღეს მთელი გუნდის თვალწინ ფეხბურთელებსა და მწვრთნელს მოვუბოდიშე, თუმცა გასპერინისაგან იგივე არ გამიგონია. რამდენიმე დღეში პრეზიდენტს განვუცხადე, რომ გასპერინის გაწვრთნილ "ატალანტაში" თამაში არ მინდოდა. პრეზიდენტს ჩემი გაშვება არ სურდა და საბოლოოდ, მეორე გუნდში აღმოვჩნდი. ეს ლამაზი არ იყო: კლუბს 7 წლის მანძილზე ყველაფერი მივეცი, მათ კი, პირდაპირი მნიშვნელობით, მომისროლეს... პრეზიდენტს გამბედაობა არ ეყო, რომ მწვრთნელისთვის ეთქვა, ჩემთვის ბოდიში მოეხადა. ყველაფერი ასე დასრულდა", - თქვა "პაპუმ".
აღნიშნული ინტერვიუს გავრცელების შემდეგ კომენტარი La Gazzetta dello Sport-თან გასპერინიმ გააკეთა.
"ჩემთვისა და ფეხბურთელებისათვის გომესის მოქმედებები, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ, მიუღებელი გახდა. თვითონ შეეცადა ჩემ ცემას, თავად ჩემი მხრიდან ფიზიკურ აგრესიას ადგილი არ ჰქონია.
კლუბიდან წასვლის რეალური მიზეზი კი "ატალანტას" მფლობელების უპატივცემულობა იყო. იმედი მაქვს, გომესის შესახებ საუბარი მომავალში მხოლოდ მის მოედანზე მოქმედებას შეეხება, როგორც მის "ატალანტაში" ყოფნისას ხდებოდა", - განაცხადა გასპერინიმ.
ალეხანდრო გომესი "ატალანტაში" 2014 წლის 1-ელ სექტემბერს გადავიდა, 2017 წელს კი არგენტინელი გუნდის კაპიტანი გახდა. 2021 წლის იანვარში ბერგამოელებმა "პაპუ" "სევილიას" 5 მილიონ ევროდ მიჰყიდეს.