ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
გუშინ, 16 ოქტომბერს "სტადიო ოლიმპიკოზე" იტალიის სერია ა-ს მე-8 ტურის შეხვედრაში ერთმანეთს რომის "ლაციო" და მილანის "ინტერი" დაუპირისპირდნენ და მოედანზე ნამდვილი ცეცხლი დაანთეს.

ანგარიში მე-12 წუთზე ივან პერიშიჩმა პენალტით გახსნა და სტუმრები დააწინაურა. 64-ე წუთზე ჩირო იმობილემ პენალტითვე ანგარიში გაათანაბრა და შეხვედრის მთავარი მოვლენებიც ამის შემდეგ განვითარდა

81-ე წუთზე ლაუტარო მარტინესმა ვერ შეამჩნია, რომ მისმა თანაგუნდელმა ტრავმა მიიღო და თამაში გააგრძელა. ბურთი პეპე რეინას მიუვიდა, რომელსაც როგორც თანაგუნდელებმა, ისე "ინტერის" ფეხბურთელებმა მიუთითეს, ბურთი აუტზე გადაეგდო. ნაცვლად ამისა, ესპანელმა ბურთი მილონკოვიჩ-სავიჩს
გადააწოდა, რომელმაც ძირს მყოფი დიმარკოს გასწვრივ პასი ფელიპე ანდერსონს გაუკეთა. ბრაზილიელმაც არ შეიმჩნია დიმარკო, შეტევა განაგრძო და გოლით თვითონვე დაასრულა. ამას კი "ინტერის" ფეხბურთელების პროტესტი მოჰყვა, განსაკუთრებით ლაუტარო აქტიურობდა... მსაჯმა რამდენიმე ყვითელი აჩვენა...

90+1-ე წუთზე მილინკოვიჩ-სავიჩმა გაიტანა და საბოლოო ანგარიშიც დაფიქსირა - 3:1.

თუმცა, ყველაფერი ამით არ დასრულებულა. "ლაციოს" მცველი ლუის ფელიპე საფინალო სასტვენის შემდეგ ყოფილ თანაგუნდელ ხოაკინ კორეას ზურგზე შეახტა. ბრაზილიელის ეს ჟესტი მეგობრულად ვერც კორეამ და ვერც შეხვედრის მთავარმა არბიტრმა შეაფასა. ამ მოქმედებას მორიგი კონფლიქტი მოჰყვა, რომელიც ბრაზილიელი მცველის წითელი ბარათითა და აცრემლებული თვალებით დასრულდა...

მაურისიო სარის გუნდმა 8 ტურის შემდეგ 15 ქულა დააგროვა და სატურნირო ცხრილში მე-5 ადგილზეა. სიმონე ინძაგი კი ყოფილ კლუბთან დამარცხდა და 17 ქულით მე-3 პოზიციაზე დარჩა.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული