ორი ტომარა კარტოფილი კოკორინის ტრანსფერში - პოსტსაბჭოელების თავგადასავალი იტალიაში

AutoSharing Option
სერია A-ში მომავალ სეზონში ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი) და ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე) ითამაშებენ. ამავე ლიგის გუნდებში მეტ-ნაკლები წარმატებით პოსტსაბჭოთა სივრცის ოთხი ფეხბურთელი ასპარეზობს.

რუსი ნახევარმცველი ალეკსანდრ კოკორინი "ფიორენტინაში" 2021 წლის იანვარში "სპარტაკიდან" გადავიდა, 11 მატჩში სახეირო ვერაფერი გააკეთა, კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული და ფლორენციული კლუბი თავს იმაზე იმტვრევს, როგორ განთავისუფლდეს მისგან.

31 წლის კოკორინის შესახებ "მანჩესტერის" ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი კანჩელსკისმა თქვა, რომ მისი ფასი ორი ტომარა კარტოფილია და ტრანსფერში მეტს არავინ გადაიხდის.

უკრაინის ნაკრების 29 წლის შემტევი რუსლან მალინოვსკი "ატალანტამ" 2019
წელს "გენკისგან" 13.7 მილიონ ევროდ შეიძინა და ხუთწლიანი კონტრაქტი გაუფორმა. გასულ სეზონში მალინოვსკიმ ჩემპიონატის 30 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე გადაცემა გააკეთა და შეიძლება კარიერა "ნოტინგემ ფორესტში" გააგრძელოს.

რუსი ნახევარმცველი ალეკსეი მირანჩუკი 2020 წელს "ატალანტამ" "ლოკომოტივისგან" 14.5 მილიონად იყიდა და 4+1 სისტემის ხელშეკრულება გაუფორმა. მან 2 სეზონში 59 შეხვედრაში 9 გოლი და 7 საგოლე პასი მიითვალა და დღეს იჯარით "ტორინოში" გაუშვეს. გაისად ტურინულ კლუბს ალეკსეის ტრანსფერის 12 მილიონად გამოსყიდვის უფლება ექნება.

27 წლის უზბეკი თავდამსხმელი ელდორ შომორუდოვი 2020 წელს "როსტოვიდან" "ჯენოაში" გადაბარგდა, 2021 წელს კი "რომამ" 18 მილიონად შეიძინა, კონტრაქტი 2026 წლამდე გაუფორმა და რომაულ გუნდში მან 39 მატჩში 5 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა გააკეთა. ახლა მას კონტრაქტის სავალდებულოდ გამოსყიდვის წესით "ბოლონიაში" უპირებენ განათხოვრებას. ეს სიამოვნება ბოლონიურ კლუბს 10 მილიონი დაუჯდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
სპეციალურად მომზადებულ სტატიას ჰგავს, რომ ქართველები= პოსტსაბჭოთას. გვიყვება კოკორინზე და კიდევ ვიღაცეებზე " მოძმე საბჭოთა რესპუბლუკებიდან".
Sportall.ge, სპეციალურად აკეთებთ?
რატომ ვერ ეშვებით ამ რუსულ ნარატივებს?
არსად დაგეკარგოთ რუსეთი
09:39 12-08-2022
10

სიახლეები პოპულარული