რატომ გადაიდო "ნაპოლის" ჩემპიონობა? - კვარაცხელიასა და ოსიმენის სირთულეები...

AutoSharing Option
"ნაპოლის" მდგომარეობასთან დაკავშირებით ახალს ვერაფერს ვიტყვით - ლუჩანო სპალეტის გუნდმა მოახერხა, უშუალო კონკურენტებთან იმხელა უპირატესობა მიეღო, ბოლო დროის კრიზისს ნერვიულობის გარეშე ჩაევლო. ყველაფრის მიუხედავად, "სალერნიტანასთან" (1:1) ფრის გამო ასე საზეიმოდ დაანონსებული ჩემპიონობის გადადება გულისწყვეტას აუცილებლად გამოიწვევდა. გარდა ამისა, ნებისმიერი მატჩი კონკრეტულად მის შესახებ საუბარს მოითხოვს და არამხოლოდ კონტექსტში გააზრებას. თანაც, ემოციები ცოტათი ჩაცხრა...

ნეაპოლელთა მთავარი პრობლემა ისევ ხელისგულზე გამოჩნდა. იტალიის ჩემპიონატის როგორც გრანდებმა, ასევე აუტსაიდერებმა ისწავლეს, სპალეტის გუნდს როგორ უნდა დაუპირისპირდე, რათა მეტი შანსი გქონდეს. სალერნოელები საკუთარი კარის მისადგომებს მყარად
იცავდნენ და ძირითად დროში ვერც კონტრშეტევებზე ვარგოდნენ. სტანისლავ ლობოტკას ბურთთან ყოფნის შესაძლებლობა მაქსიმალურად დიდხანს ჰქონდა, რადგან შუა ხაზში მას მოწინააღმდეგეები არ ხვდებოდნენ, თუმცა ეს საკმარისი არ იყო. სერია "ა"-ს მომავალ გამარჯვებულებს (სულ 1 ქულა სჭირდებათ. ხუთშაბათს "უდინეზეს" სტუმრობენ) ასეთი მასიური დაცვის პირობებში იმპროვიზაციისა და შეტევაში მრავალფეროვნების პრობლემა აქვთ და ხიფათის შექმნა უჭირთ.

Sportall.Ge

შეტევის გაგრძელების ერთ-ერთი მთავარი ვარიანტი ხვიჩა კვარაცხელიას ხარჯზე იერიშია, თუმცა სტატიკური შეტევის დროს, როცა "კვარა" ან კარისკენ ზურგითაა, ანაც ბურთს არამოძრავ მდგომარეობაში და 3 მეტოქის გარემოცვაში იღებს, შედეგის გამოღება გაძნელებულია. ჩვენებურს ყოველთვის შეუძლია, გამწვავებაზე წავიდეს, თუმცა იმ ფონზე, როცა სათანადო დახმარებასა და შესაბამისად, სივრცეებს, ვერც მარცხენა ფლანგზე მოთამაშე თანაგუნდელებისგან იღებს, მინდვრის შუა ნაწილისკენაც ხალხმრავლობაა, იდეალური პოზიცია კი არც კარში დასარტყმელადაა და არც პასის გასაკეთებლად, რთულია.

მარცხენა ფლანგზე არსებული მდგომარეობის გამოყენება და მარჯვენა ფრთაზე ბურთის გადატანა იქნებ ნეაპოლელთა კოზირიც კი იყოს, მაგრამ ეს მხოლოდ ფურცელზე. ირვინ ლოსანოს იმაზე ბევრად მეტი მოეთხოვება, ვიდრე მისგან ვხედავთ.

კიდევ ერთი სირთულე გრძელი პასების ირგვლივაა. "ნაპოლის" შუა ხაზს ამ კომპონენტის სათავისოდ გამოყენება უჭირს. ისინი ვიქტორ ოსიმენის ფაქტორით ხშირად სარგებლობენ, როცა ნიგერიელი რთულად დასამუშავებელ ბურთებს გოლად აქცევს, თუმცა ყოველთვის არც ასეთი პასი გავა და ყველას ვერც "ცხრიანი" მიიღებს...

რა ხდებოდა მაშინ, როცა ლუჩანოს გუნდმა გათამაშებაში ამხელა ფორა მიიღო? სტანისლავ ლობოტკა და ზამბო ანგისა ახერხებდნენ როგორც ბურთის კონტროლსა და გათამაშებას, ამავდროულად, მეტოქეების საკუთარი კარიდან მაქსიმალურად ამოწევას და ამით თანაგუნდელებისთვის სივრცეების გამოჩენას. არ ვიცით, რა მოხდა მსოფლიო ჩემპიონატზე, ასეთ ფორმაში მყოფი კამერუნელი კი ამ დანიშნულებას ვეღარ ასრულებს. ამას მოწინააღმდეგე მწვრთნელის გათვლებიც ემატება...

Sportall.Ge

ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის მძლავრმა დუეტმა ბოლო დროს ეფექტურობა დაკარგა. ამის მიზეზი სხვადასხვაა. რა თქმა უნდა, ნიგერიელის ტრავმამ ბევრი რამ შეცვალა, თუმცა მხოლოდ ამას ვერაფერს დავაბრალებთ. როცა გოლის გატანის მთავარი გზა მათი კომბინაციაა, მის შესაჩერებლად ყველაფერი კეთდება და ხვიჩას ვიქტორისკენ მიმართული პასების ჩაჭრა საჯარიმოში ბევრი მოთამაშის მანევრირებით უფრო მარტივი ხდება. ამ დროს მთავარია, მათ ზუსტად იგრძნონ მომენტი, როცა 77-ე ნომერი პარტნიორის ბურთით მომარაგებას აპირებს. უნდა აღვნიშნოთ, რამდენიმე ეპიზოდში ოსიმენი ეგოისტურად მოიქცა, ჯერ კვარაცხელიას შეტევა არ გაუგრძელა, შემდეგ კი საკმაოდ შორიდან და არახელსაყრელი პოზიციიდან კარში დაარტყა. ჩვენ არ ვიცით ყველა გუნდური დეტალი, თუმცა მთელი სეზონის ერთ დონეზე ჩატარება, მინიმალური როტაციის პირობებეში, რთულია და გუნდის ლიდერებზე დაღლილობის კვალი მაინც ასახულია, ეს წინასწარ დაბევებული სკუდეტო ხომ მათ შექმნეს...

"სალერნიტანასთან" მატჩში მთავარი მწვრთნელის შეცდომებიც გამოიკვეთა. ყურადღებას მხოლოდ რამდენიმეზე გავამახვილებთ. მატიას ოლივერა გოლმა დამშვიდების ნაცვლად ააფორიაქა და მსაჯს რომ არ დაენდო, ხელს წითელ ბარათსაც გამოჰკრავდა. ასეთ დროს მისი გაყვანა იქნებ ლოგიკურიც იყო (ანგისას მწარე გამოცდილებაც გვახსოვს), თუმცა მის ნაცვლად ფლანგზე ცენტრალური მცველის, ჟესუსის გამოყენება დამღუპველი აღმოჩნდა. გაშვებული გოლისას ბრაზილიელი საკუთარი ამპლუის შესაბამისად მოიქცა და შუაში შეიწია. მისი დაზღვევა ვიქტორ ოსიმენმა სცადა, რაც არ გამოუვიდა. ჟუანი ვერც შეტევაში ყოჩაღობდა. სპალეტი ერთი ტაქტიკის ტყვეობაში რჩება. ასეთ დროს 3-მცველიან სქემაზე გადასვლა ყველაზე ლოგიკური იქნებოდა. კიდევ ერთი საკითხი ვა-ბანკზე გადასვლის დროს ლობოტკას გაყვანა და შეტევაში ძალიან სუსტ ნდომბელეზე დაყრდნობა იყო. ლუჩანო მალევე მიხვდა, რომ მისით შეტევების განვითარება კარგს არაფერს მოუტანდა და იერიშების წამოწყება ელიფ ელმასს დაავალა. ამ უკანასკნელისა და რასპადორის შემოყვანაზე აუგს ნამდვილად ვერ ვიტყვით. აქვე კი ისიც გამოჩნდა, ჯაკომოს ზელინსკის ნაცვლად რომ დაეწყო, უკეთესი იქნებოდა.

Sportall.Ge

მთავარი მწვრთნელის შეცდომა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება. მატჩის გადატანის შესახებ ჩვენც დავწერეთ, რომ ერთგვარი ფინალის სტატუსის მიცემა ფეხბურთელებისთვის დამატებითი სტრესი იქნებოდა და ასეც აღმოჩნდა. იქმნებოდა განცდა (ოლივერას გაყვანამ გაამძაფრა), რომ სპალეტი შეხვედრის ბოლო წუთების ზეიმში გამოყენებაში, ფეხბურთელების მოედნიდან აპლოდისმენტებით გაცილებასა და მსგავს ფიქრებში იყო, ამ დროს კი მეტოქემ ცივი შხაპი გადაასხა. ყველაფერი ეს გამოცდილ სპეციალისტს თავიდან უნდა აეცილებინა...

ჩვენი მთავარი ინტერესი ხვიჩა კვარაცხელიას მიმართაა. ქართველ გარემარბს ძალიან შედეგიანი და წარმატებული სეზონი აქვს. ტოპ-ლიგაში 12 გოლი და 10 შედეგიანი პასი სერიოზული მიღწევაა. გასაგებია თანაგუნდელების დონეც, თუმცა "კვარადონას" ყაზანის "რუბინში" სეზონში 3-4 შედეგიანი დარტყმა ჰქონდა და პროგრესი წმინდა სტატისტიკური კუთხითაც აშკარაა. მას "ასისტების" უნარი ყოველთვის მაღალ დონეზე ჰქონდა და პასის გაცემა ახლაც სიამოვნებს. ბოლო დროის "მშრალი" სერიის გამო ხვიჩა ცოტათი დაძაბული ჩანს და ამ მომენტს აუცილებლად დაძლევს. ჩვენებური საკუთარ თავზე ბევრს მუშაობს, აგვისტოს შემდეგ არაერთ კომპონენტში პროგრესი აქვს და დარტყმებსაც უფრო ცივსისხლიანად შეასრულებს, ამის გვჯერა. 77-ე ნომრის ბურთთან ურთიერთობა და მისი თამაშის ყურება კვლავ ძალიან სასიამოვნოა, იმის ფიქრით, რომ "აფეთქებას" მუდამ შეძლებს. მსჯელობა იმაზეც შეიძლება, ფიზიკურად მკვეთრი გაძლიერება მის ტექნიკურ-ტაქტიკურ არსენალს გარკვეულ საფრთხეს ხომ არ შეუქმნის, ახლა კი მას ძველებური სისხარტე და მოქნილობა გააჩნია. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "კვარას" ძალიან გრძელი სეზონი აქვს, ნეაპოლში ის დასვენების გარეშე, ბათუმის "დინამოდან" გადავიდა...

"ნაპოლის" ჩემპიონობას ახლა დაანონსების გარეშე დაველოდოთ!..

alt"ნაპოლიმ" გამარჯვება ხელიდან გაუშვა და მისი საჩემპიონო ზეიმი გადაიდო [VIDEO]

altSpazio Napoli: ხელები შორს კვარაცხელიასგან - მან გულშემატკივრები კოსმიურ დონეს მიაჩვია

მკითხველის კომენტარები / 22 /
სპალეტი პლუს ნაპოლი, მინუს კვარაოსიმენი საშუალო ხარისხის გუნდი სერია ა ში.
დასკვნა
11:37 03-05-2023
0
ხვიჩას რაც შეეხება, იმედია ერთი სეზონის შემდეგ გადავა ისეთ გუნდში, სადაც მარტო ეგ არ იქნება მხოლოდ სტარი და მაგის გამოთიშვით გუნდის გაჩერება არ იქნება შესაძლებელი.
მესი რო მესია, მაგასაც გაანეიტრალებდნენ სამი პერსონალური მცველი რო მიეჩინათ, მაგრამ მაგ შემთხვევაში ხავი-ინიესტა ან ნეიმარი-სუარესი ისეთებს გააკეთებდნენ, რომ მაგას ისევ ის სჯობდა, რასაც მესი უკეთებდა მეტოქეებს. აქ კი ნაპოლიში მხოლოდ ორი სტარი კვარა და ოსი დანარჩენები კი სრული სრედნიაკები ვერ სჯიან მეტოქეებს სათანადოდ თორემ აქ კიდევ ორი ვარსკვლავი რო იყოს თავბედს აწყევლინებდათ მეტოქე მწვრთნელებს და მათ დაგეშილ მცველებს მარტო ერთ მოთამაშეზე სრული კონცენტრაციისთვის, და ორი სამი თამაშის შემდეგ მეტოქე მწვრთნელები ამ ტაქტიკას ურეზულტატობის გამო შეეშვებოდნენ ეხლა კი ჩაავლეს კვარას მისი უსური თანაგუნდელების გამო და ხან მეტოქის გალიები თუ მცველების ტყეპარკი აქცევს ბიჭს ალყაში ისე რომ იქეთ კრაიზე ლუზერი ლოსანო/პოლიტანოს ტანდემი სრული სივრცეების პირობებში ერთ ხეირიან იერიშს ვერ უხორციელებს მოწინააღმდეგეს.
Charley
01:21 03-05-2023
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული