საფრანგეთი-ინგლისი: როცა ყურადღების ცენტრში ვიდეორეფერია... [VIDEO]

AutoSharing Option
საფრანგეთისა და ინგლისის ნაკრებების ამხანაგური მატჩის შემდეგ ძალიან ბევრი იკამათეს ვიდეორეფერის (VAR) შესახებ, რომელიც ამ დაპირისპირებას ემსახურებოდა - მეტი, ვიდრე თავად საფეხბურთო პერიპეტიებზე. როცა მსაჯი (ამ შემთხვევაში, ტექნოლოგიებით აღჭურვილი) ყურადღების ცენტრშია და არა ფეხბურთი, ეს უკვე ცუდია...

თანაც, სალაპარაკო ნამდვილად იყო - რაფაელ ვარანი 1996 წლის მერე, კონკრეტულად კი, ფრანკ ლებეფის მერე, გახდა პირველი ფრანგი მოთამაშე, რომელიც ამხანაგურ შეხვედრაში გააძევეს და ეს გადაწყვეტილება მსაჯმა სწორედ ვიდეოგამეორების შემდეგ მიიღო და თან პენალტიც დანიშნა, რადგან ვარანმა საჯარიმოში წააქცია დელე ალი.

ეს მეორე
ტაიმის პირველსავე წუთზე მოხდა და მიუხედავად იმისა, რომ ფრანგებმა ფაქტობრივად მთელი მეორე ტაიმი 10 კაცით ჩაატარეს, მაინც 3:2 იმარჯვეს, თანაც, დამსახურებულად. ამიტომაც გარეთ საუთგეიტი და მისი ნაკრები ბევრმა გააკრიტიკა, მაგრამ თავად მწვრთნელმა ყველას შეახსენა, რომ ეს ამხანაგური მატჩი გახლდათ და ნაკრები მზადებისა და ძიების პროცესშია.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დიდიე დეშამი კი ყველაფრით კმაყოფილი გახლდათ, წითელი ბარათის გარდა - ეს ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება იყოო. შეგახსენებთ, რომ ახალი წესებით, ფეხბურთელის გაძევება, რომელიც პენალტს "აიკიდებს", აუცილებლობას აღარ წარმოადგენს, თუ აშკარად განზრახ უხეშობასთან არ გვაქვს საქმე.

"ვიდეოგამეორების დამკვიდრებას მხოლოდ მივესალმები, მაგრამ ასეთ შემთხვევებშიც კი, 100%-იანი გარანტია ვერ გვექნება და ყველაფერი მაინც პერსონალურ გადაწყვეტილებამდე დადის. შორიდან ჩვენ გამეორების გარეშეც დაგვრჩა შთაბეჭდილება, რომ პენალტი და წითელი ბარათი იყო. არბიტრმა ეს გადაწყვეტილება გამეორების ნახვის მერე მიიღო და, რადგან ეს დაეხმარა, სიახლე მისასალმებელია" - განაცხადა საუთგეიტმა.

დიდიე დეშამი: "რასაკვირველია, ვიდეორეფერის გამოჩენას ვემხრობი. ეს შეცდომების ალბათობას შეამცირებს. თუმცაღა მიმაჩნია, რომ გაძევება იმ ეპიზოდში ზედმეტად მკაცრი გადაწყვეტილება გახლდათ".

უშუალოდ მატჩის თაობაზე გაკეთებულ განცხადებებს რაც შეეხება, საუთგეიტმა ხაზი გაუსვა იმას, რომ მისი ბიჭები მეტოქეს სისწრაფესა და ათლეტიზმში ჩამორჩნენ. ფიზმომზადება ინგლისელებსაც არ აკლიათ, მაგრამ საფრანგეთმა ძალიან ახალგაზრდული შემადგენლობით ითამაშა და დიდიეს სხარტმა ბიჭებმა იყოჩაღეს. ინგლისელებს ჰარი კეინის დუბლი არ ეყოთ და საბოლოოდ, "სტად დე ფრანსზე" მაინც დამარცხდნენ. ამ ორ ნაკრებს ბევრი ყველაზე მზარდად და პერსპექტიულად მიიჩნევს, ორივე ძალიან ახალგაზრდული და იმედისმომცემია.

"ბურთი უნდა გაგვეკონტროლებინა და სიმშვიდე შეგვენარჩუნებინა. რიცხობრივ უპირატესობაში დარჩენამ, თითქოს, აგვანერვიულა. მეორე ტაიმი საჭირო დონეზე ვერ ჩავატარეთ. ვფიქრობ, ეს დაღლილობის ბრალი გახლდათ.

ცდას არ ვაკლებდით, მაგრამ მეტოქემ სისწრაფესა და ათლეტიზმში დაგვჯაბნა. მიუხედავად ამისა, მთლიანობაში ბევრი პოზიტიურისა და კარგის დანახვა შეიძლება - უმეტეს შემთხვევაში, ბურთს მშვენივრად ვაკონტროლებდით, ვქმნიდით სახიფათო მომენტებს, მშვენიერი გოლით გავხსენით ანგარიში და მთლიანობაში, ჩემი აზრით, წაგება არ გვეკუთვნოდა. თუმცა სამუშაოც ბევრია, უპირველეს ყოვლისა, გუნდური თამაშის მხრივ. მით უმეტეს, როდესაც მეტოქე 10 კაცითაა, უკეთ უნდა იმოქმედო" - განმარტა საუთგეიტმა.

"შესანიშნავია, რომ ეს ციკლი მოგებით დავასრულეთ, მით უფრო, შვედეთთან წაგების მერე. ჩვენთვის საქმე კარგად არ აეწყო, მალევე გავუშვით, წითელი ბარათი მივიღეთ, მაგრამ ბიჭებმა მაინც შესანიშნავად ითამაშეს, თან ძლიერ მეტოქესთან, რითაც ძალიან კმაყფილი ვარ. დღევანდელმა შემადგენლობამ დაამტკიცა, რომ ამ ფეხბურთელებსაც უამრავი პლუსი აქვთ. ვწუხვარ წინა მატჩის შედეგის გამო, ის საკვალიფიკაციო თამაში გახლდათ, ეს კი - ამხანაგური. ამიტომაც გადაადგილებები უფრო თამამად მოვახდინეთ და, სხვათა შორის, ნაკრები უფრო ცოცხლად თამაშობდა" - დაამატა დიდიემ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
კარგად გამოჩნდა თუ რამხელა უაზრობაა ფეხბურთში ვიდეორეფერი, გასაძევებელი კი არა შეიძლებოდა არც დაენიშნა პენალტი.
დათო
15 ივნისი 2017 14:58
0
ისეთი მატჩები არსებობს 2 11 მეტრიანი დანიშნულა მარა არცერთხელ ყვითელიც კი არ უჩვენებია "დ
ნოდო
15 ივნისი 2017 12:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული