28 მარტს პარიზში საფრანგეთის ნაკრები ესპანეთს ხვდებოდა. იმ თამაშმა ბევრი რამ შეცვალა ფეხბურთში, რადგან საერთაშორისო მატჩში პირველად გამოიყენეს ვიდეორეფერი, რომლის წყალობითაც თამაში სულ სხვა ანგარიშით დასრულდა, ვიდრე ეს მის გარეშე მოხდებოდა - ვიდეორეფერიმ გააუქმა ანტუან გრიზმანის ჩათვლილი გოლი და ჩათვალა ჟერარდ დეულოფეუს მსაჯის მიერ არჩათვლილი.
ორივე შემთხვევაში ესპანეთმა იხეირა, მაგრამ გამეორებებზე კარგად გამოჩნდა, რომ ამით
მაშინ ერთიათად გაიზარდა ფეხბურთში ტექნოლოგიების მომხრეთა რიცხვი, მაგრამ ერთი თამაშით ვერ განსაზღვრავ. გავიდა დრო და ამ სისტემას სხვადასხვა მატჩზე იყენებდნენ.
20-წლამდელთა მსოფლიოს ჩემპიონატზე კი ზამბიისა და იტალიის მატჩში ვიდეორეფერიმ იმდენად საკამათო გადაწყვეტილება მიიღო, რომ ფეხბურთის ფანებში ეჭვი გაჩნდა, რომელიც ამ კონფედერაციათა თასზე კიდევ უფრო გამყარდა. კომუნიკაცია მსაჯსა და სისტემას შორის არც ისე იდეალურია, გადაწყვეტილებებშიც შეიძლება ეჭვის შეტანა, ტელემაყურებელიც უბრალოდ ვერ იგებს, რა ხდება და, რამდენადაც საოცარი უნდა იყოს, მართლაც სადღაც იკარგება ემოცია, რაზეც ბევრი ფეხბურთელი და ზოგიერთი საფეხბურთო მოღვაწე წუხს.
რა თქმა უნდა, ეს ისეთი დეტალებია, რომელთა დახვეწაც შესაძლებელია. რაც უნდა მოხდეს, მთავარი ხომ სამართლიანობაა ფეხბურთში. მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ვიდეორეფერის შემოღებით ყველა პრობლემა არ გაქრა, მეტიც, ზოგიც დაემატა...
კონფედერაციათა თასი ხომ მუნდიალის გახურებაა, ხოლო მსაჯთა დახმარების სისტემა ტესტირებას სწორედ ამ მთავარი ტურნირისთვის გადის. და თუ ეს ყველაფერი არ დაიხვეწა, მუნდიალზე პრობლემები გველის. ის, რაც კამერუნისა და ჩილეს ნაკრებთა მატჩში მოხდა, მხოლოდ ერთი სიტყვით შეიძლება აღიწეროს - ქაოსი. მსაჯი საკუთარ გადაწყვეტილებებს ეჭვქვეშ აყენებდა - ეს კი მთავარ პრინციპს ეწინააღმდეგება - "მინიმალური ჩარევით, მაქსიმალური შედეგი".
კითხვა, რომელსაც პასუხი უნდა გავცეთ, ის კი არ არის - რამდენად სწორი იყო გადაწყვეტილება, არამედ ეს - რამდენად მცდარი იყო ეს გადაწყვეტილება. პირველი ტაიმის ეპიზოდში, ედუარდო ვარგასის გოლზე, რამდენიც უნდა ატრიალოთ ვიდეო, ვერ მიხვდებით, იყო თუ არა პირვანდელი გადაწყვეტილება გოლის ჩათვლის მთლიანად არასწორი. თუკი მსაჯები ყოველ თავიანთ გადაწყვეტილებას ეჭვქვეშ დააყენებენ, ჩვენ მუნდიალზე პრობლემები გველის.
არც უარყოფითი შეფასების მისაღებად უნდა ვიჩქაროთ, ვიდეორეფერიც ცოცხალი ორგანიზმივითაა, როგორც ფეხბურთელი ან მსაჯი, მასაც სჭირდება განვითარება. მორგებას დრო სჭირდება. ზოგს ეს მალე გამოსდის, ზოგს - არც ისე.
ამბობენ, რომ საფრანგეთი-ესპანეთის მატჩის გერმანელი რეფერი დიდხანს ავარჯიშეს ვიდეორეფერისთან ურთიერთობაში, რაც ასე კარგად აისახა თამაშზე.
ხუან ანტონიო პიცი, ჩილეს ნაკრების მწვრთნელი: "ცუდად არ გამიგოთ, ტექნოლოგიების მომხრე მეც ვარ, მაგრამ სისტემას დახვეწა ესაჭიროება. ტესტირების რეჟიმში ბევრ რამეს ცუდად აღვიქვამთ, რადგან ჩვენ სხვანაირ საფეხბურთო სამყაროს შევეჩვიეთ. მოდი, ვნახოთ და დაველოდოთ. იქნებ რაღაც დროის მერე უკეთესად იყოს საქმე. პირველი ტაიმის ინციდენტი ცოტა მწარედ დაგვამახსოვრდა".
საბოლოოდ ფიფა მხოლოდ 2018 წლის მარტში გადაწყვეტს, იქნება თუ არა მსოფლიოს ჩემპიონატზე მსაჯთა დახმარების სისტემა დანერგილი.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"