გერმანია-მექსიკა 4:1 - მუნდიალის ჩემპიონი მუნდიალის რეპეტიციის ფინალშია [VIDEO]

AutoSharing Option
* კვირას კონფედერაციათა თასის ფინალში გერმანიის ნაკრები ჩილეს დაუპირისპირდება.

* მანამდე მესამე ადგილისთვის მატჩში პორტუგალიისა და მექსიკის ნაკრებები ითამაშებენ.

* მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად ლეონ გორეტცკა დასახელდა, რომელმაც დუბლი მიითვალა.


გერმანიის ნაკრები კონფედერაციათა თასის გათამაშებაში ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობს და მიუხედავად ამისა, იოახიმ ლიოვის გუნდი ფინალში გავიდა. თანაც, გერმანელებმა საკმაოდ იოლად გაიკაფეს გზა ნახევარფინალისკენ და იქაც განსაკუთრებული პრობლემების გარეშე გაიმარჯვეს.

თამაში სულ რაღაც 6 წუთის დაწყებული იყო, როდესაც მარჯვენა ფლანგიდან ბენიამინ ჰენრიხსის გადაცემის შემდეგ ლეონ გორეტცკამ იდეალური სიზუსტით დაარტყა და გახსნა ანგარიში
- 1:0. ორ წუთში გერმანელებმა კიდევ ერთი შედეგიანი კომბინაცია გაითამაშეს - ტიმო ვერნერის ბრწყინვალე გადაცემის შემდეგ გორეტცკა მეკარესთან პირისპირ დარჩა და დუბლი შეასრულა - 2:0.

მესამე გოლი გერმანელებმა მეორე ტაიმის შუაწელს გაიტანეს და ამჯერადაც ეფექტური კომბინაციის შედეგად - საგოლე პასის შემდეგ ვერნერმა გოლიც შეაგდო და ანგარიში გამანადგურებელი გახადა - 3:0... შეხვედრის მიწურულს კიდევ ორი გოლი გავიდა - ფაბიანმა შორი მანძილიდან უძლიერესად დაარტყა და შესანიშნავი გოლი გაიტანა - 3:1. საბოლოო ანგარიში შეცვლაზე შესულმა იუნესმა დააფიქსირა - მექსიკელთა საჯარიმოში მარცხნიდან შეიჭრა და მეკარისაგან შორეული კუთხე დალაშქრა - 4:1...

თუ მშრალ სტატისტიკას ჩავხედავთ, შეიძლება ვიფიქროთ, რომ უპირატესობას მექსიკის ნაკრები ფლობდა - ჩრდილოამერიკელები უფრო დიდხანს ფლობდნენ ბურთს, უფრო მეტჯერ დაარტყეს მეტოქის კარის მიმართულებით და უფრო მეტჯერ ჩააწოდეს კუთხური, თუმცა მთავარი ტაბლოა, იქ კი გერმანელთა დიდი უპირატესობა დაფიქსირდა. სწორედ ეს არის კლასი, რომელმაც გერმანელებს სოლიდური უპირატესობით გაამარჯვებინა - სარეზერვო ფეხბურთელებით მოასპარეზე გერმანიის ეროვნულმა გუნდმა ერთი ამოსუნთქვით გაიარა მთელი ტურნირი და ფინალში გავიდა, სადაც ჩილეს ნაკრებთან მოუწევს დაპირისპირება...

როგორც კონფედერაციათა თასის გათამაშებაზე გამოჩნდა, გერმანიის ნაკრების მთავარ მწვრთნელს ფეხბურთელთა იმაზე დიდი არჩევანი ჰქონია, ვიდრე ეს ერთი შეხედვით ჩანდა - ფაქტია, რომ იოახიმ ლიოვს დიდი თავსატეხი ექნება იმ 23 ფეხბურთელის შესარჩევად, რომლებსაც მსოფლიოს ჩემპიონატზე წაიყვანს. მარტო გორეტცკა რად ღირს, რომელიც უკვე შევიდა გერმანული ფეხბურთის ისტორიაში - "შალკეს" ნახევარმცველმა პირველ 8 წუთში 2 გოლი შეაგდო, რაც აქამდე გერმანიის ნაკრებში არც ერთ ფეხბურთელს არ გაუკეთებია - გორეტცკა შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს...

შეხვედრის შემდეგ ყურადღების ცენტრში სწორედ გორეტცკა იყო მოქცეული - "შალკეს" ფეხბურთელმა კომენტარი გააკეთა და შემდეგი განაცხადა: "ეს დღე არასდროს დამავიწყდება, რადგან გერმანიის ნაკრების შემადგებლობაში ორი გოლი გავიტანე და კონფედერაციათა თასის ფინალში გავედით. ტურნირის მოგებამდე ერთი ნაბიჯი გვაშორებს და ეს შესანიშნავია. გერმანიის ნაკრებში არ არსებობენ სარეზერვო ფეხბურთელები - ვისაც ნაკრების მაისური აცვია, ის ვალდებულია, რომ ბოლომდე დაიხარჯოს და მაქსიმუმი გამოავლინოს.

მექსიკას შესანიშნავი ნაკრები ჰყავს - მათი დამარცხება ნამდვილად არაა მარტივი და მით უმეტეს, ასეთი ანგარიშით. კიდევ უფრო ძლიერია ჩილე, რომელთანაც ფინალში მოგვიწევს დაპირისპირება. ჩილელებს ბევრი ექსტრა-კლასის ფეხბურთელი ჰყავთ, რომლებიც ევროპაში ბრწყინავენ - წინ საინტერესო და დრამატული შეხვედრა გველოდება".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

გერმანია-მექსიკა 4:1
გოლები: 1:0 გორეტცკა (6), 2:0 გორეტცკა (8), 3:0 ვერნერი (59), 3:1 ფაბიანი (89), 4:1 იუნესი (90)
გერმანია (3-4-2-1): ტერ შტეგენი - კიმიხი, რიუდიგერი, გინტერი - ჰენრიხსი, გორეტცკა (67. ჯანი), რუდი, ჰექტორი - შტინდლი (79. ბრანდტი), დრაქსლერი (81. იუნესი) - ვერნერი
მექსიკა (4-2-3-1): ოჩოა - ლაიუნი, არაუხო, მორენო, ალანისი - ჯონათან დოს სანტოსი (67. მარკესი), ერერა - ხიმენესი, ჯოვანი დოს სანტოსი (63. ფაბიანი), აკინო (46. ლოსანო) - ხ. ერნანდესი
მაყურებელი: 37 923

კვირა. 2 ივლისი
III ადგილისთვის
პორტუგალია-მექსიკა 16:00

ფინალი
ჩილე-გერმანია 22:00

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული