მსოფლიოს ჩემპიონატი 2018. G ჯგუფი: დიდი მატჩი ევროპაში

AutoSharing Option
"სანტიაგო ბერნაბეუ" დიდი მატჩის მოლოდინშია. 2 სექტემბერს აქ ევროპული სანაკრებო ფეხბურთის გოლიათები - ესპანეთი და იტალია შეიბმებიან, რათა გაარკვიონ, რომელი ნაკრები ჩაუდგება სათავეში მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის G ჯგუფს, სადაც ეს ორი გრანდი ერთად მოხვდა.

ამ დროისთვის მათ 16-16 ქულა აქვთ. პირველი, იტალიური ჯახი ამ ნაკრებებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა. ზოგადად, "სკუადრა აძურას" ძალიან უჭირს გასვლაზე "ფურია როხასთან" თამაში, მაგრამ ისიც გავიხსენოთ, რომ ევროპის ბოლო ჩემპიონატზე იტალიამ 2:0 დაამარცხა მაშინდელი წყვილის ფავორიტი ესპანეთი. სულ, ერთმანეთში ამ გუნდებს 36 მატჩი აქვთ
ჩატარებული, საიდანაც 10 მატჩი ესპანელებმა მოიგეს, 15 ფრედ დასრულდა, ხოლო 11-ჯერ გამარჯვება იტალიელებმა იზეიმეს.

ხულიან ლოპეტეგის გაწვრთნილ გუნდში დიდი დაბრუნება შედგება. ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კვლავ უხმო ქვეყნის პირველ გუნდში "ფურია როხას" ისტორიაში საუკეთესო ბომბარდირ დავიდ ვილიას, ვისაც 97 სანაკრებო მატჩში 59 გოლი აქვს გატანილი.

ვილიას ნაკრებში დაბრუნება შემთხვევითი არ არის. ჯერ ერთი, 35 წლის შემტევი შესანიშნავ ფორმაშია და, მეორეც - ესპანეთს თავდასხმაში აშკარა პრობლემები აქვს. თუ არ ჩავთვლით ალვარო მორატას, ლოპეტეგის განკარგულებაში არ არის ფეხბურთელი, რომელსაც რეალურად შეუძლია იტალიელთა ზემტკიცე უკანა ხაზის გარღვევა.

"ჩვენთვის ეს საგანგებო მნიშვნელობის მატჩია. შინაურ კედლებში გამარჯვებას უნდა მივაღწიოთ. მეტოქე ძლიერია, ჩვენ მას პატივს ვცემთ, მიზანი კი 3 ქულის მოპოვებაა, თუმცა ეს იოლი არ იქნება", - ამბობს ესპანელთა მწვრთნელი ლოპეტეგი.

"ჩვენი თამაში იქნება ღია. რა თქმა უნდა, მოსაგებად გავალთ მინდორზე, თუმცა ყველას კარგად გვესმის, ეს ძალიან რთული ამოცანაა. ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე გვყავს და ეს მოტივაციას გვიორკეცებს. კარგად ვიცით, რომ ესპანეთი მინდორზე მხოლოდ 3 ქულისთვის გამოვა. ისტორიულად, ჩვენ გვიჭირს ესპანეთში წარმატებით თამაში, მაგრამ ეს უნდა დავივიწყოთ", - აცხადებს "სკუადრა აძურას" თავკაცი ჯამპიერო ვენტურა.

ბევრი შიშობდა, რომ იტალიის ნაკრების მონოლითურ დაცვაში ბზარს შეიტანდა ლეონარდო ბონუჩის "მილანში" გადასვლა, მაგრამ იტალიის ნაკრების ერთ-ერთმა ლიდერმა მოკლედ "მოჭრა", როცა თავის ყოფილ, იუვენტუსელ თანაგუნდელებზე ჰკითხეს:

"მე ამ ბიჭებთან ერთად მთელი კარიერა გავატარე. ისინი ჩემი ძმები არიან და მე მათგან ფეხბურთში უამრავი რამ ვისწავლე. ჩვენ მზად ვართ ესპანეთთან თამაშისთვის".

სავარაუდო შემადგენლობები
ესპანეთი (4-3-3): დე ხეა - კარვახალი, რამოსი, პიკე, ალბა - ინიესტა, ბუსკეტსი, სილვა - ისკო, მორატა, ალკანტარა.
იტალია (3-4-1-2): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - კონტი, დე როსი, მონტოლივო, დარმიანი - ვერატი - ბელოტი, იმობილე

1. ესპანეთი 6 5 1 0 21:3 16
2. იტალია 6 5 1 0 18:4 16
3. ალბანეთი 6 3 0 3 7:8 9
4. ისრაელი 6 3 0 3 9:12 9
5. მაკედონია 6 1 0 5 8:13 3
6. ლიხტენშტაინი 6 0 0 6 1:24 0


(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული