როგორ გაანადგურეს "არაადამიანებმა" "ადამიანები"?

AutoSharing Option
მუნდიალის შესარჩევ ჯგუფში ესპანეთმა და იტალიამ გვარიანად ჩამოიტოვეს უკან სხვა გუნდები და ისღა აქვთ გასარვევი, ვინ გავა პირველ ადგილზე და ვის მოუწევს ფლეი-ოფში თამაში. "სანტიაგო ბერნაბეუზე" შეხვედრის დაწყების წინ მადრიდის "რეალის" მცველმა სერხიო რამოსმა გულშემატკივრებს თხოვა, რადგან ერთი გუნდის წევრები არიან, არ ესტვინათ "ბარსელონას" ცენტრბეკისთვის ჟერარდ პიკესთვის, თუმცა არ დაუჯერეს და ობსტრუქცია მოუწყვეს.

მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა ხულენ ლოპეტეგიმ ყველა გააკვირვა სასტარტო შემადგენლობის დაყენებით, რადგან არ გაიყვანა მოედანზე "სუფთა თავდამსხმელი". შეტევის ხაზზე დავიდ სილვა, ასენსიო და ისკო მოქმედებდნენ, რაც შეეხება სტუმრებს,
ტრავმირებული მცველი კიელინი აკლდათ.

"ფურია როხამ" დებიუტშივე ჩაიგდო ინიციატივა, მეტოქის ფეხბურთელებს ორი ყვითელი ბარათი აკიდა და ისკომ ჯარიმიდან გოლიც გაიტანა. ბუფონი, რომელიც "სკუადრა აძურაში" 170-ე მატჩს ატარებდა, უძლური აღმოჩნდა. თუმცკი, ბურთი შუა კარებში გავიდა და მისი აღება შეიძლებოდა. მომდევნო ეპიზოდში მცველის უკან დაბრუნებული ბურთი კინაღამ საკუთარ კარში ჩაჭრა და გინდა-არგინდა მორატას ნათქვამი გაგახსენდებოდა, 39 წლისაა და ცოტა რეაქცია დაკარგაო.

მოკლედ, ესპანეთი დაწინაურდა, ბურთის კონტროლს მოწინააღმდეგის ნახევარზე განაგრძობდა და მე-40 წუთზე იმავე ისკომ კვლავ დაამწუხრა ჯიჯი.

ნაანტრაქტევს იტალიელებს მომენტები ქონდათ, ვერ გამოიყენეს და დაისაჯნენ კიდეც, როდესაც სერხიო რამოსის გარღვევის შემდეგ შეცვლაზე შესულმა მორატამ მესამედ დალაშქრა ვიზავის კარი.

დარჩენილ დროში დიდად საინტერესო არაფერი არ მომხდარა, თუ არ ჩავთვლით 89-ე წუთზე შეცვლაზე ვილიას შესვლას, რომელსაც მხურვალე აპლოდისმენტებით მიესალმა პუბლიკა.

ასე და ამგვარად, ესპანეთმა ფაქტიურად გაინაღდა ჯგუფში პირველი ადგილი.

ნამატჩევს იტალიელთა მწვრთნელმა ჯამპიერო ვენტურამ თქვა, რომ გუნდებს შორის განსხვავება ფიზიკურ მომზადებაშიც იყო და ოსტატობაშიც, ვიზავის რამოდენიმე საჩუქარი გაუკეთეს, თავადაც შეეძლოთ გატანა, მაგრამ დე ხეამ იდგა კარში მარჯვედ, ახლა იტალიის ნაკრებში ადამიანები თამაშობენ, ესპანეთისაში კი - მთლად ადამიანები არ არიან და მიუხედავად მარცხისა მათი სპორტული პროექტი გრძელდება.

ესპანეთის ნაკრების თავკაცმა ხულენ ლოპეტეგიმ კი ბრძანა, რომ ფეხბურთში სრულყოფილება არ არსებობს, ბედნიერები არიან, მაგრამ დაუკმაყოფილებლობის გრძნობა მაინც აქვთ, ვინაიდან მუნდიალის საგზური ჯერ არ მოუპოვებიათ, ისკო დაცვასაც ეხმარებოდა, გამორჩეული გახლდათ, სტატეგია და ტაქტიკა კი მეტოქის სათამაშო სტილიდან გამომდინარე აირჩია და აკი არც შემცდარა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული