ამ შეხვედრას უკრაინელებმა მთელი ცხოვრების მატჩი უწოდეს, რადგან გასაგებ მიზეზთა გამო მათთვის ორმაგი დატვირთვა ჰქონდა. დებიუტიდანვე ძალიან აქტიურები იყვნენ და ციგანკოვსა და იარმოლენკოს გატანა ვეტერანმა მეკარე გორდონმა არ დაანება. საერთოდაც, მთელი პირველი ტაიმი სტუმრების კარნახით მიმდინარეობდა, ბურთს მეტად აკონტროლებდნენ, თამაშსაც და იარმოლენკოს ლამაზი გოლი სრულიად ლოგიკური გახლდათ.
შესვენების შემდეგ იარემჩუკმა თავით დალაშქრა გორდონის კარი, გოლი ტრიბუნასთან თანამემამულე გულშემატკივრებთან აღნიშნა და პასიური მასპინძლები მძიმე სიტუაციაში აღმოჩნდნენ. აქედან მოყოლებული, სქოთები უპირატესობას დაეუფლნენ, შეტევაზე გადავიდნენ, მეკარე ბუშანის ოთხი შეცდომიდან ერთი გამოიყენეს და ანგარიში მინიმუმამდე შეამცირეს. შემდეგ უკრაინელებს ჩინებული შანსი მიეცათ, მაგრამ გორდონთან პირისპირ გასულმა დოვბიკმა დაახანა და მომენტი ხელიდან გაუშვა. კომპენსირებულ დროში ზინჩენკომაც ვერ უწია მიზანს, თუმცა ბოლოს დოვბიკმა გაიტანა და უკრაინამ გაიმარჯვა.
უკეთესი ფეხბურთელებით დაკომპლექტებულმა, უკეთესმა გუნდმა, რომელიც მეტოქეზე გაცილებით შემართული იყო, გაიმარჯვა და 5 ივნისს კარდიფში ფინალში უელსს დაუპირისპირდება.
აკი თქვა უკრაინელთა მწვრთნელმა პეტრაკოვმა, ესაა ჩვენი ომი და უთუოდ უნდა მოვიგოთო. მოიგეს კიდეც.
უკრაინის ნაკრები ბოლო 8 მატჩში არ დამარცხებულა - 3 მოგება და 5 ფრე. დღევანდელი შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელად იარმოლენკო აღიარეს.
გლაზგო. „ჰემპდენ პარკი“
შოტლანდია - უკრაინა 1:3
გოლები: 0:1 იარმოლენკო (33), 0:2 იარემჩუკი (49), 1:2 მაკრეგორი (79), 1:3 დოვბიკი (90+5)