საფეხბურთო ხატი, ვარსკვლავი და სამხრეთ კორეის მთავარი იმედი - ჰონ-მინ სონი

AutoSharing Option
ჰონ-მინ სონი სამხრეთ კორეისა და "ტოტენჰემის" ფეხბურთელია, რომელსაც საკუთარ ქვეყანაში ისე უყურებენ, როგორც საფეხბურთო ხატს, ვარსკვლავსა და სპორტული ღირსების ერთ-ერთ მთავარ იმედს... ზოგადად თქმულა, წარმატებული სპორტსმენი ელჩია სხვა ქვეყანაშიო და ეს ასეცაა. ქართველებისთვის ასეთი ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და გიორგი მამარდაშვილი არიან (იმედია, ამ სიას სხვებიც შეემატებიან)...

"ჩვენს ქვეყანაში უფრო ცნობილი და პოპულარულია, ვიდრე ბიონსე. გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ვიამაყოთ ჩვენი წარმომავლობით" -  აცხადებენ კორეელი გულშემატკივრები.

მუნდიალზე ბრაზილიასთან მატჩის წინ სონი ნაკრების მთავარი იმედია. ჩაივლი დოჰას ქუჩებში და ცათამბჯენებზე, სადაც ვარსკვლავების ბილბორდებია,
ერთ-ერთზე ჰონგ-მინისას წააწყდებით, რამდენიმე შენობის გვერდით კი კრიშტიანო რონალდოს ფოტოა. წარმოგიდგენიათ, რა საამაყოა? უშუალოდ სამხრეთ კორეის მატჩამდე სტადიონის მიმდებარე ტერიტორია "წითლდება", მაისურზე კი უმეტესობას სონის გვარი აწერია...

"რა თქმა უნდა, ის ჩვენი იმედია, გვჯერა, რომ დღეს გაიტანს" - განუცხადა BBC-ს ერთ-ერთმა გულშემატკივარმა.

Sportall.Ge

იყო იმის ალბათობა, რომ კორეელ ფეხბურთელს მუნდიალი გამოეტოვებინა, ფეხბურთელმა 1-ელ ნოემბერს "მარსელთან" მატჩში მარცხენა თვალის დაზიანება მიიღო. მსგავსი კალიბრის სპორტსმენის დანაკლისი აზიური ქვეყნისთვის ტრაგედია იქნებოდა, ვინ იცის, მის გარეშე მსგავსი შედეგის გამეორებას თუ შეძლებდნენ... თუმცა, როგორც მოსალოდნელი იყო, 30 წლის ფეხბურთელი სპეციალური ნიღბის მეშვეობით მოედანზე სუპერგმირის ვიზუალით გავიდა, კაპიტნის სამკლავურითურთ საკუთარი ქვეყანა ჯგუფიდან გაიყვანა და ურუგვაის ძლიერი ნაკრები მუნდიალს მიღმა დატოვა.


ამავე კორეაში გამოდის ქართველი გულშემატკივრისთვის საყვარელი მცველი კიმ ინ ჯე, რომელიც ნეაპოლში მხარს ხვიჩა კვარაცხელიას უმშვენებს. სამწუხაროდ, სერია A-ს ერთ-ერთმა გამორჩეულმა დამცველმა განასთან მატჩში ტრავმა მიიღო, რის გამოც პორტუგალიასთან შეხვედრა გამოტოვა, თუმცა "სელესაოსთან", დაზიანების მიუხედავად, მზადაა მოედანზე გამოვიდეს და გული და სული დადოს, ისევე, როგორც ყოველთვის...

დღეს ყველამ იცის, რომ სამხრეთამერიკული გუნდი უპირობო ფავორიტია. ზოგადად, ბრაზილია კატარი 2022-ზე ტრადიციული ვირტუოზული ფეხბურთით ისევ თავს გვაწონებს. მძიმე დაზიანების შემდეგ ნეიმარს მოედანზე გამოსვლა შეუძლია. ჯერ არ ვიცით პსჟ-ის ერთ-ერთი ლიდერი მატჩში საწყისი წუთებიდანვე ჩაერთვება თუ საჭიროების შემთხვევაში მეორე ნახევარში შემოვა, თუმცა, თუ შემადგენლობას გადავხედავთ, შესაძლოა ტიტემ არც გარისკოს...

რა შეგვიძლია ვთქვათ კორეაზე? არაფერი, კარგის გარდა. ნაკრები ერთ სისტემად მოქმედებს, ჰყავს გამოკვეთილი ლიდერი, რომლისთვისაც უმთავრესი საკუთარი ქვეყნის წარმატებაა. ალბათ, გახსოვთ 90+1 წუთზე ვარსკვლავის ჩინებული ასისტი, ხვან ჩი ჩხანის გოლი და ის გულწრფელი ემოცია, რაც სამშობლოს წარმატებას ახლავს...

დღევანდელი შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება. შეძლებს კორეა მრისხანე "სელესაოს" დამარცხებას? ამას ერთად ვნახავთ.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ძალიან კარგი ნაკრები ჰყავს სამხრეთ კორეას. როგორ მონდომებით თამაშობენ და რა ემოციები აქვთ, ჩემთვის აღმოჩენა იყო მათი თამაშის ხარისხი ამ მუნდიალზე
1

სიახლეები პოპულარული