ასაკის მატებას ერთი დადებითი მახასიათებელი შეიძლება ჰქონდეს, თუკი მას სწორად გამოიყენებ - იცი, რომ მიზნების შესასრულებლად თუ საყვარელი ადამიანებისა და საქმისთვის უფრო ცოტა დრო გრჩება, რის გამოც მეტად უნდა დაიხარჯო, იმაზე მეტი გააკეთო, ვიდრე მანამდე აკეთებდი. სპორტშიც ასეა - შეიძლება დაკარგო სისწრაფე, ძველებურად ვეღარ ხედავდე და დაღლილობას უფრო "დაუმეგობრდე", თუმცა, როცა სანუკვარი მიზანი ჯერ კიდევ ასასრულებელია, საკუთარ თავზე მაღლა უნდა ახტე...
მსოფლიო ჩემპიონობაზე უარს არავინ იტყვის, ისიც
ლიონელი მიზნისთვის ყველაფერს აკეთებს. ადრე მესის ერთი პრობლემა ჰქონდა, მისი "ბარსელონა" "ათიანთან" ერთად "დაფრინავდა", ის კი ნაკრებში თითქოს ასეთი არ იყო. განა რამეს აკლებდა, უბრალოდ ყველაფერი ასეთი შთამბეჭდავი არ ყოფილა. ამ გადასახედიდან, იქნებ რაღაც პრობლემა მართლაც არსებობდა, ასეთი მონდომებული მესი, როგორც ახლაა, მისი დიდების წლებშიც კი იშვიათად გვინახავს. მზადაა, თავი ბოლომდე გადადოს, გააკეთოს ყველაფერი, რაც მისი პირდაპირი მოვალეობა არის თუ არა, ბოლომდე იყოს ჩართული თითოეულ დეტალში, დააკვირდეს, რას ამბობენ მასსა და მის თანაგუნდელებზე მედიაში, სოციალურ ქსელებსა თუ პრესკონფერენციაზე. ასეთ ლეოს ერთი ნაბიჯიღა დარჩა გადასადგმელი...
ღირსეული მოწინააღმდეგის ცრემლებიც უნდა გთრგუნავდეს და სიხარულის გამზიარებელი იყო. ლიონელ მესი მუნდიალის მეორე ფინალშიც რომ დამარცხდეს, ეს იმდენად დიდი სევდა იქნება, შეუძლებელია, გულთან უშუალო მოწინააღმდეგეებმაც კი არ მიიტანონ. ადამიანურად ეს ძალიან მძიმე ამბავი იქნება, ისეთი მძიმე, რომ მას მხოლოდ არგენტინელები არ განიცდიან. თუმცა ეს არაფერს ნიშნავს, მესიმ და მისმა თანაგუნდელებმა თავად უნდა შეძლონ და ბედნიერებას ეზიარონ. ამ შემთხვევაშიც, ლეოს სიხარულსაც მეტი გაიზიარებს, ვიდრე მხოლოდ მისი გულშემატკივრებია.
თანაგუნდელები ვახსენეთ და ისინი მართლაც თავდაუზოგავად იბრძვიან. თუკი თავიდან ისე ჩანდა, წარმატება მხოლოდ მონდომებით წარმოედგინათ, ახლა გუნდი გაცილებით კარგ ფორმაში შევიდა, ერთიანი გახდა და როგორც თავის დაცვა, ასე შეტევა მაღალორგანიზებულად მიმდინარეობს.
ზოგჯერ იქნებ უსამართლობაც კია, რა დიდიც უნდა იყოს, როცა საქმე ნაკრებს ეხება, მხოლოდ ერთ ადამიანზე ისაუბრო. თუმცა ამას, ალბათ, ყველა გაიგებს - მეკარე ემილიანო მარტინესიც, ანხელ დი მარიაც, რომელსაც ტრავმამ ახლა ბევრი დააკარგვინა; როდრიგო დე პაულიც, ძალიან ბევრს რომ შრომობს და მოძრაობს თუ ხულიან ალვარესიც, რომელიც პეპ გვარდიოლას "სიტიში" შემთხვევით რომ ვერ მოხვდებოდა, ყველა დაარწმუნა.
გადამწყვეტ დაპირისპირებაში მეტოქე მართლაც სერიოზულია. საფრანგეთის ნაკრებს კილიან მბაპეს ლიდერობით სურს, ისტორიაში მესამე (იტალიისა და ბრაზილიის შემდეგ) გახდეს, ვინც მსოფლიო ჩემპიონის ტიტულს დაიცავს. დიდიე დეშამის გუნდი ისევ სერიოზული ძალაა. მესი კარიერაში იქნებ ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯის წინ - ზეიმი თუ დიდი, ძალიან დიდი ტკივილი.
მესი ყველაფერს გააკეთებს, მსოფლიო ჩემპიონი გახდეს - თემურ ქეცბაია
"მარცხს ახლა ვის დააბრალებს?!" - მესი დიდი წნეხით მსოფლიო ჩემპიონობისკენ და არგენტინელთა გაკვეთილი