პრემიერლიგა. XIX ტური: "მანჩესტერ იუნაიტედი" უკვე 13 ქულით ჩამორჩა [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ იუნაიტედმა" ბოლო წამებზე გაუშვა ხელიდან გამარჯვება "ლესტერთან" საგარეო მატჩში და თანაქალაქელ "სიტის" უკვე 13 ქულით ჩამორჩა, რაც კიდევ ერთი დასტურია იმისი, რომ არაოფიციალურად პრემიერლიგის საჩემპიონო რბოლა დასრულებულია...

ტურის მატჩი: უკმაყოფილო კი არა, ძალიან გაბრაზებული!..
ალბათ, ფრე საუკეთესო გამოსავალი იყო იმ თრილერიდან, რაც პარასკევს "ემირეითსზე" ვნახეთ. თამაში ეპიზოდებად დაიყო. თავიდან, ყველაფერს "ლივერპული" აკონტროლებდა და საქმეში ჩაუხედავი კაცი იფიქრებდა, რომ ბურთი ლონდონში კი არა, "ენფილდზე" გორავდა.

ამიტომ, იურგენ კლოპის გუნდი ორი ბურთით რომ გაიჭრა წინ, აბსოლუტურად ლოგიკური იყო...

მაგრამ "არსენალი" არ
გატყდა და მეორე ტაიმის დაახლოებით 15-წუთიანი მონაკვეთი ისე ითამაშა, როგორც ამას წინათ "მანჩესტერის" წინააღმდეგ. ამჯერად, "მეთოფეებმა" კინაღამ მოიგეს კიდეც, თუმცა ბოლომდე ვერ ისარგებლეს იმ კოლოსალური ფსიქოლოგიური და სათამაშო უპირატესობით, რაც 5-წუთიან ინტერვალში 3 (!) გოლის გატანით მოიპოვეს.

არადა, სწორედ ამ ეპიზოდამდე ერთი წუთით ადრე მოჰამედ სალაჰმა პეტრ ჩეხს მეორედ გამოატანინა ბურთი ბადიდან და, თითქოს, არსენ ვენგერის გუნდისთვის ყველაფერი დამთავრებული იყო...

ის 5 წუთი კი მართლაც სასწაული მონაკვეთი იყო, მაგრამ "ლივერპულმა" მაინც გამოგლიჯა მეტოქეს თამაშის სადავეები და თავად მოუხდა მატჩის გადარჩენაზე ზრუნვა. გადაარჩინა კიდეც და თუ გავითვალისწინებთ თამაშის საერთო სიუჟეტს, დაცვაში დაშვებულ შეცდომებსა (ორივე მხრიდან) თუ შემტევთა აგრესიას, საბოლოო შედეგიც და თუნდაც კონკრეტული ანგარიში სრულიად სამართლიანია.


კომენტარი
არსენ ვენგერი (არსენალი): "პირველ ტაიმში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ბურთი მეტოქეს ჩავაბარეთ, ბევრ შეცდომას ვუშვებდით გადაცემებში და ვერ ვავითარებდით შეტევას... თუმცა მეორე ნახევარი რადიკალურად განსხვავებული იყო. "არსენალმა" აჩვენა თავისი კლასი და ხასიათი. მომავალში, როგორმე უნდა მოვახერხოთ და მეტოქეებს თავიდანვე ამხელა უპირატესობა არ უნდა მივცეთ".

იურგენ კლოპი (ლივერპული): "როცა ასეთ უპირატესობა ანიავებ, უკმაყოფილო კი არა, ძალიან გაბრაზებული უნდა იყო საკუთარ თავზე... ქულა იყო ის მინიმუმი, რაც დავიმსახურეთ. "არსენალთან" სტუმრად ქულის აღება კი, რა თქმა უნდა, ყველა სხვა შემთხვევაში დამაკმაყოფილებელი იქნებოდა, ოღონდ არა იმ პირობებში, როცა 3 გოლი გაგაქვს, მაგრამ მაინც ვერ იგებ".

ფაქტები
  • "არსენალსა" და "ლივერპულს" შორის ბოლო ხუთ პრემიერლიგურ დაპირისპირებაში 27გოლი (17-10 "ლივერპულის" სასარგებლოდ) გავიდა, რაც საშუალოდ მატჩში 5.4 გოლს უტოლდება.
  • მთელი 2017 წლის განმავლობაში "ლივერპულმა" სტუმრად 54 გოლი (ყველა ტურნირის ჩათვლით) გაიტანა. ეს არის ამ გუნდის ყველაზე მაღალი შედეგი 1982 წლის (66 გოლი) შემდეგ.
  • "არსენალმა" ამ სეზონში მარტო "ლივერპულისგან" 7 გოლი გაუშვა (4:0 პირველ წრეში). ერთ ჩემპიონატში, ერთი ცალკე აღებული ოპონენტისგან ლონდონელებმა უფრო მეტი გოლი (12) "მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩებში გაუშვეს 2011/12 წლების სეზონში.
  • 2015 წლის ოქტომბრიდან, რაც "ლივერპულს" სათავეში ჩაუდგა იურგენ კლოპი, ამ გუნდის მონაწილეობით პრემიერლიგის მატჩებში ყველაზე მეტი გოლი გავიდა - 279 (174 გაიტანა, 105 გაუშვა).
  • 11 გასვლით მატჩში ფილიპე კოუტინიო "ლივერპულის" 16 გოლში მონაწილეობდა (9 გოლი, 7 საგოლე პასი). ამასთან, კოუტინიომ "ლივერპულის" მაისურით (ყველა ტურნირის ჩათვლით) 53-ე გოლი გაიტანა და პირველად - თავური დარტყმით.
  • რობერტო ფირმინო ("ლივერპული") "არსენალის" წინააღმდეგ პრემიერლიგის ბოლო 5 მატჩში 8 გოლში მონაწილეობდა (5 გოლი, 3 საგოლე პასი). პლუს ამას, ფირმინომ "არსენალთან" ბოლო სამ პრემიერლიგურ მატჩში მოახერხა თითოეულში გოლის გატანაც და საგოლე პასის გაკეთებაც.
* * *
...იწურებოდა მე-4 დამატებული წუთი, როცა ჰარი მაგუაირი შორეულ ძელთან გამოხტა და მშვენივრად "ჩაკეტა" მარკ ოლბრაიტონის პასი - ასე დაკარგა ქულები "მანჩესტერ იუნაიტედმა" გუნდთან, რომელმაც წინა უქმეებზე შინ უშანსოდ წააგო (0:3) "კრისტალ პალასთან"...

რამდენიმედღიანი ინტერვალით "ლესტერმა" მეორე მანჩესტერული გიგანტი ისტუმრა. 19 დეკემბერს "მელიებმა" "სიტისთან" პენალტების სერიაში (ძირითადი დრო 1:1 მორჩა) წააგეს ლიგის თასის მატჩი და ტურნირიდან გავარდნენ.

ამ თამაშში "ლესტერმა" გამაყაიმებელი გოლი შეაგდო მაშინ, როცა 90 წუთი კარგა ხნის ამოწურული იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ კლოდ პიუელის გუნდი, უმრავლეს შემთხვევებში, ბოლო წამამდე იბრძვის და ჟოზე მოურინიოს ბიჭებს ამიტომაც მართებდათ მაქსიმალური ყურადღება.

სიმპტომატურია, რომ შუა კვირაში "იუნაიტედი" ლიგის თასიდან ქვედალიგელმა "ბრისტოლ სიტიმ" გააგდო. იმ თამაშშიც დამატებულ წუთებზე გაუშვა გადამწყვეტი გოლი.


"დავისაჯეთ ჩვენივე ბავშვური შეცდომების გამო. სწორედ ბავშვურად ვკარგავდით ბურთს, ბავშვურად ვიქცეოდით როგორც ჩვენს, ასევე მეტოქის საჯარიმოში. არადა, მეორე გოლი რომ გავიტანეთ, შეიძლებოდა, თამაში დასრულებულიყო 4:1, 5:1 ან თუნდაც 6:1 ჩვენ სასარგებლოდ... ვერ მოვიგეთ იმიტომ, რომ დაუჯერებელი შანსები გავანიავეთ", - თქვა ჟოზემ პრესკონფერენციაზე.

ეს იყო ტურის დასკვნითი დაპირისპირება, მანამდე კი "მანჩესტერ სიტიმ" ზედიზედ მე-17 ბრძოლა მოიგო. თუმცა, რომელ "ბრძოლაზეა" ლაპარაკი - პეპ გვარდიოლას ბიჭებმა "ბორნმუთს" 4 უპასუხო გოლი "მიართვეს", ხოლო ამ საქმეში მთავარი სიტყვა თქვა სერხიო აგუერომ, ვინც დუბლიც მიითვალა და საგოლე პასიც.


"ევერტონი" სემ ელერდაისის ხელში კვლავ წაუგებელი რჩება. ზოგადად, "კანფეტები" ბოლო 6 მატჩში არ დამარცხებულან.

რაც შეეხება დისკვალიფიცირებული ალვარო მორატას გარეშე მოთამაშე "ჩელსის", ლონდონელებს შეეძლოთ მოგება და ჰქონდათ კიდეც საამისო მომენტები. თუნდაც ის, როცა ფილ იაგიელკამ კარის ხაზიდან გამოიტანა ბურთი ტიემუ ბაკაიოკოს დარტყმის შემდეგ, ან ის ეპიზოდი, როცა კაპიტანმა ეშლი უილიამსმა კინაღამ ავტოგოლი გაიფორმა; იქ კიდევ მეკარე ჯორდან პიკფორდის რამდენიმე "სეივი"... ეს კი იმ ფონზე, როცა მასპინძლებმა ერთხელაც ვერ მოარტყეს ბურთი მიზანში.

"ტოტენჰემი" პირველი გუნდია მიმდინარე პრემიერლიგაში, რომელმაც ბარნლის "ტარფ მურზე" 3 გოლის გატანა მოახერხა და ამას ერთ კაცს უნდა უმადლოდეს - ჰარი კეინმა ინგლისის მთავარი ლიგის ეგიდით მე-7 ჰეთ თრიკი მიითვალა. ამ გამარჯვებით "მამლებმა" მე-5 საფეხურზე გადაინაცვლეს. შეიძლება დიდი ვერაფერი, მაგრამ... ამ "ბარნლის" ხომ მაინც გადაუსწრეს!..


ფაქტები
  • "ევერტონს" არ წაუგია ბოლო 6 მატჩში, ხოლო აქედან 5 მატჩი გუნდმა სემ ელერდაისის ხელმძღვანელობით ითამაშა და იმავე ელერდაისის ხელში ამ 5 მატჩში 3-ჯერ შეძლო კარის "მშრალად" შენახვა.
  • "ჩელსი" პრემიერლიგის ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ დამარცხდა.
  • "ევერტონს" "ჩელსისთვის" ზედიზედ მეოთხე პრემიერლიგური მატჩია, გოლი არ გაუტანია.
  • "მანჩესტერ სიტი" გახდა პირველი გუნდი "ლივერპულის" შემდეგ, რომელმაც 1982 წლის შემდეგ პირველად მოახერხა ერთი კალენდარული წლის განმავლობაში 100 გოლის გატანა ("ლივერპულის" 35 წლის წინანდელი შედეგი 106 გოლი იყო). "სიტის" შეუძლია ამ რეკორდის დამხობა, იქიდან გამომდინარე, რომ ამ წლის ბოლომდე კიდევ 2 მატჩი აქვს ჩასატარებელი.
  • რაჰიმ სტერლინგს ამ სეზონში "სიტის" 16 გოლში აქვს მონაწილეობა მიღებული (12 გოლი, 4 საგოლე პასი).
  • სერხიო აგუერომ ერთ მატჩში ორი თავური გოლი პირველად გაიტანა მას მერე, რაც ევროპის ტოპ-ჩემპიონატებში თამაშობს. ამასთან, არგენტინელის პირველი თავური "ბორნმუთის" კარში იყო "ეტიჰადზე" მის მიერ გატანილი მე-100 გოლი.
  • ჯეიმი ვარდი გახდა "ლესტერის" პირველი ფეხბურთელი, ვინც ინგლისის მთავარ ლიგაში 50 გოლი გაიტანა. ამას გარდა, გოლების 42% (21 გოლი 40 მატჩში) მას "დიდი ექვსეულის" გუნდების კარში აქვს გატანილი. ამ მხრივ, ის ჩამორჩება მხოლოდ სერხიო აგუეროს, რომელსაც ამდენივე გოლი 30 მატჩში აქვს გატანილი.
  • ხუან მატამ "ლესტერთან" ბოლო 4 პრემიერლიგურ მატჩში 5 გოლში მიიღო მონაწილეობა (4 გოლი, 1 საგოლე პასი).
  • 2016 წლის იანვრის შემდეგ "ვესტ ბრომვიჩი" პირველი გუნდია პრემიერლიგაში, რომელსაც 17 (და მეტი) მატჩია არ მოუგია (თავისი ანტირეკორდი). მანამდე იყო "ასტონ ვილა", რომელსაც 19-მატჩიანი მოუგებელი სერია ჰქონდა.
პრემიერლიგა. XIX ტური
არსენალი-ლივერპული 3:3
გოლები: 0:1 კოუტინიო (26), 0:2 სალაჰი (52), 1:2 სანჩესი (53), 2:2 ჯაკა (56), 3:2 იოზილი (58), 3:3 ფირმინო (71)
არსენალი (4-2-3-1): ჩეხი - ბელერინი, კოსიელნი, მონრეალი (46. მუსტაფი), მეტლენდ-ნაილსი - უილშირი, ჯაკა - ივობი (78. უელბეკი), იოზილი, სანჩესი (89. უოლკოტი) - ლაკაზეტი.
ლივერპული (4-4-2): მინოლე - გომესი, ლოვრენი, კლავანი, რობერტსონი - ჰენდერსონი (13. მილნერი), ჩანი, მანე (80. ვეინალდუმი), კოუტინიო (84. ოქსლეიდ-ჩემბერლენი) - სალაჰი, ფირმინო.

ევერტონი-ჩელსი 0:0
ჩელსი (3-4-2-1): კურტუა - ასპილიკუეტა, კრისტენსენი, რიუდიგერი - მოზესი (81. ძაპაკოსტა), კანტე, ბაკაიოკო, ალონსო - ვილიანი (71. ბატშუაი), პედრო (63. ფაბრეგასი) - აზარი.

ბრაიტონი-უოტფორდი 1:0
გოლი: 1:0 გროსი (65)

მანჩესტერ სიტი-ბორნმუთი 4:0
გოლები: 1:0 აგუერო (27), 2:0 სტერლინგი (53), 3:0 აგუერო (80), 4:0 დანილო (85)
სიტი (4-3-3): ედერსონი - უოლკერი, კომპანი, ოტამენდი, დელფი (81. დანილო) - ფერნანდინიო, დავიდ სილვა, დე ბრუინი (74. გიუნდოგანი) - სტერლინგი, სანე (67. ბერნარდო სილვა), აგუერო.

საუთჰემპტონი-ჰადერსფილ. 1:1
გოლები: 1:0 ოსტინი (24), 1:1 დეპუატრი (64)

სტოკი-ვესტ ბრომვიჩი 3:1
გოლები: 1:0 ალენი (19), 2:0 ჩუპო-მოტინგი (45), 2:1 რონდონი (51), 3:1 ზობი (90+5)

სუონსი-კრ. პალასი 1:1
გოლები: 0:1 მილივოიევიჩი (59-პენ), 1:1 ჯ. აიუ (77)

ვესტ ჰემი-ნიუკასლი 2:3
გოლები: 1:0 არნაუტოვიჩი (6), 1:1 სევე (10), 1:2 დიამი (52), 1:3 ატსუ (60), 2:3 ა. აიუ (68)
გამოუყენებელი პენალტი: ა. აიუ (56. ვესტ ჰემი)

ბარნლი-ტოტენჰემი 0:3
გოლები: 0:1 კეინი (7-პენ), 0:2 კეინი (69), 0:3 კეინი (79)
ტოტენჰემი (4-2-3-1): ლორისი - ორიე, დავინსონი, ვერტონგენი, ბ. დევისი - სისოკო, დაიერი (83. ლამელა) - ერიქსენი, ალი (87. ლორენტე), სონი (78. დემბელე) - კეინი.

ლესტერი-მანჩესტერ იუნ 2:2
გოლები: 1:0 ვარდი (27), 1:1 მატა (40), 1:2 მატა (60), 2:2 მაგუაირი (90+4)
მანჩესტერი (4-2-3-1): დე ხეა - ლინდელიოფი, სმოლინგი, ჯოუნსი, იანგი - მატიჩი, პოგბა - მატა (83. მხითარიანი), ლინგარდი (76. ერერა), მარსიალი (71. რაშფორდი) - ლუკაკუ.

ბომბარდირები: 15 - მოჰამედ სალაჰი (ლივერპული), ჰარი კეინი (ტოტენჰემი); 12 - რაჰიმ სტერლინგი (მანჩესტერ სიტი), სერხიო აგუერო (მანჩესტერ სიტი); 10 - რომელუ ლუკაკუ (მანჩესტერ იუნ), უეინ რუნი (ევერტონი).

მომდევნო ტური
26 დეკემბერი: ტოტენჰემი-საუთჰემპტონი, ბორნმუთი-ვესტ ჰემი, ჩელსი-ბრაიტონი, ჰადერსფილდი-სტოკი, მანჩესტერ იუნაიტედი-ბარნლი, უოტფორდი-ლესტერი, ვესტ ბრომვიჩი-ევერტონი, ლივერპული-სუონსი
27 დეკემბერი: ნიუკასლი-მანჩესტერ სიტი
28 დეკემბერი: კრ. პალასი-არსენალი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
გერმანიის, საფრანგეთის, ესპანეთის და ინგლისის ჩემპიონები გარკვეულია...
მუსენბეზი
18:35 25-12-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული