ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი. I მატჩები: ითამაშებს თუ არა ხოჭოლავა "რომასთან"?

AutoSharing Option
დღეს ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის პირველი მატჩების ბოლო დღეა - გათამაშებაში ჩაებმება ჟოზე მოურინიოს "მანჩესტერ იუნაიტედი".

ჩვენთვის კი ხარკოვული მატჩი უფრო საინტერესოა, რადგან ლიგის პლეი-ოფში 10-წლიანი პაუზის შემდეგ შეიძლება ქართველი ვიხილოთ.

ხარკოვში დონეცკის "შახტარი" დავით ხოჭოლავასთან ერთად "რომასთან" დაპირისპირებისთვის ემზადება. უეფას ოფიციალურ საიტს თუ ვენდობით, ქართველი მცველი სასტარტო შემადგენლობაში არ მოიაზრება. იმედია, საქმე სხვაგვარადაა, მით უფრო, რომ ხოჭოლავამ "შახტარის" წინა მატჩში შეუცვლელად ითამაშა.

ეს გუნდები ოთხჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამჯერ უკრაინელებმა მოიგეს, ერთხელ კი იტალიელებმა იმარჯვეს. განსაკუთრებით აღსანიშნავია მათი 7
წლის წინანდელი დაპირისპირება ზუსტად ამავე ეტაპზე ლიგაში. მაშინ ორივე მატჩი "შახტარმა" მოიგო, ბურთების საერთო შეფარდებით 6:2. "რომას" ამ ეტაპზე 6-ჯერ უთამაშია, მაგრამ ბოლო ათი წელია, რაც იტალიური კლუბი ამ ეტაპს ვერ გასცდენია.

პაულუ ფონსეკა ("შახტარის" მწვრთნელი): "ეს იქნება ძალიან დაძაბული, ტაქტიკური მატჩი. არც ერთი გუნდი არ უღალატებს საკუთარ საფეხბურთო პრინციპებს, ამაში ღრმად ვარ დარწმუნებული. "რომა" დიდებული გუნდია, ბრწყინვალე მწვრთნელითა და დიდი ფეხბურთელებით. მე ვერ შევადარებ დღევანდელ "შახტარს" იმ გუნდს, რომელმაც 2011 წელს ლუჩესკუს დროს აჯობა "რომას". დღეს ჩვენ სრულიად განსხვავებული გუნდი ვართ. სხვაობა თამაშის სტილშიც კია".

ეუსებიო დი ფრანჩესკო ("რომას" მწვრთნელი): "უნდა ვერიდოთ კონცენტრაციის დაკარგვას, თუნდაც, მცირე ხნით. ხვალინდელ თამაშში გარდამავალი უპირატესობა იქნება, რადგან მეტოქე ბურთთან ძალიან კარგად ურთიერთობს და სულ ჩვენ ვერ გვექნება ინიციატივა. "შახტარს" თავისუფლად შეუძლია, მეტოქე საკუთარ კარს მიაჯაჭვოს. ჩემს გუნდს დიდ პროგრესს ვატყობ და იმედი მაქვს, ამას ხვალ ყველა კარგად დაინახავს. უნდა შევეცადოთ და ბოლო დროს "აკრეფილი" ფორმა არ გავანიავოთ".

  • 2010/11 წლების სეზონის მერვედფინალში "შახტარმა" "რომას" ორივე მატჩი მოუგო.
  • ეს ერთადერთი შემთხვევაა, როცა უკრაინულმა კლუბმა ლიგის მერვედფინალში იმარჯვა.
  • მეშახტეებმა ევროსარბიელზე ბოლო 13 საშინაო მატჩიდან მხოლოდ 1 წააგეს.
  • საპასუხო მატჩი 13 მარტს "ოლიმპიკოზე" გაიმართება.

ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 23:45
შახტარი-რომა

სავარაუდო შემადგენლობები
შახტარი (4-2-3-1): პიატოვი - დოდო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი - ფრედი, სტეპანენკო - მარლოში, ტაისონი, ბერნარდი - ფერეირა
არ ითამაშებს: სრნა (დისკვ), მალიშევი
საეჭვოა: ბერნარდი

რომა (4-2-3-1): ალისონი - ბრუნო პერესი, ფასიო, მანოლასი, კოლაროვი - დე როსი, სტროტმანი - უნდერი, ნაინგოლანი, პეროტი - ჯეკო
არ ითამაშებს: კარსდორპი, გონალონი, პელეგრინი
საეჭვოა: ფლორენცი

* * *

ჟოზე მოურინიო ოთხჯერ სტუმრობდა "სანჩეს პისხუანს" "რეალის" მწვრთნელის რანგში და ანდალუსიელებთან დაპირისპირებაში წარმატებული იყო, მაგრამ ამჯერად, ჟოზემ იქ "მანჩესტერ იუნაიტედი" ჩაიყვანა.

მართალია, "იუნაიტედს" "სევილიას" წინააღმდეგ ჯერ არ უთამაშია, მაგრამ გუნდს ბოლო დროს ძალიან კარგი შედეგები აქვს ესპანეთში - ბოლო 8 სტუმრობიდან მხოლოდ ერთი გამოდგა მარცხიანი.

თუკი "სევილია" ინგლისურ კლუბს გაივლის, ეს ესპანური კლუბისთვის ახალი მიღწევა იქნება, რადგან "სევილიას" არასოდეს დაუძლევია მერვედფინალური ეტაპი. მანამდე სამი ცდა წარუმატებელი გამოდგა. ვინჩენცო მონტელა დეკემბერში ჩაუდგა კლუბს სათავეში. ასე რომ, ლიგისთვის იტალიელი ფაქტობრივად ახალწვეულია.

"იუნაიტედი" მერვედფინალში 2013/14 წლების სეზონის მერე პირველად თამაშობს და მასაც ბევრი აქვს დასამტკიცებელი.

"სევილია" მებრძოლი გუნდია. ყველას კარგად ახსოვს ჯგუფური ეტაპის მატჩი "ლივერპულთან", რომელსაც ანდალუსიელები 0:3-ს აგებდნენ, მაგრამ საბოლოოდ 3:3 ითამაშეს.

ვინჩენცო მონტელა ("სევილიას" მწვრთნელი): "ჩემთვის დიდი სტიმულია ჟოზე მოურინიოს გუნდის წინააღმდეგ თამაში. ის ნამდვილი პიონერია ჩვენთვის. მე მის წიგნებს ვკითხულობდი, მის ტაქტიკას ვარჩევდი, მისგან ბევრი მაქვს ნასწავლი. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ კარგ ფიზიკურ ფორმაში ვიყოთ".

ჟოზე მოურინიო ("მანჩესტერის" მწვრთნელი): "სევილიას" მტკიცე ხასიათი აქვს, რომელიც პლეი-ოფში ყოველთვის დაფასებულია. ეს არის კოპა დელ რეისა და ევროპალიგის გუნდი. ახლა მათ აქვთ შანსი, ეს მენტალიტეტი უდიდეს საკლუბო პირველობაზე გადმოიტანონ.

როგორც წესი, ვამბობ ხოლმე, რომ ლიგის მოგებაზე ოცნება იწყება მეოთხედფინალიდან და არა ახლა, მერვედფინალი მაინც ძალიან შორეული ეტაპია საამისოდ.

როცა გუნდი რვა საუკეთესოში გადის, რაც უნდა არ იყოს ფავორიტი, მისგან ყველაფერია მოსალოდნელი. მხოლოდ ხვალინდელი მატჩი ვერაფერს გადაწყვეტს, თუმცა ის ძალიან მნიშვნელოვანია".

  • "სევილია" და "მანჩესტერ იუნაიტედი" ევროთასებზე პირველად ხვდებიან ერთმანეთს.
  • "სევილიამ" 2016 წელს მოიგო ევროპალიგა, "მანჩესტერმა" - 2017 წელს.
  • "რეალის" მწვრთნელობისას ჟოზე მოურინიომ "სევილია" 7-ჯერ დაამარცხა (8 მატჩიდან).
  • საპასუხო მატჩი "ოლდ ტრეფორდზე" 13 მარტს გაიმართება.

ოთხშაბათი, 21 თებერვალი, 23:45
სევილია-მანჩესტერ იუნ

სავარაუდო შემადგენლობები
სევილია (4-2-3-1): ს. რიკო - ხესუს ნავასი, მერკადო, ლონგლე, ესკუდერო - ნ"ზონზი, ბანეგა - მურიელი, ფ. ვასკესი, სარაბია - ბენ იედერი
არ ითამაშებს: კარისო
საეჭვოა: კორეა, კიაერი

მანჩესტერ იუნაიტედი (4-2-3-1): დე ხეა - ვალენსია, ლინდელიოფი, ბაილი, იანგი - მატიჩი, ბლინდი - ლინგარდი, ა. სანჩესი, მარსიალი - ლუკაკუ
არ ითამაშებს: როხო, ჯონსი, ფელაინი, იბრაჰიმოვიჩი
საეჭვოა: პოგბა, რაშფორდი, ანდერი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული