ამ შეხვედრას ერთი დიდი დატვირთვა აქვს - სატურნირო თვალსაზრისით "ბაიერნისთვის" ყველაფერი ცხადია. გუნდს ჯიბეში უდევს გერმანიის ჩემპიონის ტიტული. "ლაიპციგი" კი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის.
საქმე სხვა რამეშია - გერმანიის ყველაზე ტრადიციული კლუბი შეეცდება, დაამტკიცოს, რომ იქაური ფეხბურთის ამბიციური ახალმოსახლე მხოლოდ ჯიუტი დებიუტანტია და მეტი არაფერი.
ცნობილია: დაბალი დივიზიონებიდან ბუნდესლიგაში აღზევებული "ლაიპციგი", საკუთარი გულშემატკივრის გარდა,
ორივე გუნდმა ითამაშა ევროთასებზე, თუმცა "ბაიერნმა" მეორე შეხვედრაც ისე მოუგო "ბეშიქთაშს", ხეირიანად ოფლიც არ მოუდენია.
საინტერესო უნდა იყოს შეხვედრა "ვოლფსბურგსა" და "შალკეს" შორის. "ხუმარებს" არ აქვთ ცუდი სეზონი. უბრალოდ, მათ ოდნავ მეტი სტაბილურობა არ აწყენდათ. ჩემპიონთა ლიგის საგზურზე მონადირე "შალკე" ამ თამაშშიც ფავორიტად ითვლება და ზურგს კარგი სტატისტიკაც უმაგრებს.
რა თქმა უნდა, მხოლოდ მოსაგებად გავლენ მინდორზე ის გუნდები, რომელთაც ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვება სურთ. "დორტმუნდს", "ლევერკუზენსა" და "აინტრახტს" სხვა გზა აღარ დარჩენიათ. თანაც, ამ ტურში მათ ისეთი მოწინააღმდეგეები ჰყავთ, საწადელის მიღწევის გვარიანი შანსები აქვთ.
ევროთასები ვახსენეთ და, "ჰანოვერთან" შეხვედრაში გადაღლილი უნდა იყოს "დორტმუნდი", თუმცა ისიც ფაქტია, რომ ამ გუნდს დასვენებულზეც ახასიათებს არასტაბილურობა. საერთოდ, შემადგენლობის გათვალისწინებით, "დორტმუნდი" გერმანიის ჩემპიონობისთვის უნდა იბრძოდეს, თუმცა ყველა ვხედავთ, რეალურად რა და როგორ არის წლევანდელ ბუნდესლიგაში.
ინტრიგა კი ბუნდესლიგას სეზონის ბოლომდე არ მოაკლდება, რაკი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის დიდი ბრძოლაა გაჩაღებული და ამ მარაქაში მყოფი გუნდებისთვის თითოეულ ქულას უდიდესი მნიშვნელობა აქვს.
ფაქტები
- "ფრაიბურგისა" და "შტუტგარტის" ბოლო 3 შეხვედრაში 2,5-ზე მეტი გოლი გავიდა.
- "აუგსბურგმა" ბოლო 4 თამაში მოუგო "ვერდერს".
- "ჰერტამ" ბოლო 10 მატჩში 2,5-ზე ნაკლები გოლი გაიტანა.
- "ვოლფსბურგმა" "შალკეს" ბოლოს 2015 წელს მოუგო.
- "დორტმუნდისა" და "ჰანოვერის" პირველი წრის მატჩი "ჰანოვერის" გამარჯვებით 4:2 დასრულდა.
- "კიოლნისა" და "ლევერკუზენის" ბოლო 3 მატჩში ორივემ გაიტანა მინიმუმ ერთი გოლი მაინც.
- "ლაიპციგი" და "ბაიერნი" ბუნდესლიგაში სამჯერ შეხვდნენ ერთმანეთს და სამივე თამაში "ბაიერნის" გამარჯვებით დასრულდა.
ბუნდესლიგა. XXVII ტური
პარასკევი, 16 მარტი
ფრაიბურგი-შტუტგარტი 1:2
შაბათი, 17 მარტი
გლადბახი-ჰოფენჰაიმი 18:30
აინტრახტი-მაინცი 18:30
აუგსბურგი-ვერდერი 18:30
ჰამბურგი-ჰერტა 18:30
ვოლფსბურგი-შალკე 21:30
კვირა, 18 მარტი
დორტმუნდი-ჰანოვერი 16:30
კიოლნი-ლევერკუზენი 18:30
ლაიპციგი-ბაიერნი 21:00
ბომბარდირები: 23 - რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი); 13 - პიერ-ემერიკ ობამეიანგი (დორტმუნდი); 12 - ნილს პეტერსენი (ფრაიბურგი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"