ტოპ-კლუბები უსახელო ფეხბურთელებში ათეულობით მილიონს იხდიან - რატომ ხდება ასე?

AutoSharing Option
შვიდი წლის წინათ 10 მილიონ ევროზე მეტ ფულს მხოლოდ მეტ-ნაკლებად ცნობილი სახელის მქონე და პოპულარულ ფეხბურთელებში იხდიდნენ, ან სპორტული აგენტების მიერ გაპიარებულ თინეიჯერებში, რომლებთაც დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ.

ახლა კლუბები მზად არიან, სოლიდური თანხა მიაყარონ უსახელოებს, რომელთა შესახებ ევროპამ თითქმის არაფერი იცის.

ამის მიზეზი ბანალურია: მუშაობა პერსპექტივისთვის და თუ ადრე, პირობითად თუ ვიტყვით, "ჩელსის" მსგავსი რომელიმე კლუბი მცირე თანხით 10 თუ 20 ახალგაზრდას იძენდა, რომლებსაც შემდეგ წლობით აძლევდა სხვებს იჯარით, ახლა ევროპული კლუბები სოლიდურ ფულს დეტალურად განკარგავენ, ანუ იძენენ ბევრისთვის ნაკლებად
ცნობილ, მაგრამ მართლაც პერსპექტიულ კადრებს, რომლებიც ჯერ კიდევ მოზარდობის ხანიდან ჰყავთ მონიშნული და აკვირდებიან.

"ბოკა ხუნიორსის" 19 წლის მცველის, ლეონარდო ბალერდის ტრანსფერი დორტმუნდის "ბორუსიაში" 15 მილიონ ევროდ - ზემოთ ხსენებული ტენდენციის კიდევ ერთ დადასტურებას წარმოადგენს.

მოდით, გადავხედოთ, კიდევ რა გარიგებები განახორციელეს ევროპულმა კლუბებმა ამ ზამთარს. დაიმახსოვრეთ ეს გვარები, რომ შემდეგ მეგობრების წინაშე წაიტრაბახოთ - თქვენზე პირველად მე გავიგე მათ შესახებო.

ალფონსო დევისი
  • "ვანკუვერ უაიტკეპსიდან" "ბაიერნში" 10 მილიონ ევროდ გადავიდა
რეაქტიული 18 წლის ვინგერი, რომელმაც MLS პირდაპირ გააოცა. მასზე უფრო მეტად მხოლოდ ზლატანზე თუ ლაპარაკობდნენ. ალფონსო დევისი განელ ემიგრანტთა შთამომავალია, რომლებიც კანადაში დასახლდნენ. MLS-ის 65 მატჩში მან 8 გოლი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა განახორციელა. რა თქმა უნდა, მაინცდამაინც გადასარევი სტატისტიკა არ არის, მაგრამ "ბაიერნის" სკაუტებმა ალფონსოში არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის მემკვიდრის ნიშნები დაინახეს. გარიგება იმავ წუთს დაიდო, როგორც კი გამოსასყიდი თანხის რაოდენობა გახდა ცნობილი.

Sportall.Ge

დიეგო ლაინესი
  • "ამერიკიდან" "ბეტისში" 14 მილიონად ევროდ გადავიდა
მოკრძალებულმა "ბეტისმა" ფორვარდ დიეგო ლაინესის სანაცვლოდ 14 მილიონი ევრო გადაიხადა. არადა, Transfermarkt-მა იგი მხოლოდ 1.5 მილიონ ევროდ შეაფასა. დიდების ფეხბურთში დიეგო ლაინესმა მხოლოდ 18 მატჩი ითამაშა, ხუთი გოლი გაიტანა, მაგრამ ესეც საკმარისი აღმოჩნდა, რომ ესპანეთის "ლა ლიგის" კლუბთან კონტრაქტი დაედო. ვერაფერს იტყვი - 18 წლის ბიჭმა სტარტი ენერგიულად აიღო...

ლეონარდო ბალერდი
  • "ბოკა ხუნიორსიდან" "ბორუსიაში" 15 მლნ ევროდ გადავიდა
ეს ყველაზე დასამახსოვრებელი ისტორიაა - თუ როგორ წამოიყვანა "ბორუსიამ" არგენტინიდან 19 წლის მცველი, რომელმაც მიმდინარე სეზონში მხოლოდ ხუთი მატჩი ითამაშა და რომელიც, Transfermarkt-ის შეფასებით, 2.5 მილიონი ევრო თუ ღირს.

ერთი მხრივ, ეს მართლაც ფულის თითქოსდა საეჭვო ხარჯვაა, მაგრამ მეორე მხრივ - იმავე "ბორუსიას" აქვს დანა-აქსელ ზაგადუს მაგალითი, რომელიც კლუბმა სრულიად მუქთად შეიძინა "პარი სენ-ჟერმენის" ახალგაზრდული შემადგენლობიდან და რომელიც ახლა ჩემპიონთა ლიგის მატჩებს ძირითად შემადგენლობაში თამაშობს. განა კიდევაა საჭირო რაიმე დამატებითი მტკიცებულება იმისათვის, რომ სატრანსფერო ბაზარი იცვლება?

Sportall.Ge

ბრაიმ დიასი
  • "მანჩესტერ სიტიდან" "რეალში" 17.3 მილიონ ევროდ გადავიდა
ეს პერსპექტივაზე მუშაობის კიდევ ერთი მაგალითია. ცოტა ვინმეს თუ აქვს იმის ეჭვი, რომ ბრაიმ დიასი პირველ თვეებს "კასტილიაში" გაატარებს, თუმცა მან უკვე მოასწრო ძირითად გუნდში დებიუტი. მაგრამ "რეალისათვის" მნიშვნელოვანია წინასწარ მოამზადოს გარეთ ბეილის, ისკოსა და ქარიმ ბენზემას შემცვლელი, რათა შემდეგ ზედმეტი ათობით მილიონი არ გადაიხადოს სხვა გაპიარებულ მოთამაშეებში. სხვათა შორის, გასულ ზაფხულს "ბორუსიამ" უკვე წაიყვანა მცირე თანხის სანაცვლოდ "სიტის" აკადემიიდან ჯეიდონ სანჩო და არც უნანია. როგორც ჩანს, "რეალმაც" იგივე გზა აირჩია.

Sportall.Ge

ამადუ აიდარა
  • "ზალცბურგიდან" "ლაიპციგში" 18 მილიონ ევროდ გადავიდა
გერმანიაში "ლაიპციგი" არ უყვართ კონცერნ "რედ ბულის" ინვესტიციების გამო, მაგრამ "სიტისა" და პსჟ-სგან განსხვავებით, "ლაიპციგში" უპირატესობას ახალგაზრდა ტალანტებთან მუშაობას ანიჭებენ, მათი შემდგომი გადაყიდვის მიზნით. აქ ჰყავთ რამდენიმე ძალიან პერსპექტიული ახალგაზრდა - ვერნერი, უპამეკანო, კონატე, ოგუსტენი. ახლა მათ მიემატება 20 წლის ცენტრალური მცველი ამადუ აიდარა, რომელიც ავსტრიის ჩემპიონატიდან საკმაოდ სერიოზული თანხის სანაცვლოდ წაიყვანეს.

დომინიკ სოლანკე
  • "ლივერპულიდან" "ბორნმუთში" 21 მილიონ ევროდ გადავიდა
ცოტა განსხვავებული, მაგრამ ესეც საჩვენებელი ისტორია. 2017 წლის ზაფხულში "ლივერპულმა" დომინიკ სოლანკე "ჩელსის" აკადემიიდან წაიყვანა. წლინახევრის განმავლობაში ფორვარდმა მხოლოდ ორი გოლი გაიტანა, თითქმის არ ჩნდებოდა გუნდის შემადგენლობაში, მაგრამ მაინც 21 მილიონ ევროდ გაიყიდა. ეს, უპირველეს ყოვლისა, აჩვენებს, თუ რა ფასებია ინგლისის პრემიერლიგაში, თუმცა, იმავდროულად, ქმნის აზრს, რომ ლიგის საშუალო შესაძლებლობების კლუბებიც კი მზად არიან, დიდი ფული გადაიხადონ ისეთი ფეხბურთელისთვის, რომელმაც დიდების დონეზე ვერაფერი შედეგი ვერ აჩვენა.

ლუკას პაკეტა
  • "ფლამენგოდან" "მილანში" 35 მილიონ ევროდ გადავიდა
ბრაზილიური საზომებით - ლუკას პაკეტა ამომავალი ვარსკვლავია. 10 გოლი 32 მატჩში, "ფლამენგოს" მაისურით გასულ სეზონში - კარგი, მაგრამ არა საუკეთესო მაჩვენებელია.

მიუხედავად ამისა, გოლების გამტანი ფორვარდის ძიებაში "მილანმა", იტალიური საზომებით ძალიან სოლიდური ფული გადაიხადა ფეხბურთელის სანაცვლოდ, რომელმაც მხოლოდ ერთი სეზონი ჩაატარა მაღალ დონეზე. ისევე, როგორც ზემოთ ნახსენები კლუბები, "მილანიც" მზადაა, გარისკოს. ეს ადასტურებს იმას, რომ ახალგაზრდა "უსახელოების" შეძენა სოლიდური თანხებით ევროპაში თანდათან ტენდენცია ხდება.

Sportall.Ge

altზამთრის სატრანსფერო ფანჯარა [განახლებადი]


ავტორი: სიმონ კილაძე
მომზადებულია sport24-ის მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული