რობერტო კარლოსი: ამ მწვრთნელმა ბოლო მომიღო, ფეხბურთის არაფერი ესმოდა

AutoSharing Option
მადრიდის "რეალის" და მსოფლიო ფეხბურთის ბრაზილიელმა ლეგენდამ, რობერტო კარლოსმა თავისი იტალიური გამოცდილება გაიხსენა და "ინტერის" დატოვებაზე ისაუბრა.

სანამ ცაცია ბრაზილიელი "სანტიაგო ბერნაბეუს" დაიპყრობდა, პირველი ევროპული გუნდი მისთვის მილანის "ინტერი" იყო, სადაც 1995 წელს ხავიერ ძანეტისთან ერთად მივიდა.

საწყის თამაშებში რობერტო კარლოსმა საკუთარი კლასი ყველას აჩვენა, მარცხენა ფლანგზე სამბას მოძრაობებით საოცრებებს სჩადიოდა და გოლებიც გაჰქონდა.

თუმცა, "ნერაძურის" სათავეში როი ჰოჯსონის მოსვლის შემდეგ ყველაფერი შეიცვალა.

"როი ჰოჯსონმა ბოლო მომიღო", - თქვა კარლოსმა.

"ის ცენტრალურ ნახევარმცველად მათამაშებდა. ასე გაგრძელების შემთხვევაში 1997 წლის კოპა
ამერიკაზე ბრაზილიის ნაკრებში თამაშის შანსიც არ მექნებოდა.

აქ საუბარი არაა იმაზე, რომ მე და ჰოჯსონი ვერ ვეწყობოდით. საქმე იმაშია, რომ მას ფეხბურთში არაფერი გაეგებოდა", - დაამატა რობერტომ.

ჰოჯსონი თვლიდა, რომ კაროლოსს მარცხენა ფლანგზე სათამაშოდ საკმარისი დისციპლინა არ ჰქონდა და მას ფელიჩე ჩენტოფანტის ამჯობინებდა. ბრიტანელმა არც ეს იკმარა და მარცხენა მცველად ალესანდრო პისტონე მიიყვანა, რამაც ბრაზილიელს "ჯუზეპე მეაცას" დატოვებისკენ უბიძგა.

"მორატის ველაპარაკე და წასვლა ვთხოვე. ასეც მოხდა. მადრიდში გადავედი, იქ კი კაპელო დამხვდა, რომელიც ჩემს ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი მწვრთნელი იყო", - თქვა რობერტო კარლოსმა.

47 წლის რობერტო კარლოსმა კარიერა 2015 წელს დელის "დინამოს" შემადგენლობაში დაასრულა, ხოლო 72 წლის როი ჰოჯსონი ამჟამად "კრისტალ პალასს" წვრთნის.

მომზადებულია marca-ს მიხედვით

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული