გაბრიელ რამოსი: ო, ბათუმი! - საქართველოში რაღაცას მივაღწიე და დაბრუნება არ მინდოდა

AutoSharing Option
ბათუმის "დინამოდან" ჟოდინოს "ტორპედო-ბელაზში" გადასულმა ბრაზილიელმა თავდამსხმელმა გაბრიელ რამოსმა აღაფრთოვანა ბელარუსი გულშემატკივრები. მან "პრესბოლთან" ინტერვიუში საქართველოს შესახებაც ვრცლად ისაუბრა.

- ქართული და ბელარუსული სამზარეულო როგორ მოგწონს?
- თქვენი ბრინჯი სულ სხვანაირია, ქართულისგან განსხვავებულია, მით უმეტეს, ბრაზილიურისგან. ჩვენი მზარეულები ბაზაზე ხორცისგან გემრიელ კერძებს ამზადებენ. რა თქმა უნდა, ყოველ კვირაში საქართველოში მწვადს მივირთმევდი. ადგილობრივები მისი მომზადების ნამდვილი სპეციალისტები არიან.

- რატომ წახვედი ბრაზილიიდან საქართველოს მეორე ლიგაში? უჩვეულო არჩევანია...
- მე მართლა კარგი რეზიუმე მაქვს. დიდ გუნდებში ვიყავი, თუმცა სისტემატურად არ ვთამაშობდი. სამშობლოდან პირველად
"გენტში" გადავედი. ბელგიაში ორი თვე დავყავი, მაგრამ კონტრაქტი არ გამიფორმეს. შემდეგ "რიგაში" გავემგზავრე, რომელიც შეკრებას კვიპროსში გადიოდა. ყველაფერი ხელშეკრულების გაფორმებისკენ მიდიოდა, მაგრამ საქმეში ბრმა ნაწლავი ჩაერია. ოპერაცია იქვე გამიკეთეს, გუნდში კი, რა თქმა უნდა, არ დამტოვეს. ბრაზილიაში დავბრუნდი, რამდენიმე თვე აღდგენას მოვუნდი, ხოლო როდესაც არ თამაშობ, შენზე მოთხოვნა და ყურადღება ნაკლებია. კარიერაში შესვენება ყველას აბრკოლებს. ამიტომ მადლობელი ვარ, რომ ბათუმში მიხმეს. საქმე ასარჩევად არ მქონდა და ეს არც იყო საჭირო. თამაში უნდა დამეწყო და რაც შეიძლება მალე. პირველივე სეზონში უმაღლეს ლიგაში გადავედით. მეორე სეზონში ვერცხლის მედლები მოვიპოვეთ. იმ დროზე შესანიშნავი მოგონებები შემომრჩა.

- აჭარაზე რას იტყვი?
- ო, ბათუმი ცნობილი ტურისტული ქალაქია! ჩემთან ერთად ბრაზილიელი ფლამარიონი თამაშობდა. პარკსა და პლაჟზე გავლა გვიყვარდა. ბათუმში გასართობს ყოველთვის იპოვი. იქ ცხოვრება შესანიშნავია! მწვადი, სხვადასხვა ქვეყნიდან ბევრი ტურისტი, უამრავი ლამაზი გოგონა. იმ ქალაქში არ მოიწყენ.

- გულდაწყვეტილი დარჩი, რომ გასულ წელს საქართველოს ჩემპიონი ვერ გახდი?
- რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა პირველ ადგილზე გავსულიყავით. ჩვენ ხომ კლუბის ისტორიაში შევიდოდით, რომელიც არასოდეს არ ყოფილა ჩემპიონი. თუმცა ჩემთვის ასეთი შედეგი ოქროს ტოლფასია, რადგან პირველი ლიგიდან გადასული გუნდისთვის ეს მიღწევაა. ასე რომ, გულდასაწყვეტი არაფერია.

- ბათუმის "დინამო" ევროტურნირებზე მიიღებს მონაწილეობას. რატომ წამოხვედი საქართველოდან?
- ჩემპიონატის დასრულების შემდეგ 5 თვეში მიმთავრდებოდა კონტრაქტი. ბრაზილიაში გავემგზავრე, ახლობლებს დაველაპარაკე და მივხვდი, რომ საქართველოში დაბრუნება არ მინდოდა. იქ ახალს ვეღარაფერს შევიძენდი. ბათუმში რაღაც შედეგებს მივაღწიე და ნაბიჯის წინ გადადგმის დრო დადგა. ახალი გამოწვევა მჭირდებოდა.

- 2019 წლის ჩემპიონატზე გატანილი 4 გოლი შენთვის ცოტა ხომ არაა?
- ბათუმში ფლანგზე ვთამაშობდი. დაცვაში ხშირად მიწევდა ჩასვლა, ართმევაზე ბრძოლა. ამის შემდეგ შეტევაში გასაქცევად ყოველთვის არ მყოფნიდა ძალა. ართმევაზე ჟოდინოშიც შევდივარ ბრძოლაში, მაგრამ აქ დაცვითი ფუნქციებით ნაკლებად ვარ დატვირთული. უფრო ხშირად წინ ვრჩები. ამიტომ იმედია, იმაზე მეტს გავიტან, ვიდრე საქართველოში გამქონდა. მიზანი მაქვს და მისკენ მივისწრაფი.

- საქართველოში ასეთ გოლების გატანა გამოგდიოდა?
- დიახ, საკმაოდ ხშირად შორიდან ვურტყამდი და გამქონდა. ადრე ხშირად ვუყურებდი, როგორ ასრულებდნენ საჯარიმოებს რონალდინიო და კოუტინიო. რიოში მთელ საღამოებს მოედანზე ვატარებდი. კარის კუთხეებში გადასაცმელ მაისურებს ვკიდებდი და მათ ჩამოგდებას ვცდილობდი.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ჟოდინოში რა კლასი უნდა აიმაღლოს, ალბათ ხელფასი შესთავაზეს უკეთესი.
Dato
11:14 15-04-2020
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული