ხელთათმანები გაიხადა და ულამაზესი გოლი შეაგდო - ლეგენდარული მექსიკელის ისტორია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
მექსიკელი მეკარე ხორხე კამპოსი არა მხოლოდ ეგზოტიკური ეკიპირებითა და გრაციოზული სტილით დაგვამახსოვრდა, არამედ თავდასხმაში თამაშითაც. 168 სმ სიმაღლის მეკარემ კარიერაში 38 გოლი გაიატანა, მაგრამ არ აგერიოთ, თუ როჟერიო სენის კარიერაში 131 გოლი აქვს გატანილი, მათი უმრავლესობა სტანდარტულებიდან შეაგდო, კამპოსი კი ზუსტად თამაშიდან ურტყამდა... ერთერთი ასეთი გასროლის შესახებ კი დღეს მოგითხრობთ.

1996 წელს კამპოსი "ატლანტეში" თამაშობდა და "კრუს ასულთან" მატჩი კარებიდან დაიწყო. გუნდს შეტევაში თამაში არ მიდიოდა, ამიტომ მწვრთნელმა არასტანდარტული გადაწვეტილება მიიღო - ხორხე თავდასხმაში გადაიყვანა, კარში კი სარეზერვო კიპერი ჩადგა.

დამრიგებლის ამ გადაწყვეტილებამ იმუშავა - თანაგუნდელის კარგი ჩაწოდების შემდეგ ხორხემ ნახტომში ულამაზესი გოლი გაიტანა... აღსანიშნავია, რომ "პუმასში" გატარებულ სადებიუტო სეზონში კამპოსმა თავდასხმაში თამაშისას 14 გოლი შეაგდო...

წმინდა საფეხბურთო მოქმედებების გარდა კამპოსი ცნობილი მეკარის ფორმებით იყო, რომლის სტილსაც ხშირად იცვლიდა.

"ნათელი ფერები მიყვარს. ამას აკაპულკოში მივეჩვიე, იქ სადაც გავიზარდე, სადაც სერფინგი ვისწავლე. თუ გინდათ, ამას აკაპულკური მოდა უწოდეთ. როცა თავდამსხმელად ვთამაშობ, ჩვეულებრივი მაისურის ტარება მიწევს, კარში კი შეზღუდული არ ვარ,"- იხსენებდა მეკარე.

ასეთი სტილის გამო მას "თუთიყუში" შეარქვეს. 1994 წლის მუნდიალზე მექსიკელი ყველა შეხვედრაში განსხვავებული ფერების მაისურით გამოდიოდა.

კამპოსს ტიტულებიც არ აკლდა. მექსიკის ჩემპიონი ორჯერ გახდა, მოიგო კონკაკაფის ოქროს თასი, MLS, აშშ-ის თასი, კონფედერაციის თასი, ქვეყნის საუკეთესო მეკარე 5-ჯერ გახდა. ეროვნულ ნაკრებში კი ხორხემ 130 მატჩი ჩაატარა - მათი უმრავლესობა 9-ნომრიანი მაისურით.

ერთადერთი რაზეც შეიძლება გული დაგწყდეს ისაა, რომ ლეგენდარულ მეკარეს ევროპაში არასდროს უთამაშია...

მომზადებულია championat-ის მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული