
ამერიკის თასის ნახევარფინალში არგენტინის ნაკრებმა კოლუმბია თერთმეტმეტრიანების სერიაში დაამარცხა და ფინალში მასპინძელ ბრაზილიას დაუპირისპირდება. "ალბისელესტეს" კაპიტანმა ლეო მესიმ მიმდინარე ტურნირზე 4 გოლი გაიტანა, 5 საგოლე გადაცემა გააკეთა და საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტია, ხოლო მისი გუნდი უკანასკნელ 18 შეხვედრაში დაუმარცხებელია.
კოლუმბიასთან მატჩის 49-ე წუთზე "ბოკა ხუნიორსის" მცველმა ფრანკ ფაბრამ ბურთზე ბრძოლაში ლეოს მარცხენა კოჭ-წვივში ფეხი გამეტებით ჩაარტყა და სისხლი წამოუვიდა. მიუხედავად ამისა, მან ბოლომდე ითამაშა. მსაჯმა ფაბრას ყვითელი ბარათიც კი არ უჩვენა, თავად კოლუმბიელმა კი მესის ბოდიში მოუხადა.

პენალტების სერიაში კოლუმბიელი
იერი მინას დარტყმული ბურთი მეკარე ემილიანო მარტინესმა მოიგერია, რის შემდეგაც მესიმ დაუძახა: "მიდი ახლა, იცეკვე, იცეკვე ახლა". ეს TyC Sports-ის ტელეტრანსლაციის ეთერში მოხვდა.
ლიონელმა ამით მეტოქეს გაახსენა, რომ მეოთხედფინალში ურუგვაისთან თერთმეტმეტრიანის გატანის შემდეგ იცეკვა.