კოპა ლიბერტადორესის 1/8-ფინალურ დაპირისპირებაში "ატლეტიკო მინეირომ" "ბოკა ხუნიორსს" პენალტების სერიის წყალობით აჯობა, თუმცა გამარჯვება ჩხუბის ფასად დაუჯდათ.
ორივე მატჩი ფრედ, 0:0 დასრულდა, ხოლო პენალტებში წაგების შემდეგ "ბოკას" ფეხბურთელები და პერსონალის წარმომადგენლები უკმაყოფილო დარჩნენ მსაჯის მოქმედებით, რომელმაც, მათი აზრით, თამაშის დროს არგენტინელების მიერ სამართლიანად გატანილი გოლი არ ჩათვალა.
უკმაყოფილების რეფერების მიმართ გამოსახატავად კლუბის რამდენიმე წარმომადგენელმა და ფეხბურთელმა მსაჯებთან მისვლა სცადა, რისი უფლებაც მათ სტადიონის დაცვამ არ მისცა, შემდეგ კი კონფლიქტში "ატლეტიკო მინეიროს" წარმომადგენლებიც ჩაერთნენ.
ხელჩართული ჩხუბიც გაჩაღდა. "ბოკას" მოთამაშეებმა არად ჩააგდეს ის ფაქტი, რომ უცხო ქვეყანაში ადგილობრივ გუნდს ეთამაშებოდნენ და მეტოქის გასახდელში შეჭრა სცადეს. "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილმა მცველმა მარკოს როხომ ცეცხლმაქრის სროლაც კი სცადა... "ატლეტიკოს" გასახდელის აღების უფლება ბუენოსაირესელებს ბრაზილიის პოლიციამ არ მისცათ და არგენტინელი ფეხბურთელები და პერსონალის წარმომადგენლები ცრემლსადენი გაზის გამოყენებით დაშალა.
კონფლიქტი შეწყდა. "ბოკას" რამდენიმე წარმომადგენელს პატიმრობაც კი ემუქრება, ხოლო კლუბის ლეგენდა ხუან რომან რიკელმემ კოპა ლიბერტადორესზე მსაჯობას სამარცხვინო უწოდა და განაცხადა, რომ ფეხბურთელებისთვის ცრემლსადენი გაზის თვალებში შესხურება არასწორი ნაბიჯი იყო...