მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირის უკანასკნელ ტურში ხორვატიამ სპლიტში რუსეთი 1:0 დაამარცხა, ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მუნდიალზე გავიდა, ხოლო რუსეთს საგზურის მოსაპოვებლად პლეი-ოფში მოუწევს ბრძოლა.
მატჩისას კოკისპირულად წვიმდა, ხილვადობა დაბალი იყო, მოედნის მდგომარეობა კი - საშინელი. მასპინძლები დიდ ტერიტორიულ და სათამაშო უპირატესობას ფლობდნენ, მომენტებიც ჰქონდათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა სტუმართა მეკარე საფონოვი. თითქოს შეხვედრა ფრედ უნდა დასრულებულიყო, თუმცა ხორვატთა გასაკეთებელი საქმე რუსთა მცველმა კუდრიაშოვმა გააკეთა, რომელმაც უწყინარ სიტუაციაში 81-ე წუთზე ბურთს საკუთარ კარში მიუჩინა ადგილი.
მატჩის უკრაინელი კომენტატორი სიხარულისგან კინაღამ გადაირია, ხოლო ua-football-მა მიმოხილვა ირონიულად დაასათაურა: „როგორი სამწუხარო სიახლე! ხორვატია-რუსეთი 1:0“.
ხორვატიულმა გაზეთმა VECERNJI LIST-მა წერილი გამოაქვეყნა სათაურით: „მადლობა, რუსეთო!“.