"სამუდამოდ ჩემს გულში 04.03.09" - მინი-ფრაგმენტი დე პაულის ცხოვრებიდან

AutoSharing Option
"სამუდამოდ ჩემს გულში 04.03.09". - ეს ტატუ როდრიგო დე პაულს მარჯვენა მაჯას უმშვენებს. ტატუ ბაბუამისის ხსოვნას ეძღვნება, რომლის შეგონებითაც თავისი სული და სხეული ფეხბურთს მიუძღვნა.

ბაბუა თავად დაატარებდა ვარჯიშებზე, გასვლითი თუ საშინაო შეხვედრებისას შვილიშვილს მხარს უმაგრებდა და ტრიბუნებიდან ამხნევებდა. ამიტომაცაა, რომ როდრიგო დე პაული ყოველი გოლის შემდეგ მაჯას კოცნის და გოლს ბაბუას ნათელ ხსოვნას უძღვნის, თუმცა ეს ნამდვილად არაა ერთადერთი ტატუ.
მარჯვენა ხელზე მას მორიგი ნიშანი აქვს, მინიშნება 2013 წლის 10 თებერვალზე, დებიუტის დღეზე არგენტინის ჩემპიონატში, რომელიც მისთვის საყვარელი გუნდის,
"რასინგის" მაისურით შედგა. როდრიგო ბელგრანოში გაიზარდა, ბურთის დევნაც აქვე, ადრეულ ასაკში დაიწყო და როცა დრო აქვს, სიამოვნებით უბრუნდება თავის ბავშვობის მეგობრებს დღესაც, გარეთ გადის და ფეხბურთს ეთამაშება.

10 მისი საყვარელი ნომერია და მას სიამაყითა და ამავდროულად, მოკრძალებით ატარებდა "უდინეზეში". თავდაპირველად "უდინეზეს" ქომაგებს არ ეპიტნავებოდათ ის ფაქტი, რომ სრულიად უცნობ არგენტინელს მათი ლეგენდის, ანტონიო დი ნატალეს მაისურის ჩაცმა მიანდეს. როდრიგომაც სწრაფად გააკეთა განცხადება, ყოველგვარი ამბიციური ეჭვი გააქარწყლა და ამით თავისი მოკრძალებული დამოკიდებულება ცხადყო: "10-ნომრიან მაისურს იმიტომ ვატარებ, რომ მომწონს ეს ნომერი, ჩემი საყვარელი ნომერია, მაგრამ ის "უდინეზეში" მე არ მეკუთვნის. ეს ნომერი აქ მუდამ დი ნატალესი იქნება, სამარადჟამოდ".

დე პაული "უდინეზეს" შემდეგ "ატლეტიკოში" გადავიდა და სიმეონეს გუნდში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. "კოპა ამერიკის" ფინალში ბრწყინვალედ წარდგა მაყურებლების წინაშე, "მარაკანაზე" მოგებულ ფინალში საგოლე გადაცემა შეასრულა და მსოფლიო ჩემპიონატზეც ითამაშა იმ ღირსებით, როგორიც თავისი ქვეყნისთვის თავგანწირულ მოთამაშეებს მოეთხოვებათ.

მკითხველის კომენტარები / 2 /
როდრიგო დე პაული, მაგრად მომწონს თავისი ხასიათიდან გამომდინარე! ადამიანი რომელიც სულ იღიმის, მღერის, ცეკვავს, არ შეიძლება ცუდი პიროვნება იყოს! ერთი სიტყვით ნაკრების ყველაზე პოზიტივი ტიპი!
გია
12:57 23-12-2022
2
სიმბოლურ ნაკრებში მოხვედრას აშკარად იმსახურებდა
ლექსო
17:06 24-12-2022
1

სიახლეები პოპულარული