ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ფინალში ინგლისმა ესპანეთი 1:0 დაამარცხა.
პირველი ტაიმი გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა, თამაში ლამაზი სანახავი იყო, უფრო რეალური მომენტები ინგლისელებს ჰქონდათ: ჯერ კოლვილის თავით დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა, კომპენსირებულ დროში კი ჯონსმა თავისი გუნდი დააწინაურა, რის შემდეგაც კოლვილმა ესპანელთა სათადარიგოთა სკამთან მიირბინა, შეხლა-შემოხლას ჰქონდა ადგილი და მსაჯმა ინგლისელთა მწვრთნელის ასისტენტი კოული გააძევა.
მეორე ტაიმის დასაწყისში ესპანელებმა შეუტიეს, აბელ რუისის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, მერე მისი თავური მიზანს ოდნავ ასცდა. ინგლისელებმა სახიფათო კონტრიერიშებით უპასუხეს, შანსებიც მიეცათ, მაგრამ მოწოდების სიმაღლეზე იდგა მეკარე ტენასი. ბოლოს ესპანელთა შტურმმა შედეგი გამოიღო, აქტიურმა აბელ რუისმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თავადვე შეასრულა, თუმცა მეკარე ტრეფორდმა არ გაატანინა და ინგლისმა გაიმარჯვა. აღსანიშნავია, რომ არბიტრმა შეხვედრის დასასრულს ესპანელ ანტონიო ბლანკოს და ინგლისელ გიბს-უაიტს უჩვენა წითელი ბარათები.
ინგლისმა ექვსივე მატჩი გოლგაუშვებლად მოიგო და 39 წლის შემდეგ პირველად გახდა ტურნირის გამარჯვებული.
ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“. 18 884 მაყურებელი
ინგლისი - ესპანეთი
გოლი: ჯონსი (45+4)
გამოუყენებელი პენალტი: აბელ რუისი (90+9)
გაძევება: ანტონიო ბლანკო (90+10), გიბს-უაიტი (90+11)