კიევის "დინამოში" 21 წლის ნახევარმცველ ვლადიმირ ბრაჟკოს პირველ გუნდში არც ერთ ოფიციალურ მატჩში არ მიუღია მონაწილეობა, უკრაინის 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის განაცხადში ვერ მოხვდა, გასული წლის ზაფხულში ორწლიანი იჯარით "ზორიაში" გაუშვეს, რომლის რიგებში 29 შეხვედრაში 7 გოლი გაიტანა.
ბრაჟკოს 4 მილიონ ევროდ (პლუს ბონუსები) შეძენის სურვილი "ტორინომ" გამოთქვა, რაზეც კომენტარი კიევის "დინამოს" პრეზიდენტმა იგორ სურკისმა გააკეთა. "ეს შეთავაზება დამამცირებელია. ვლადიმერ ბრაჟკო ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი ნახევარმცველია და მომავალში ჩვენს გუნდს სარგებელს მოუტანს. ჩვენი ნიჭიერი ფეხბურთელების შეძენა ყველას კაპიკებად სურს.
თუ მოთამაშეების 4 მილიონად გაყიდვას დავიწყებ, მაშინ გუნდი არ მეყოლება.
უნდა გავყიდოთ ისე, როგორც ეს ზაბარნის და მიკოლენკოს შემთხვევაში გავაკეთეთ. როდესაც შევჩენკო "დინამოში" თამაშს იწყებდა, 3 მილიონს გვთავაზობდნენ, მაგრამ ვიცოდით, რომ უფრო ძვირი ეღირებოდა", - ციტირებს იგორ სურკისს ჟურნალისტი ვლადიმერ ზვეროვი.