* * *
"პელე აუცილებლად უნდა დაუბრუნდეს მუზეუმს", - მას მერე, რაც პელემ გადაწყვიტა დაეცვა ყველასგან გაკრიტიკებული 2010 წლის ოფიციალური ბურთი "ჯაბულანი". დიეგომ აღნიშნა, რომ პელეს გაცილებით უხდება მდუმარე არტეფაქტის როლი, ვიდრე ანალიტიკოსის.* * *
"აშკარად შეცდომით დალია წამალი - პელეს ძილისწინა აბები აერია დილისაში. იმედია, მომავალში ის ამ შეცდომას გამოასწორებს * * *
"რატომ მადარებთ პელეს? დედაჩემმა მითხრა, რომ მე უფრო ძლიერი ვიყავი, ის ხომ ისეთ ფეხბურთელებს ეთამაშებოდა, რომელთაც მოძრაობაც არ შეეძლოთ", - ამით დიეგომ ხაზი გაუსვა 50-იანი და 60-იანი წლების ფეხბურთის ნაკლებ ათლეტურობას. * * *
"როდესაც კრიშტიანო რონალდოს ოქროს ბურთის გამარჯვებულად აცხადებდა, მან თქვა - კრიშტიანო ლეონარდო. ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მისი ადგილი მუზეუმშია", - ციურიხში პელეს მართლაც აერია კრიშტიანო რონალდოს სახელი. * * *
"ღმერთო ჩემო, რა სისულელეა! შესაძლოა ნეიმარი მართლაც არის საუკეთესო ფეხბურთელი პლანეტაზე, მაგრამ მაშინ უნდა აღიაროს, რომ მესი უცხოპლანეტელია", - ვერაფრით მოინელა დიეგომ ნეიმარის საუკეთესოობა. * * *
"იცით, რატომ არ მიყვარს, პელეს რომ მადარებენ? იმიტომ, რომ სისულელეებს ლაპარაკობს და თან არ ჩერდება", - 2013 წელს მარადონამ კიდევ ერთხელ შეახსენა პელეს, რომ სწორად არ სვამს ექიმისგან გამოწერილ წამალს. * * *
"ყველაზე კარგი ჩემზე და მესიზე როცა ლაპარაკობენ ისაა, რომ ამ დროს ფიფაში ერთი ფერადკანიანი იბოღმება", - დიეგოს აზრით, პელე შურიანია.* * *
"ეს, ალბათ, მისი ასაკის ბრალია, ტვინი ძველებურად ვეღარ მუშაობს. მოდი, მას ნურაფერს დავაბრალებთ - ბოლო 20 წელიწადია, უსაქმურადაა. სუპერმარკეტშიც კი არავის უნახავს. რას საქმიანობს, იცის ვინმემ?" - 2012 წელს პელემ თქვა, რომ მესი ვერასოდეს გახდება ისეთი ფეხბურთელი, როგორიც თავად იყო.* * *
"ბოლო დროს მხოლოდ ფიფას პრეზიდენტთან ერთად თუ მინახავს. მგონი, მისი თოჯინაა, რომელიც პულტით იმართება", - მარადონამ პელეს ზეპ ბლატერის თოჯინა უწოდა.* * *
"როცა აფრიკაში ტრაგედია შეემთხვა ტოგოს ნაკრებს, ერთმა ფერადკანიანმა კაცმა, რომელიც ადრე "ათიანით" თამაშობდა, განაცხადა, რომ არ შეიძლება ამ ქვეყანაში მსოფლიოს ჩემპიონატის გამართვა. ახლა მუნდიალი იწყება, სამხრეთ აფრიკამ დაუმტკიცა პელეს, რომ ამაშიც ცდებოდა", - 2010 წლის მუნდიალის გახსნის წინ.
* * *
"რა გინდათ, რომ ვთქვა? მას ხომ დებიუტი ბიჭთან ჰქონდა", - ეს იყო ყველაზე შეურაცხმყოფელი ფრაზა პელეს მიმართ. 2009 წელს პელემ განაცხადა, რომ დიეგო ბავშვებისთვის ცუდი მაგალითია, რადგან მისი კარიერა ნარკოტიკებთან და დოპინგთან არის გადაჯაჭვული. დიეგომ კი პელეს ძველი დრო გაუხსენა. თუმცა უნდა აღინიშნოს, რომ პელე ყოველთვის უარყოფს თინეიჯერობისას ჰომოსექსუალურ კავშირს.
* * *
"პელეს და მარადონას შორის ყველაზე დიდი განსხვავება ისაა, რომ მე ყველა ფეხბურთელი პატივს მცემს, მას კი - მხოლოდ ფეხბურთის მმართველები, რომელთა მეგობარი მე არა ვარ", - ანუ მე სახალხო კაცი ვარ, ის კი ოფიციოზისო.* * *
"2000 წელს, როცა ხალხის წყალობით, საუკუნის საუკეთესო ფეხბურთელი გავხდი, პელე მეორე იყო. ის ასევე მეორეა ბრაზილიის საუკეთესო სპორტსმენთა ჩამონათვალში აირტონ სენას შემდეგ. ის, რომ ფიფამ პელეს მისცა "ოქროს ბურთი", არ არის ნაგვობა?" - ეს სულ ცინცხალი გამონათქვამია. გაგრძელება, ცხადია, იქნება...
ყოველკვირეული ჟურნალი ლელო week