ევროპალიგა. 1/16-ფინალი: ვაკოს კარგი წინათგრძნობა "აიაქსთან" მატჩის წინ

AutoSharing Option
წუხანდელ სამ თამაშს თუ არ ჩავთვლით, ევროპალიგის მეთექვსმეტედფინალური ეტაპი დღეს გაიმართება. ზოგიერთ წყვილში ყველაფერი გარკვეულია და საპასუხო მატჩები მხოლოდ ფორმალობაა.

მაგალითად, სრულიად უსარგებლოა "ვილიარეალის" სტუმრობა იტალიის დედაქალაქში, მას მერე, რაც პირველი თამაში მშობლიურ სტადიონზე "რომასთან" 0:4 დათმო და საშვილიშვილოდ შერცხვა.

უიმედოდ არიან "ალკმაარი", "სპარტა", "ბეერ შევა"...

პირველ რიგში, ევროპალიგას შემორჩენილი ერთადერთი ქართველი ფეხბურთელი გვაინტერესებს, რომელიც ისედაც ყურადღების ცენტრშია - ვაკო ყაზაიშვილის ამჟამინდელი გუნდი "ლეგია" დღეს "ამსტერდამ არენაზე" "აიაქსს" ესტუმრება.

ვაკოს პირველი რაუნდი არ გამოუვიდა "აიაქსთან", ვერც მან და ვერც მისმა
თანაგუნდელებმა ვერაფერი დააკლეს ჰოლანდიურ გრანდს - 0:0, თუმცა ვაკოს სამჯერ ჰყავს კარიერაში გამწარებული "აიაქსი" და მან კლუბის ოფიციალურ საიტს განუცხადა, რომ ამ შეხვედრის წინ "კარგი წინათგრძნობა" აქვს. ვნახოთ, რა გამოვა აქედან:

"პეტერ ბოშს ძალიან კარგად ვიცნობ, "ვიტესში" თითქმის სამი წელიწადი ვიმუშავეთ ერთად. ეს არის მწვრთნელი გამარჯვებულის მენტალიტეტით, გამოცდილი და ინტელიგენტი. მისი გაწვრთნილი გუნდები ინიციატივას ხელში იგდებენ, დომინირებენ მთელი თამაშის განმავლობაში, ახდენენ მეტოქეზე მუდმივ პრესინგს. ასეთი თამაშის სტილი კი ძალიან მოსწონს გულშემატკივარს.

ხუთშაბათის მატჩთან დაკავშირებით, არ ვიცი, რატომ, მაგრამ კარგი წინათგრძნობა მაქვს. მთავარი ისაა, რომ ვარშავაში გოლი არ გაგვიშვია. ნებისმიერი ფრე გოლებით საჩვენოა. ამიტომ მცირე უპირატესობა გვაქვს. დარწმუნებული ვარ, რომ შევძლებთ მეტოქის გაგდებას, მაგრამ ამ სტადიონზე თამაში ძალიან ძნელია. დიდი სტადიონი, რომელზეც ყოველთვის სათამაშო ატმოსფეროა, მე ეს არენა კარგად ვიცი", - განაცხადა ჩვენებურმა "ლეგიას" ოფიციალურ საიტთან ინტერვიუში.

***
გუშინდელი მატჩებიდან ინტრიგა მხოლოდ "ფენერბაჰჩესა" და "კრასნოდარის" დაპირისპირებაში იყო შენარჩუნებული. რუსები სმოლოვის გოლით დაწინაურდნენ და ორი მატჩის ჯამში ანგარიში 2:0 გახდა. ახლა თურქებს მხოლოდ მოგება აძლევდათ ხელს, მაგრამ დიკ ადვოკაატის გუნდმა მხოლოდ გათანაბრება შეძლო - 1:1.

"კრასნოდარი" ევროპალიგის მერვედფინალში პირველად გავიდა, მაგრამ რად გინდა, ჩვენებური თორნიკე ოქრიაშვილი რუსულმა კლუბმა ევროგანაცხადს მიღმა დატოვა.

"მანჩესტერ იუნაიტედს" პირველი თამაში 3:0 ჰქონდა მოგებული და საფრანგეთშიც გაუტანა "სენტ ეტიენს". ისედაც უინტრიგო მატჩი მხითარიანის გოლის შემდეგ მხოლოდ ერთხელ გამოცოცხლდა, როცა სტუმარი ერიკ ბაილი გაააძევეს, მატჩის შემდეგ კი ძმებმა პოგბებმა მშვიდად გაცვალეს მაისურები. ბრძოლას უმცროსის, პოლის "იუნაიტედი" აგრძელებს. "შალკე" 1:1 დაუზავდა პაოკ-ს, მაგრამ სტუმრად მოგებული ჰქონდათ და შემდეგ ეტაპზე გერმანული გუნდი გავიდა.

ფენერბაჰჩე-კრასნოდარი 1:1 (0:1)
გოლები: 0:1 სმოლოვი (7), 1:1 სოუზა (41)

შალკე-პაოკ 1:1 (3:0)
გოლები: 1:0 შოპფი (23), 1:1 ნასტასიჩი (25 ს. კ.)

სტ. ეტიენი-მანჩესტერი 0:1 (0:3)
გოლები: მხითარიანი (17)
გაძევება: ბაილი (63. მანჩესტერი)

ხუთშაბათი. 23 თებერვალი
ოსმანლი-ოლიმპიაკოსი 20:00 (0:0)

აიაქსი-ლეგია 22:00 (0:0)

აპოელ-ბილბაო 22:00 (2:3)

რომა-ვილიარეალი 22:00 (4:0)

ბეშიქთაში-ბეერ შევა 22:00 (3:1)

ზენიტი-ანდერლეხტი 22:00 (0:2)

კოპენჰაგენი-ლუდოგორეცი 00:05 (2:1)

ფიორენტინა-გლადბახი 00:05 (1:0)

გენკი-ასტრა 00:05 (2:2)

ლიონი-ალკმაარი 00:05 (4:1)

შახტარი-სელტა 00:05 (1:0)

სპარტა-როსტოვი 00:05 (0:4)

ტოტენჰემი-გენტი 00:05 (0:1)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
იფ იფ იფ რა ფულები გააკეთა ვირაცამ?
ebbe sandi
16:25 23-02-2017
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული