ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: ოქროს რეზერვი და გასროლა სპექტაკლის ბოლოს [VIDEO]

AutoSharing Option
იქნებ თავად მასიმილიანო ალეგრიმაც ვერ გაიხსენოს, სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში ადრე როდის გააკეთა ასეთი ეფექტური შეცვლები.

ვიდრე სტატისტიკოსები დაგვეხმარებიან, ჩვენ უბრალოდ ფაქტები აღვნიშნოთ - "იუვენტუსის" თავკაცმა "დრაგაუზე" ჯერ მარკო პიაცა შეუშვა 67-ე წუთზე და 21 წლის ხორვატმა ხუთ წუთში დააწინაურა (პირველი გოლი "იუვენტუსის" მაისურით) "ბებერი ქალბატონი", ხოლო 73-ე წუთზე შესულ დანი ალვეშს სულაც ერთი წუთი ეყო მეორე გოლის გასატანად. ესეც თქვენი "ოქროს რეზერვი"!

ალვეშის გოლი წერტილს დაუსვამდა "პორტუს" თამამ ოცნებებს მეოთხედფინალზე. თუმცა მარტო ალეგრის მიერ განხორციელებულ ცვლილებებში არ უნდა ვეძებოთ "პორტუს"
ფიასკოს მიზეზი.

არ უნდა დაგვავიწყდეს მასპინძელთა მარცხენა მცველის, ალექს ტელიესის მოღალატური საქციელიც. ამ 24 წლის ბრაზილიელმა პირველ ნახევარ საათში ორი ყვითელი ბარათის მიღება მოასწრო, მეორე შემთხვევა კი პირდაპირ ამაზრზენი იყო - როგორი გამეტებით ეძგერა შტეფან ლიხტშტაინერს...

ერთი სიტყვით, წყვილის ფავორიტმა სტატუსი გაამართლა - ყველა ასპექტში (ბურთის ფლობა, ზუსტი პასები, კარში დარტყმები, კუთხურები...) აჯობა მეტოქეს და დამსახურებულად გაიმარჯვა. ახლა ალეგრისა და კომპანიას ერთი ამოცანა აქვთ - სამი კვირის შემდეგ მშვიდად და მაქსიმალური ყურადღებით მიიყვანონ ორრაუნდიანი დუელი საბოლოო გამარჯვებამდე.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თეატრის ხალხს უყვარს ხოლმე თქმა - როცა სცენაზე ჰკიდია თოფი, სპექტაკლის ბოლოს ის აუცილებლად გაისვრისო. თამამად შეიძლება ამის პერიფრაზი ჯეიმი ვარდის მაგალითზე - შარშანდელი ლესტერული სეზონის ერთ-ერთმა გმირმა, ვისაც ბოლო 9 მატჩის განმავლობაში გოლი არ ჰქონდა გატანილი, გუშინ "სანჩეს პისხუანის" "სცენაზე" ისეთი "გაისროლა" (დენი დრინკუოტერის ბრწყინვალე პასიც არ გამოგვრჩეს), პრემიერლიგიდან გავარდნის კანდიდატსა და ჯერაც მოქმედ ჩემპიონს (რამხელა ნონსენსია?!) ევროტურნირზე წინსვლის რეალური შანსი დაუტოვა.

სამი კვირის შემდეგ "ლესტერი" მთელ ენერგიას ჩადებს საპასუხო მატჩში სათავისო შედეგის მისაღწევად და, ვინ იცის, იქნებ კლაუდიო რანიერიმ წლეულს ევროპაშიც დააყენოს ქარიშხალი - თუნდაც ნახევარფინალში გასვლა, განა, პატარა საქმე იქნება?!

მაგრამ "მელიებს" ცოტაც გაუმართლათ, როცა მე-14 წუთზე კასპერ შმეიხელმა არგენტინელ ხოაკინ კორეას უხეიროდ დარტყმული პენალტი აუღო.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მოკლედ, დაველოდოთ 14 მარტს, როცა საპასუხო მატჩებმა ორი მეოთხედფინალისტი უნდა გამოავლინოს.

პორტუ-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 პიაცა (72), 0:2 დანი ალვეში (74)
პორტუ (4-1-3-2): კასილიასი - მაქსიმილიანო პერეირა, ფელიპე, მარკანო, ტელიესი - დანილო პერეირა - ერერა, ნევესი (61. კორონა), ბრაჰიმი (73. ჟოტა) - ანდრე სილვა (30. ლაიუნი), სოარეში.
იუვენტუსი (4-2-3-1): ბუფონი - ლიხტშტაინერი, ბარძალი, კიელინი, ალექს სანდრო (73. დანი ალვეში) - ხედირა, პიანიჩი - კუადრადო (67. პიაცა), დიბალა (86. მარკიზიო), მანჯუკიჩი - იგუაინი.
გაძევება: ტელიესი (27. პორტუ)
მაყურებელი: 51 297

სევილია-ლესტერი 2:1
გოლები: 1:0 სარაბია (25), 2:0 კორეა (62), 2:1 ვარდი (73)
სევილია (3-5-2): რიკო - რამი, ლენგლე (55. კარიკო), ესკუდერო - მარიანო, ვიტოლო, ნზონზი, ნასრი, სარაბია - იოვეტიჩი, კორეა (63. იბორა).
ლესტერი (4-2-3-1): შმეიხელი - სიმპსონი, მორგანი, ჰუთი, ფუხსი - დრინკუოტერი, ნდიდი - ოლბრაიტონი (88. ემეტრი), მაჰრეზი, მუსა (58. დ. გრეი) - ვარდი.
გამოუყენებელი პენალტი: კორეა (14. სევილია/მეკარე)
მაყურებელი: 42 685

საპასუხო მატჩები 14 მარტს გაიმართება

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
ჩემპიონთა ლიგა კი არა ე.წ. ლოხოტრონია
ebbe sandi
16:20 23-02-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული