ატლეტიკო VS ლესტერი - "ლესტერს" მაყურებლის როლი არ აწყობს!

AutoSharing Option
* ამ სეზონამდე "ლესტერი" სამჯერ თამაშობდა ევროთასებზე და ორჯერ ის "ატლეტიკომ" გამოთიშა.

* "ატლეტიკოს" არასოდეს წაუგია "ვისენტე კალდერონზე" ინგლისურ კლუბებთან დაპირისპირებაში - 5 მოგება, 5 ფრე.

* წინა რაუნდში "ლესტერ სიტიმ" გათამაშებიდან ასევე ესპანური კლუბი, "სევილია" გამოთიშა.

წილისყრაზე ინგლისის ჩემპიონ და ამავდროულად, ჩემპიონთა ლიგის დებიუტანტ "ლესტერისთვის" ამაზე ცუდი ვარიანტი არ არსებობდა - ევროთასებზე "მელიების" არცთუ მდიდარი წარსული, როგორც წესი, ასე სრულდებოდა, მათ გათამაშებიდან "ატლეტიკო" აგდებდა. კრეიგ შექსპირის საოცარი სადებიუტო სპურტი პრემიერლიგაში უკვე დაასრულეს, ჯერი ლიგაზეა?

კრეიგ შექსპირმა ისე დაიწყო, ბუნებრივია,
ბევრმა იფიქრა (საჯაროდაც ითქვა), რომ ფეხბურთელებს უბრალოდ, კლაუდიო რანიერის გაგდება სურდათ პოსტიდან.

რა თქმა უნდა, ამას არავინ აღიარებს, პირიქით, სწყინთ კიდეც, მაგრამ ჯეიმი ვარდი, რომელიც ამ სეზონში ისევ იმ მტვირთავს დაემსგავსა, როგორიც ის წლების წინ იყო, იტალიელის გაშვების შემდეგ შარშანდელივით შეუჩერებელი გახდა. "მელიებმა" უკვე შეიწირეს ევროპალიგის გამარჯვებული "სევილია" და ახლა ჩემპიონთა ლიგის ფინალისტ "ატლეტიკოს" მიადგნენ.

მოწინააღმდეგე ბანაკებში
დიეგო სიმეონეს ბევრი აკლია ტრავმის გამო, მაგრამ არგენტინელი ამას უკვე მიჩვეულია. აუგუსტო, ტიაგო, მოია კარგა ხანია, დააკლდნენ გუნდს. შედარებით ახალია ხორვატი ვრსალიკოს ტრავმა და ფრანგი გამეიროს დაშავება. თუმცა გამეიროს თამაშის შანსი ისევ აქვს. "ლესტერის" მთავარი დანაკარგი კაპიტანი ვეს მორგანია.

პრესკონფერენცია
დიეგო სიმეონე (ატლეტიკო): "ჩვენი სტილი გუნდურად მუშაობითა და თამაშით წარმოიშვა. ჩვენი საფეხბურთო სტილი ფეხბურთელების ხასიათებით არის გამოწვეული. სწორედ ეს მებრძოლო სულია "დამნაშავე", რომ "ატლეტიკო" ასე შორს გადის ევროთასებზე. არა მგონია, რომელიმე გუნდმა გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვოს, იქნება დიდი ბრძოლა. დარწმუნებული ვარ, გამარჯვებულის ვინაობა მხოლოდ ინგლისში გაირკვევა".

კრეიგ შექსპირი (ლესტერი): "ხვალ ისეთი საღამოა, როცა ხვდები, თუ რა მნიშვნელოვან საქმეს აკეთებ. საოცარი შეგრძნება იყო, როცა ამ ტრადიციული სტადიონის მინდორზე გავიარე. იმედი მაქვს, ხვალ აქ კარგ შედეგს მივაღწევთ. "ატლეტიკო" ჩვენს პატივისცემას იმსახურებს, მაგრამ ჩვენ აქ მხოლოდ მაყურებლის როლისთვის არ ჩამოვსულვართ. შანსი გვაქვს და ამის გამოყენებას ვაპირებთ".

გასულ უქმეებზე
კრეიგ შექსპირმა ზედიზედ 6 მატჩი მოიგო დებიუტში, აქედან 5 პრემიერლიგაში. ასეთი რამე ბრიტანელ მწვრთნელს ჯერ არ ღირსებია. ყველაფერი შეწყდა ამ უქმეებზე, როცა "ევერტონმა" "მელიებს" კუდით ქვა ასროლინა - 4:2 მოუგო. წაგებულთა რიგებში თავი ისლამ სლიმანიმ და მარკ ოლბრაიტონმა გამოიჩინეს.

"ატლეტიკოს" მადრიდული დერბი ჰქონდა, სიმეონეს ბიჭებმა გმირული ფრე გამოაცხვეს - 1:1. მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე ანხელ კორეას პასით ფრანგმა ანტუან გრიზმანმა გაიტანა.

ოთხშაბათი. 12 აპრილი
ატლეტიკო-ლესტერი 22:45
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: მოია, ვრსალიკო, ტიაგო, აუგუსტო ფერნანდესი, გამეირო (?), გაიტანი (?) - მორგანი, ვოგი, მენდი, ნდიდი (?)
სავარაუდო შემადგენლობები
ატლეტიკო (4-4-2): ობლაკი - ხუანფრანი, სავიჩი, გოდინი, ფილიპე ლუიში - ფერეირა-კარასკო, გაბი, კოკე, საულ ნიგესი - გრიზმანი, ფერნანდო ტორესი
ლესტერი (4-4-2): შმეიხელი - სიმპსონი, ბენალუანი, ჰუთი, ფუხსი - მაჰრეზი, დრინკვოტერი, ნდიდი, ოლბრაიტონი - ოკაზაკი, ვარდი
ურთიერთშეხვედრები: 4 თამაში: +3=1 -0 (7:2)
მსაჯი: იონას ერიქსონი (შვედეთი)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული