ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი: მკვლელი მბაპე და "დორტმუნდი" შოკში [VIDEO]

AutoSharing Option
* მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად 18 წლის კილიან მბაპე დაასახელეს.

* პირველად მოხდა, რომ ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის მატჩში ორმა თინეიჯერმა გაიტანა (მბაპე და დემბელე).

როგორც მოსალოდნელი იყო, დორტმუნდში გამართული შეხვედრა სანახაობრივი გამოდგა. "ბორუსიაც" და "მონაკოც" შემტევი გუნდები არიან და შესაბამისად, გახსნილი ფეხბურთის მომსწრენი გავხდით.

მატჩი მასპინძელთა ტერიტორიული უპირატესობით წარიმართა და მომენტებიც სტუმართა კართან მეტი შეიქმნა, მაგრამ მთავარი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია, ტაბლო კი ყველაფერზე მეტყველებს - სტუმრებმა იძალეს დორტმუნდში და საპასუხო პაექრობის წინ სოლიდური უპირატესობა მოიპოვეს.

პირველი ტაიმი "მონაკომ" ორი
უპასუხო გოლით მოიგო - კილიან მბაპემ რამდენიმესვლიანი კომბინაცია დააბოლოვა.

აი, მეორე გოლი კი კურიოზული გამოდგა - ფლანგიდან ჩაწოდების შემდეგ მასპინძელთა ახლად გამომცხვარმა მცველმა ბენდერმა ნახტომში დაჰკრა თავური და ბურთი საკუთარი კარის ბადეში გაახვია - გოლი ერთობ ეფექტური გამოვიდა, "მონაკომ" კი გადამწყვეტი უპირატესობა მოიპოვა.

კინაღამ გამოგვრჩა, სანამ მონაკოელები გოლების გატანას დაიწყებდნენ, მანამდე თერთმეტმეტრიანი გააფუჭეს - ფაბინიომ ვერ ივარგა და, თითქოს, ამით მასპინძლებს ფსიქოლოგიური უპირატესობა უნდა მოეპოვებინათ, მაგრამ ყველაფერი საპირისპიროდ მოხდა.

დორტმუნდელებს თამაში ჰქონდათ გადასარჩენი და შესაბამისად, მეორე ნახევარი აქტიურად დაიწყეს - მეორე ტაიმის დაწყებიდან 12 წუთი იყო გასული, როდესაც მრავალსვლიანი კომბინაცია გოლით დაასრულეს.

გერმანელებმა სცადეს მატჩში გარდატეხის შეტანა, მაგრამ მალევე, მბაპემ დუბლი შეასრულა და აღადგინა პირველი ტაიმის სტატუს-კვო. მატჩის საბოლოო ანგარიში კაგავამ დააფიქსირა, სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა და მეორე მატჩის წინ გერმანულ გუნდს მცირე შანსი დაუტოვა.

ორბურთიანი სხვაობით წაგების შემთხვევაში ყველაფერი ნათელი იქნებოდა, ასე კი გერმანელებს მიზერული შანსი ჯერ კიდევ აქვთ და გასვლით შეხვედრაში შეეცდებიან დაკარგულის ანაზღაურებას.

და მაინც, ბრავო "მონაკოს", რომელიც შემტევ, ლაღ, სანახაობრივ ფეხბურთს თამაშობს და ასე აღწევს წარმატებას.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

დორტმუნდი-მონაკო 2:3
გოლები: 0:1 მბაპე (19), 0:2 ბენდერი (35 ს. კ.), 1:2 დემბელე (57), 1:3 მბაპე (79), 2:3 კაგავა (84)
ბორუსია (3-4-1-2): ბიურკი - პიშჩეკი, პაპასტატოპულოსი, ბენდერი (46. შაჰინი) - გინტერი, ვაიგლი, გერეირო, შმელცერი (46. პულიშიჩი) - კაგავა - ობამეიანგი
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - ტურე, გლიკი, ჟემერსონი, რაჯი - სილვა (66. დირარი), ჟოაო მოუტინიო, ფაბინიო, ლემარი - ფალკაო (85. ჟერმენი), მბაპე
გამოუყენებელი პენალტი: ფაბინიო (17)
მაყურებელი: 80 000

საპასუხო მატჩი - 19 აპრილს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
პირველი გოლი რო უშველებელი თამაშგარე იყო და პენალტი საერთოდ არ იყო, იმას რატო არ წერთ?
giorgipirweli
11:59 13-04-2017
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული