ჩემპიონთა ლიგა. 1/2-ფინალი: კარდიფული ფინალის კონტურები - იუვე VS რეალი? [VIDEO]

AutoSharing Option
* ჯიჯი ბუფონმა ჩემპიონთა ლიგაზე მე-100 მატჩი ითამაშა.

* "იუვენტუსი" მხოლოდ მესამე გუნდია, რომელმაც ლიგის პლეი ოფის მატჩებში ზედიზედ ხუთ შეხვედრაში არ გაუშვა გოლი.

* სულ კი ზედიზედ 6 "მშრალი" მატჩი დაუგროვდა "იუვეს" (პირველი ჯგუფურ ეტაპზე იყო ზაგრების "დინამოსთან").

* გონსალო იგუაინმა 2013 წლის მერე პირველად გაიტანა ლიგის პლეი ოფის სტადიაზე, სტუმრად კი სულაც პირველად გაიტანა.

ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური ეტაპის პირველი მატჩები ისე დასრულდა, რომ ფინალი ადვილად იკითხება - თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, კარდიფში ერთმანეთის პირისპირ მადრიდის "რეალი" და
ტურინის "იუვენტუსი" წარდგებიან.

ტურინულმა გრანდმა კიდევ ერთი მატჩი მოიგო დიდოსტატურად, კლასის ხარჯზე და სოლიდური ფორა მოიპოვა საპასუხო შეხვედრის წინ. "მონაკოს" კარში ორი უპასუხო გოლი გავიდა და ორივე გონსალო იგუაინის ანგარიშზეა. არგენტინელმა ფორვარდმა თითო ტაიმში თითო გოლი გაუტანა მეტოქეს და თანაც ისეთი გოლები, თუ არ გინახავთ, აუცილებლად უნდა ნახოთ...

29-ე წუთი მიმდინარეობდა, როდესაც ტურინელებმა საოცარი კომბინაცია გაითამაშეს, რომლის ბოლო აკორდი დანი ალვეშის ჯადოსნური პასი და გონსალო იგუაინის უზადო დარტყმა იყო - 0:1. ეს იყო გოლი, რომელიც ბევრჯერ უნდა ნახო და ეს იყო გოლი, რომელსაც თამამად შეგვიძლია ვუწოდოთ შედევრი.

მეორე გოლიც ალვეშმა და იგუაინმა გამოჭედეს - ბრაზილიელი კიდევ ერთხელ ჩაერთო შეტევაში, არგენტინელი ბრწყინვალე პასით მოძებნა და ამ უკანასკნელმაც ერთი შეხებით გადაგზავნა ბურთი კარში - 0:2.

მატჩის შემდეგ იგუაინი მედიის ყურადღების ცენტრში იყო მოქცეული: "ჩემთვის მთავარი მოგება იყო, თუმცა გატანილმა გოლებმა უზომოდ გამახარა. "მონაკო" ძლიერი გუნდია, თუმცა ყველა კომპონენტში დავჯაბნეთ მეტოქე და დამსახურებულად გავიმარჯვეთ. სერია A-ზე უნდა გადავერთოთ და სკუდეტო ვადაზე ადრე გავინაღდოთ, შემდეგ კი ჩემპიონთა ლიგის ფინალში გავიდეთ".

დავუბრუნდეთ თამაშს - ტურინელებს კიდევ შეეძლოთ შეგდება, ყველაზე კარგი შანსი კი კლაუდიო მარკიზიომ გაატანა ქარს, როდესაც პრაქტიკულად მეკარესთან პირისპირ დარჩენილმა ბურთი დანიელ სუბაშიჩს გაარტყა. "მონაკოც" უტევდა და რამდენიმე მეტ-ნაკლებად სახიფათო მომენტიც შექმნა, მაგრამ ყველა ასეთ ეპიზოდში, ჯანლუიჯი ბუფონი იყო მოწოდების სიმაღლეზე - ლეგენდარული მეკარე ყოველთვის იქ იდგა, სადაც საჭირო იყო.

ისიც ვთქვათ, რომ მასიმილიანო ალეგრიმ მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ბოლო დროს აპრობირებული 4-2-3-1 ტაქტიკის ნაცვლად, 3-4-2-1 სქემას დაეყრდნო - თადარიგში დატოვა ხუან კუადრადო, ძირითად შემადგენლობაში კი ანდრეა ბარძალი ვიხილეთ, რომელიც ბოლო დროს უფრო შეცვლებზე თამაშობს. დისკვალიფიცირებული სამი ხედირა კლაუდიო მარკიზიომ შეცვალა და მოვალეობას თავი შესანიშნავად გაართვა.

მთლიანად "იუვენტუსი" იყო მოწოდების სიმაღლეზე და მეტოქეს შანსი არ დაუტოვა - ტურინულმა გრანდმა კიდევ ერთხელ შეინახა კარი მშრალად და გვაჩვენა, თუ როგორ უნდა თამაშობდეს გუნდი დაცვაში. არ გაუშვა არც ერთი გოლი 180 წუთის განმავლობაში "ბარსელონასთან", რომელსაც ლა ლიგაში 104 გოლი აქვს გატანილი და შემდეგ ასევე არ გაატანინო "მონაკოს", რომლის აქტივშიც ლიგა 1-ში 95 გოლია, მართლაც ბრწყინვალე შედეგია და ეს, ალბათ, მხოლოდ "იუვენტუსს" შეუძლია - გუნდს, რომელსაც კარში ჯიჯი ბუფონი უდგას, დაცვის ცენტრში კი - ანდრეა ბარძალი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინი.

თუმცა, "იუვე" მხოლოდ საუკეთესო დაცვა არაა - ეს გუნდი შესანიშნავად არის დაკომპლექტებული ყველა რგოლში და შესაბამისად, იდეალურად დაბალანსებული - ამად არის, რომ გუშინ "იუვენტუსმა" კარდიფს გახედა და, ბევრის აზრით, იქაც ფავორიტი იქნება...

მასიმილიანო ალეგრი (იუვენტუსი): "უნდა შევაქო გუნდი, რომელსაც არც ისე იოლი თამაში გამოუვიდა, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. "მონაკოს" ფეხბურთელები ძალიან ტექნიკურები არიან. ჩვენ კი 0:0-ზე რამდენიმე მნიშვნელოვანი შეცდომა დავუშვით. აი, ამ დროს კი "იუვე" ჯიჯი ბუფონმა იხსნა. როცა მოედანზე გიჭირს, ყოველთვის იცი, რომ კარში ბუფონია, რომელსაც შეგიძლია თვალდახუჭული ენდო. ის საუკეთესო გოლკიპერია მსოფლიოში და დიდი მატჩებისთვის მუდამ მზად არის.

საერთო ჯამში, არაფერი დასაწუნი არ გვჭირს, თუმცა უკეთ თამაში კიდევ შეგვეძლო. გოლი კი კონტრშეტევით გავიტანეთ, რაც "მონაკოს" ძლიერ მხარედ უფრო ითვლება. პიანიჩზე საოცრად გაბრაზებული ვარ. მონაცემებით ის მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველია, ვერ გააკეთებს კარგ პასს და ისე ბრაზდება, თითქოს, ქვეყნის დასასრული მოახლოვდა. მან მხოლოდ თავისი პოტენციალის მცირე ნაწილი გამოიყენა. "იუვეს" შესანიშნავი სეზონი აქვს. ახლა კი ის უნდა ვაქციოთ ბრწყინვალედ".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

მონაკო-იუვენტუსი 0:2
გოლები: 0:1 იგუაინი (29), 0:2 იგუაინი (59)
მონაკო (4-4-2): სუბაშიჩი - დირარი, გლიკი, ჟემერსონი, სიდიბე - სილვა (81. ტურე), ფაბიანო, ბაკაიოკო (67. ჟოაო მოუტინიო), ლემარი (67. ჟერმენი) - ფალკაო, მბაპე
იუვენტუსი (3-4-2-1): ბუფონი - ბარძალი, ბონუჩი, კიელინი - დანი ალვეში, პიანიჩი (89. ლემინა), მარკიზიო (81. რინკონი), ალექს სანდრო - დიბალა, მანჯუკიჩი - იგუაინი (77. კუადრადო)
მაყურებელი: 19 000

საპასუხო მატჩი - 9 მაისს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოცნებას კაცი არ მოუკლავს!
ბიანკონერი
20:30 04-05-2017
0
იუვენტუსი უკვე მე-5 ედ წააგებს ფინალს კარდიფში ამაში დარწმუნებული ვარ . რეალთან შანსი არაა აქვს.
REALIS FANI
20:03 04-05-2017
0

სიახლეები პოპულარული