ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. II ტური. ოთხშაბათის მატჩების მიმოხილვა

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის მეორე ტურის მეორე სათამაშო დღე ძალიან საინტერესო და დრამატული გამოდგა.

"პარი სენ-ჟერმენმა" სეზონში პირველი მარცხი განიცადა, "მალაგამ" ისევ გაგვაოცა, ხოლო კრისტიან აბიატიმ და ჯო ჰარტმა საოცარი შეხვედრები ჩაატარეს; ამ უკანასკნელის წყალობით, მანჩესტერში ამ სეზონის ყველაზე ალოგიკური შედეგი დაფიქსირდა...

A ჯგუფი

პორტუ-პსჟ 1:0
გოლი: ჯეიმს როდრიგესი (83).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯეიმს როდრიგესი (პორტუ).

A ჯგუფის ცენტრალური მატჩი პორტუში, "დრაგაოზე" გაიმართა. ერთმანეთის წინაშე ორი იუბილარი, ჯექსონ მარტინესი (26 წლის გახდა) და ზლატან იბრაჰიმოვიჩი (31 წლის) წარდგნენ და დაბადების დღეზე გატანა
ორივეს შეეძლო.

ზლატანს შესანიშნავი შანსი მიეცა, მაგრამ შვედმა, ნაცვლად იმისა, რომ ბურთი გაეჩერებინა და შეტევა მარტივად დაესრულებინა, "იბრაკადაბრობა" გადაწყვიტა და ბურთი კარისკენ საოცარი დარტყმით გაუშვა, თუმცა, მისდა საუბედუროდ, ელტონი არ დაიბნა და საკუთარი გუნდის გადარჩენა შეძლო. როგორც გითხარით, გატანა მარტინესსაც შეეძლო, მაგრამ კოლუმბიელს არ უმართლებდა.

შეხვედრა მასპინძელთა უპირატესობით მიმდინარეობდა და მათი გამარჯვება ლოგიკური იყო. მატჩის 83-ე წუთზე მარცხენა ფლანგზე ჟოაო მოუტინიომ ითამაშა შესანიშნავად და საჯარიმოში ჩააწოდა. ფერნანდო ბურთს ნორმალურად ვერ შეწვდა, სამაგიეროდ, საგოლე პასი გამოუვიდა - მარჯვენა ფლანგზე მარტო დატოვებულმა ჯეიმს როდრიგესმა ბურთი შორეული კუთხისკენ აჭრა და გამარჯვების მომტანი გოლი გაიტანა.

"პორტუმ" უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო და ზედიზედ მეორე გამარჯვების წყალობით ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა.

ჯეიმს როდრიგესი (პორტუ): "ჩვენ ვიცოდით, რომ მათ ბევრი კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ დღეს აშკარად უკეთესი გუნდი ვიყავით და გამარჯვება დავიმსახურეთ. ვიცით, რომ კარგი გუნდი გვყავს, მაგრამ შორს მიმავალი გეგმები არ უნდა დავსახოთ და მხოლოდ მომავალ მატჩზე ვიფიქროთ".

კარლო ანჩელოტი (პსჟ-ს მწვრთნელი): "ეს ჩვენი პირველი მარცხია ამ სეზონში და რა თქმა უნდა, იმედგაცრუებულნი ვართ, თუმცა წაგება მოულოდნელი არ იყო, რადგან მეტოქე ჩვენზე ბევრად გამოცდილია".

დინამო (კ)-დინამო (ზ) 2:0
გოლები: 1:0 გუსევი (3), 2:0 პივარიჩი (33-საკ. კარში)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ოლეგ გუსევი (დინამო კიევი)

კიევში ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში "დინამოების" პირველი დერბი შედგა და როგორც მოსალოდნელი იყო, გამარჯვება მასპინძლებს დარჩათ. ამ მატჩში ჩემპიონთა ლიგაში ოლეგ ბლოხინის სამწვრთნელო დებიუტი შედგა; მოგეხსენებათ, უკრაინის ნაკრების დამრიგებელმა კიეველთა მწვრთნელის პოსტზე იური სიომონი შეცვალა.

ანგარიში მასპინძლებმა მესამე წუთზე გახსნეს. თავი უკრაინელთა შორის ერთ-ერთმა ყველაზე გამოცდილმა ფეხბურთელმა ოლეგ გუსევმა გამოიჩინა. ამის შემდეგ კიეველები აგრძელებდნენ შეტევებს და მეორე გოლიც პირველივე ტაიმში გაიტანეს. 33-ე წუთზე ტაივოს ჩაწოდებამ ზაგრებელთა საჯარიმოში არეულობა გამოიწვია. ბურთი საბოლოოდ სტუმართა მარცხენა მცველ იოსიპ პივარიჩს მოხვდა და კარში გავიდა.

კიევის "დინამომ" ჯგუფურ ეტაპზე 4 წაგების შემდეგ შეძლო გამარჯვების მოპოვება. აი, ზაგრებელებისთვის კი ეს უკვე ზედიზედ მე-8 მარცხი იყო ჩემპიონთა ლიგაში.

ოლეგ ბლოხინი (კიევის "დინამოს" მწვრთნელი): "გაცილებით დიდი ანგარიშით უნდა მოგვეგო, ვინაიდან ხელიდან ბევრი საგოლე შანსი გავუშვით, მეტოქეს კი საერთოდ არაფერი შევაქმნევინეთ".

გუნდი
1. პორტუ 2 2 0 0 3-0 6
2. პსჟ 2 1 0 1 4-2 3
3. დინამო (კ) 2 1 0 1 3-4 3
4. დინამო (ზ) 2 0 0 2 0-4 0

B ჯგუფი
არსენალი-ოლიმპიაკოსი 3:1
გოლები: 1:0 ჟერვინიო (42), 1:1 მიტროგლუ (45), 2:1 პოდოლსკი (56), 3:1 რემსი (90+4)

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჟერვინიო (არსენალი)

ლონდონის "არსენალმა" სეზონი კარგად დაიწყო და "ოლიმპიაკოსთანაც" ფავორიტად ითვლებოდა, თუმცა პირველ ტაიმში ბერძნები უკეთ გამოიყურებოდნენ. მართალია, ბურთის ფლობის მხრივ, უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ, სამაგიეროდ, სახიფათო მომენტებს სტუმრები ქმნიდნენ.

ყველაზე რეალური შანსი "ოლიმპიაკოსმა" პირველი ტაიმის შუაში შექმნა, როდესაც იანის მანიატისმა 5 მეტრიდან ცარიელ კარს ააცილა.

ბერძნები ამის გამო დაისაჯნენ და 42-ე წუთზე ჟერვინიომ მასპინძლები დააწინაურა, თუმცა "ოლიმპიაკოსმა" შეძლო და ანგარიში პირველივე ტაიმში გაათანაბრა. მსაჯის მიერ დამატებულ წუთზე საჯარიმოში ლეანდრო გრეკომ ჩააწოდა, კოსტას მიტროგლუმ კი თავური დარტყმით ლამაზი გოლი გაიტანა.

მეორე ტაიმში სიტუაცია შეიცვალა - "არსენალმა" მატჩის სადავეები ხელში ჩაიგდო და უპირატესობა აღარ გაუშვია. 56-ე წუთზე ჟერვინიოს გადაცემით ლუკას პოდოლსკიმ გაიტანა, ხოლო არბიტრის მიერ დამატებულ მეოთხე წუთზე თავი აარონ რემსიმაც გამოიჩინა. ამ უკანასკნელის გოლი ცუდი ამბავი უნდა იყოს ცნობილი ადამიანებისთვის. თუ რატომ, ამის შესახებ შეგიძლიათ სხვა სტატიაში წაიკითხოთ.

საბოლოოდ არსენ ვენგერის გუნდმა ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილის დაკავებისკენ დიდი ნაბიჯი გადადგა. ახლა ლონდონელებს გელზენკირხენის "შალკესთან" ორი ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი ელით.

ტომას ვერმაელენი (არსენალი): "პირველ ტაიმში ცუდად ვითამაშეთ, მაგრამ მეორე ნახევარში მდგომარეობა გამოვასწორეთ, ბურთსაც ვუფრთხილდებოდით და ბევრი საგოლე მომენტიც შევქმენით. ჟერვინიო შესანიშნავად თამაშობს და ბევრი გოლიც გააქვს. ის დიდი ძალაა ჩვენი გუნდისთვის".

შალკე-მონპელიე 2:2
გოლები: 0:1 აიტ-ფანა (13), 1:1 დრაქსლერი (26), 2:1 ჰუნტელაარი (53-პენ), 2:2 ს. კამარა (90).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: იულიან დრაქსლერი

გელზენკირხენში "შალკემ" "მონპელიეს" უმასპინძლა და ბოლო წუთზე გაშვებული გოლის გამო უმნიშვნელოვანესი ორი ქულა დაკარგა, ფრანგებმა კი ჯგუფიდან გასვლის შანსი შეინარჩუნეს.

ანგარიში, ბევრისთვის მოულოდნელად, ფრანგებმა გახსნეს - მე-13 წუთზე ქარიმ აიტ-ფანამ შესანიშნავი დარტყმით ლარს უნერშტალს შანსი არ დაუტოვა.

მასპინძელთა მხრიდან საუკეთესო იულიან დრაქსლერი იყო - ახალგაზრდა ფეხბურთელმა 26-ე წუთზე კლაას-იან ჰუნტელაარის შესანიშნავი პასით ისარგებლა და ანგარიში გაათანაბრა, 53-ეზე კი მასპინძლებს პენალტი მოუპოვა და გარდა ამისა, შეხვედრის არბიტრს სტუმართა მცველი გარი ბოკალი გააძევებინა.

11-მეტრიანი ზუსტად ჰუნტელაარმა შეასრულა. ამის შემდეგ ცოტას თუ ეპარებოდა ეჭვი "შალკეს" საბოლოო გამარჯვებაში, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ მოედანზე ათნი იყვნენ, "მონპელიემ" ანგარიშის გათანაბრება მაინც შეძლო, თან ეს უკანასკნელ წუთზე გააკეთა - თავი სტუმართა მხრიდან სულეიმან კამარამ გამოიჩინა.

ჰუუბ სტევენსი ("შალკეს" მწვრთნელი): "შეიძლება ითქვას, რომ ორი ქულა დავკარგეთ, მაგრამ ამავე დროს, არ დაგვავიწყდეს, რომ უკვე 4 ქულა გვაქვს და სანერვიულო ჯერ არაფერია".

რენე ჟირარი ("მონპელიეს" მწვრთნელი): "მე ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რომლებიც არ დანებდნენ და ბოლომდე იბრძოლეს. დღეს ქულა ნამდვილად დავიმსახურეთ".

გუნდი
1. არსენალი 2 2 0 0 5-2 6
2. შალკე 2 1 1 0 4-3 4
3. მონპელიე 2 0 1 1 3-4 1
4. ოლიმპიაკოსი 2 0 0 2 2-5 0

C ჯგუფი
ზენიტი-მილანი 2:3 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 ემანუელსონი (13), 0:2 ელ შაარავი (16), 1:2 ჰალკი (45), 2:2 შიროკოვი (49), 2:3 ჰუბოჩანი (75-საკ. კარში).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრისტიან აბიატი (მილანი)

"მილანს" სანკტ-პეტერბურგში ურთულესი მატჩი ჰქონდა. პირველ ტურში "ანდერლეხტთან" ფრის შემდეგ "როსონერის" ფეხის კიდევ ერთი დაცდენა არ ეპატიებოდა. პრაქტიკულად, ანალოგიურ სიტუაციაში იყო "ზენიტიც", რომელიც საწყის შეხვედრაში მალაგაში განადგურდა.

მატჩი "მილანისთვის" ძალიან კარგად დაიწყო და უკვე მე-16 წუთისთვის მასიმო ალეგრის გუნდი ორბურთიანი სხვაობით იგებდა. გოლები ურბი ემანუელსონმა და სტეფან ელ შაარავიმ გაიტანეს. "პატარა ფარაონის" გოლი ნამდვილად არის აღნიშვნის ღირსი, სტეფანმა ბურთი შესანიშნავი დრიბლინგის შემდეგ გაიტანა.

მეორე გოლის შემდეგ "მილანი" საკუთარი კარის დაცვაზე ზრუნავდა და "ზენიტმა" უდიდესი უპირატესობა მოიპოვა, თუმცა მასპინძლები კრისტიან აბიატის ვერაფერს უხერხებდნენ, რომელიც, უბრალოდ, დაფრინავდა და ურთულეს ბურთებს იგერიებდა, როგორც მასპინძელთა, ასევე საკუთარი ფეხბურთელების დარტყმების შემდეგ (ანტონინი და მონტოლივო ბეწვზე გადაურჩნენ ავტოგოლებს).

45-ე წუთზე აბიატიც უძლური აღმოჩნდა და ჰალკმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო მეორე ტაიმის დებიუტში "მილანის" მეკარე პირველად და უკანასკნელად შეცდა, რითაც შიროკოვს ანგარიშის გათანაბრების საშუალება მისცა.

"ზენიტმა" მოსაგებად გაიწია, მაგრამ გოლი აქეთ გაუშვა - მონტოლივოს ჩაწოდებული ჰუბოჩანს მოხვდა და მალაფეევი მოძრაობაზე დაიჭირა. საბოლოოდ 2:3 და "მილანმა" ძალიან მნიშვნელოვანი მატჩი მოიგო; "ზენიტი" კი პირველ ორ ტურში წაგების შემდეგ ამ ჯგუფში უშანსოდ მოჩანს.

ლუჩანო სპალეტი ("ზენიტის" მწვრთნელი): "ძალიან დამწუხრებული ვარ. ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ ფეხბურთელებს ამ მატჩის მნიშვნელობა დაავიწყდათ და მოედანზე ბოლომდე კონცენტრირებულნი არ გამოსულან".

სტეფან ელ შაარავი (მილანი): "ძალიან რთული მატჩი გამოდგა და ბოლო წამამდე მოგვიწია საკმაოდ ძლიერი "ზენიტის" წინააღმდეგ ბრძოლა".

ანდერლეხტი-მალაგა 0:3
გოლები: 0:1 ელიზეუ (45+1), 0:2 ხოაკინი (56-პენ), 0:3 ელიზეუ (64).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ელიზეუ (მალაგა)

"მალაგამ" ზედიზედ მეორე მატჩი მოიგო და ჯგუფში ერთპიროვნულად გალიდერდა. ბრიუსელში გამართული შეხვედრის გმირი ელიზეუ გახდა, რომელმაც ულამაზესი დარტყმით გახსნა კიდეც ანგარიში.

მეორე ტაიმში ჯერ ხოაკინმა (პენალტით), შემდეგ კი ისევ ელიზეუმ გამოიჩინეს თავი და ანდალუსიელებმა მეორე შეხვედრაც დიდი ანგარიშით მოიგეს.

ელიზეუ (მალაგა): "ახლა ჯგუფში პირველ ადგილზე ვართ, მაგრამ არ უნდა გავჩერდეთ და შრომა განვაგრძოთ. ვიცით, რომ ბევრის მიღწევა შეგვიძლია, მაგრამ ამისთვის საჭიროა, რომ ისევ ისე ვიმუშაოთ და არ მოვეშვათ".

გუნდი
1. მალაგა 2 2 0 0 6-0 6
2. მილანი 2 1 1 0 3-2 4
3. ანდერლეხტი 2 0 1 1 0-3 1
4. ზენიტი 2 0 0 2 2-6 0

D ჯგუფი
აიაქსი-რეალი 1:4 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 კ. რონალდო (42), 0:2 ბენზემა (48), 1:2 მოისანდერი (56), 1:3 კ. რონალდო (79), 1:4 კ. რონალდო (81).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: კრიშტიანო რონალდო (რეალი)

"სამეფო კლუბმა" ზედიზედ მეხუთედ დაამარცხა ამსტერდამის "აიაქსი", ხოლო კრიშტიანო რონალდომ კარიერის განმავლობაში ჩემპიონთა ლიგაში პირველი ჰეთ თრიქი შეასრულა.

"რეალს" 7 ოქტომბერს ელ კლასიკო ელის. ამიტომ ჟოზე მოურინიომ ძირითადის რამოდენიმე წევრი დაასვენა. მოედანზე მყოფი ფეხბურთელებიც თავს დიდად არ იკლავდნენ - ყველაზე გამორჩეული და მონდომებული კაკა იყო, რომელიც ამ სეზონში მხოლოდ მეორე მატჩს ატარებდა.

ანგარიში სტუმრებმა ტაიმის ბოლოს გახსნეს, მეორე ტაიმის დასაწყისში კი ქარიმ ბენზემამ ტურის და მთლიანად ამ ჩემპიონთა ლიგის ყველაზე ლამაზი გოლი გაიტანა - სწრაფი კონტრშეტევის დროს კაკამ მარჯვენა ფლანგიდან ჩააწოდა, ბენზემამ კი მაკრატელა დარტყმით შანსი არ დაუტოვა კენეტ ვერმეერს.

მიუხედავად იმისა, რომ ამსტერდამელებმა მოისანდერის გოლის წყალობით ანგარიშის შემცირება შეძლეს, დაძაბულობა მაინც არ იგრძნობოდა და საბოლოოდ "რეალმა" ყველაფერი ლოგიკურად დაასრულა.

რონალდომ ორწუთიან მონაკვეთში ორი ლამაზი გოლი გაიტანა და 4 გოლით სათავეში ჩაუდგა ჩემპიონთა ლიგის ბომბარდირთა დავას.

ჟოზე მოურინიო ("რეალის" მწვრთნელი): "ჩვენი გუნდის თამაშით კმაყოფილი ვიყავი იქამდე, სანამ "აიაქსი" გაგვიტანდა.

ახლა ამ ურთულეს ჯგუფში 6 ქულით ვლიდერობთ და შეგვიძლია ოდნავ დავმშვიდდეთ, მაგრამ არა ზედმეტად, ვინაიდან ასეთი მეტოქეების პირობებში ზედმეტმა თავდაჯერებამ შესაძლოა დაგვღუპოს".


მანჩესტერ სიტი-ბორუსია (დ) 1:1 (იხილეთ ვიდეო)
გოლები: 0:1 როისი (61), 1:1 ბალოტელი (90-პენ).

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი: ჯო ჰარტი (მანჩესტერ სიტი)

ტურის ცენტრალური მატჩი მანჩესტერში გაიმართა და კინაღამ სენსაცია დაფიქსირდა, თუმცა მატჩის მიმდინარეობის მიხედვით "ბორუსიას" გამარჯვება სენსაცია ნამდვილად არ იქნებოდა - ამაზე თუნდაც ის მეტყველებს, რომ მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "სიტის" მეკარე ჯო ჰარტი გახდა.

მატჩი ძალიან სანახაობრივი გამოდგა და გუნდებმა უამრავი მომენტი გაანიავეს. ამ მხრივ განსაკუთრებით მარიო გიოტცე გამოირჩეოდა, რომელმაც პირველ ტაიმში ბურთი ძელს ორჯერ გაარტყა, ხოლო ერთ ეპიზოდში ჰარტთან ერთი-ერთზე გასვლა ვერ გამოიყენა.

მასპინძელთა მხრიდან კი გატანის შანსები აგუეროს ჰქონდა, თუმცა ყველაზე რეალური მომენტი ტაიმის ბოლოს ხელიდან დავიდ სილვამ გაუშვა - ესპანელმა "მოახერხა" და ბურთი კარს 3 მეტრიდან ააცილა.

"ბორუსიამ" უდიდესი უპირატესობა გოლად მეორე ტაიმში აქცია. 61-ე წუთზე შეცდა ჯეკ როდუელი, რომელმაც ბურთი მარკო როისს ჩააბარა, ამ უკანასკნელმა კი დრიბლინგით გაიკვალა გზა და ჰარტთან ერთი-ერთზე აღმოჩნდა.

"სიტის" მეკარემ როისის დარტყმულიც მოიგერია, თუმცა ბურთი კარში მაინც გავიდა. "დორტმუნდს" მომენტები ამის შემდეგაც ჰქონდა, მაგრამ ჰარტი ამ დღეს დაფრინავდა და წარმოუდგენელ "სეივებს" აკეთებდა.

საბოლოოდ უამრავი საგოლე მომენტის გამოუყენებლობის გამო "ბორუსია" დაისაჯა - 89-ე წუთზე სილვას დარტყმული სუბოტიჩს ხელზე შეეხო და შეხვედრის მთავარმა მსაჯმა პაველ კრალოვეცმა 11-მეტრიანი ნიშნულისკენ მიუთითა.

პენალტი მარიო ბალოტელიმ გამოიყენა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ანგარიში იყო ყველაზე უსამართლო შედეგი, რაც კი წელს ლიგაში დაფიქსირებულა. მართლაც ძნელი გასახსენებელია, გუნდს ამდენი 100-პროცენტიანი მომენტი შეექმნას და მატჩი ვერ მოეგოს.

რობერტო მანჩინი ("მანჩესტერ სიტის" მწვრთნელი): "ბორუსიამ" ჩვენზე უკეთ ითამაშა. თუ ჩვენ გვსურს, რომ უმაღლეს დონეზე წარმატებით ვითამაშოთ, იმაზე გაცილებით უკეთ უნდა ვიასპარეზოთ, ვიდრე ეს დღეს გავაკეთეთ".

მარკო როისი (ბორუსია): "ძალიან იმედგაცრუებულნი ვართ, რადგან უამრავი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. დღეს დავამტკიცეთ, რომ ევროპის წამყვან გუნდებთან თამაშის ძალა შეგვწევს. "რეალთან" განსხვავებული მატჩები იქნება, მაგრამ ჩვენ საკუთარი სიძლიერის გვწამს".

გუნდი
1. რეალი 2 2 0 0 7-3 6
2. ბორუსია (დ) 2 1 1 0 2-1 4
3. მანჩესტერ სიტი 2 0 1 1 3-4 1
4. აიაქსი 2 0 0 2 1-5 0

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული