ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი. პირველი მატჩის მიმოხილვა: კრება დარჩა მხიარული

AutoSharing Option
პარიზში დაფიქსირებული 2:2 ისეთი შედეგია, რომლითაც ორივე გუნდი კმაყოფილი დარჩა.

კარლო ანჩელოტის გუნდი - იმით, რომ "ბარსასთან" ორჯერ აგებდა და საბოლოოდ ფრეს მიაღწია; კატალონიელები კი - იმით, რომ საპასუხო მატჩი "ნოუ კამპზე" გაიმართება და...

გაიხსენეთ თუნდაც "მილანთან" მატჩი! თუმცა პსჟ უშანსოდ ნამდვილად არაა.

VideoSportall.Ge
02.04.13. პსჟ - ბარსელონა 2:2


რეაქციები
ლეონარდო (პსჟ-ის სპორტული დირექტორი): "დღევანდელი მატჩით ყველანი ვამაყობთ. თავი დავანებოთ იმას, რომ "ბარსელონასთან" 2:2 მისაღები შედეგია - პირველ რიგში, იმით ვამაყობთ, რომ "ბარსას" ძალიან კარგად ვეთამაშეთ და ბოლო წამამდე თავდაუზოგავად
ვიბრძოლეთ. მსოფლიოში საუკეთესო გუნდს ვეთამაშებოდით და მიუხედავად იმისა, რომ პსჟ-ს ამ შემადგენლობით დიდი გამოცდილება არა აქვს, კატალონიელები მთელ რიგ ეპიზოდებში დავჯაბნეთ. ამ მატჩმა კიდევ ერთხელ
დამარწმუნა იმაში, რომ სწორ გზას ვადგავართ და პსჟ ევროპის სუპერგრანდად ყალიბდება. ცხადია, "ნოუ კამპზე" ძალიან გაგვიჭირდება, მაგრამ ნახევარფინალში გასასვლელად ბოლომდე ვიბრძოლებთ."

ზლატან იბრაჰიმოვიჩი (პსჟ): "მართლა ძალიან კარგად ვითამაშეთ და საკმაოდ ბევრი მომენტი შევქმენით. ორჯერ ვაგებდით და თამაშში ორივეჯერ დავბრუნდით. წაგების შემთხვევაში შანსი მინიმუმამდე შემცირდებოდა, ფრე კი მისაღები შედეგია და ვფიქრობ, რომ ნახევარფინალში გასვლის რეალური შანსი გვაქვს."

დევიდ ბექჰემი (პსჟ): "ძალიან მაგარი თამაში იყო და ფრე ჩვენთვის ნორმალური შედეგია. უბედნიერესი ვარ, რომ მწვრთნელი ასეთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მენდო. ეს ჩემთვის დაუვიწყარი საღამო იყო. მიმაჩნია, რომ ამ დონეზე სათამაშოდ მზად ვარ, ფიზიკურად არავის ჩამოვ
უვარდები."

ჟორდი როურა ("ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის ასისტენტი): "პარიზში ფრე მიუღებელი შედეგი არაა, მაგრამ მოგებას ვიმსახურებდით და უნდა მოგვეგო. მსაჯი რამდენიმე ეპიზოდში პსჟ-ი
ს სასარგებლოდ შეცდა. პირველ რიგში, იბრაჰიმოვიჩის გოლს ვგულისხმობ - ზლატანი თამაშგარე მდგომარეობაში იყო. გული მწყდება ლეო მესისა და ხავიერ მასკერანოს ტრავმებზეც. მესის ტრავმა სერიოზული არაა, მასკერანო კი თვე-ნახევარი დაგვაკლდება."

ანალიზი
კარლო ანჩელოტიმ დევიდ ბექჰემის ძირითად შემადგენლობაში გამწესებით ბევრი გააოცა, ვეტერანმა ინგლისელმა კი თავისი თამაშით ვერავინ გააკვირვა და კარლიტომ ის მოედნიდან საფინალო სასტვენამდე 20 წუთით ადრე გაიყვანა. საკადრო თემაზე აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ "ბარსელონამ" მთელი მეორე ტაიმი ლიონელ მესის გარეშე ითამაშა. საბედნიეროდ, არგენტინელის ტრავმა სერიოზული არაა და ლეო საპასუხო მატჩამდე გამოჯანმრთელებას, სავარაუდოდ, მოასწრებს.

პარიზელებმა თავიდანვე აქტიურად შეუტიეს. ანჩელოტის გუნდი კომპაქტურად იდგა, მედგრად იბრძოდა და ვალდესის კართან პირველი მომენტი მეხუთე წუთზე შექმნა, როცა პასტორემ კატალონიელთა საჯარიმოში ლავეცი მოძებნა, ამ უკანასკნელს კი ბუსკეტსმა დროულად შეუშალა ხელი, თუმცაღა ბურთი საკუთარი კარის ძელისკენ გაგზავნა.

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა ყურადღება პირველად მე-19 წუთზე მიიქცია: შვედმა ჯარიმა მოხდენილად დაარტყა და ვალდესმა ბურთი კუთხურზე მოიგერია. ზუსტად ექვს წუთში იბრას მეორე მომენტი შეექმნა: კონტრშეტევისას მოურასგან კარგი პასი მიიღო, დარტყმა კი არაზუსტი გამოუვიდა.

ამის შემდეგ "ბარსა" აზრზე მოვიდა, ბურთი დაიჭირა და თამაშზე კონტროლი დაამყარა, მაგრამ პარიზელები დაცვაში უშეცდომოდ ირჯებოდნენ. ანჩელოტის გუნდის უკანა ხაზი პირველად 38-ე წუთზე შეცდა და "ბარსამაც" ანგარიში გახსნა: დანი ალვეშის სენსაციური პასი მესიმ შეირგო და სირიგუს ბურთის მოგერიების შანსი არ დაუტოვა.

მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ, პარიზელები მეორე ტაიმის საწყის პერიოდში მაინც დაცვიდან თამაშობდნენ. თავად განსაჯეთ: პსჟ-მ მეორე ნახევარში ვალდესის კარისკენ ზუსტად პირველად 71-ე წუთზეღა დაარტყა - ეს მაქსველი გახლდათ, რომელსაც ვალდესმა აუღო.

დასკვნით ფაზაში კი პარიზელები რისკზე წავიდნენ და შედეგი 79-ე წუთზე მიიღეს: საჯარიმო ჩაწოდებას ტიაგო სილვა გამოეხმაურა, მაგრამ მისი თავური დარტყმის შემდეგ ბურთი ვალდესის კარის ძელს მოხვდა, იქიდან ასხლეტილს კი ზლატანმა დაამატა და ანგარიში გაათანაბრა. გამეორებაზე ცხადად გამოჩნდა, რომ შვედი ტიაგი სილვას თავურის დროს თამაშგარე მდგომარეობაში იყო, მაგრამ გერმანელმა მსაჯმა მარკუს შტარკმა გოლი ჩათვალა.

მატჩის შემდეგ გერმანელ არბიტრს ორივე გუნდი უჩიოდა და შტარკის კრიტიკა სავსებით სამართლიანიცაა, მაგრამ 89-ე წუთზე გერმანელი სწორად მოიქცა, პსჟ-ის კარში პენალტი რომ დანიშნა - სირიგუმ სანჩესზე თამაშის წესები დაარღვია.

თერთმეტმეტრიანი ჩავიმ გამოიყენა, მაგრამ ანჩელოტის ბიჭებმა მაინც მოახერხეს ანგარიშის გათანაბრება: მატუიდის გოლი ვალდესის ბრალიცაა და იბრაჰიმოვიჩის დამსახურებაც.

დასკვნა
"ბარსელონა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალს მიღმა ბოლოს 2006/07 წლების სეზონში დარჩა და წესით, 6-წლიანი ტრადიცია არც ამჯერად უნდა დაარღვიოს.

ჩემპიონთა ლიგა. 1/4-ფინალი
პსჟ-ბარსელონა 2:2
გოლები: 0:1 მესი (38), 1:1 იბრაჰიმოვიჩი (79), 1:2 ჩავი (89-პენ), 2:2 მატუიდი (94)
პსჟ (4-4-2): სირიგუ - ჟალე, ალექსი, ტიაგო სილვა, მაქსველი - ლუკას მოურა, ბექჰემი (70. ვერატი), მატუიდი, პასტორე (76. გამეირო) - ლავეცი (66. მენეზი), იბრაჰიმოვიჩი.
ბარსელონა (4-3-3): ვიქტორ ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, მასკერანო (84. ბარტრა), ალბა - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი (46. ფაბრეგასი), ვილია (81. ტელიო).
გაფრთხილება: მატუიდი, ბექჰემი, იბრაჰიმოვიჩი, სირიგუ - პიკე, ალბა, მასკერანო, დანი ალვეში
მაყურებელი: 45 336

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
პსჟ-ბარსელონა 2:2 - პარიზული ფრე სტუმართა სასარგებლოდ [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული