იუპ ჰაინკესის ფლირტი "რეალთან"

AutoSharing Option
იუპ ჰაინკესის "რეალში" შესაძლო დანიშვნის შესახებ ყოველდღიურად ახალ-ახალი ინფორმაციები ვრცელდება. საიდუმლოს აღარ წარმოადგენს ის, რომ 68 წლის გერმანელ სპეციალისტს, რომელიც ჩემპიონთა ლიგისა და გერმანიის თასის ფინალების შემდეგ "ბაიერნს" დაემშვიდობება, სამწვრთნელო კარიერის დასრულება არ გადაუწყვეტია - მან მხოლოდ ის თქვა, რომ ბუნდესლიგაში აღარ იმუშავებს.

ამას წინათ ვწერდით, რომ ჰაინკესის გადაბირება მადრიდის "რეალს" სურს. სიახლე ისაა, რომ იუპის ესპანელმა მრჩეველმა ენრიკე რეიესმა რადიო "კოპეს" უთხრა, გამორიცხული არაა, რომ ჰაინკესი მადრიდული გრანდის თავკაცად დაინიშნოსო.

"რეალთან" არათუ არ შევთანხმებულვართ, არამედ მოლაპარაკებებიც არ გვქონია, -
აღნიშნა რეიესმა, - თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჰაინკესის "რეალში" დანიშვნა გამორიცხულია. თუკი ფლორენტინო პერესი დარეკავს, დაველაპარაკები. იუპმა მხოლოდ ის თქვა, რომ ბუნდესლიგაში აღარ იმუშავებს, სამწვრთნელო კარიერის დასრულების შესახებ კი არაფერი უთქვამს."

ესპანურ პრესაში გავრცელებული ცნობების თანახმად, პერესის ფავორიტი კარლო ანჩელოტია ჰაინკესს კი "რეალის" პრეზიდენტი ანჩელოტის ალტერნატივად განიხილავს. ჩვენი ესპანელი კოლეგები ჰაინკესისა და "რეალის" შეფების მოლაპარაკებებზე მას მერე ალაპარაკდნენ, რაც რეიესი "სანტიაგო ბერნაბეუზე" ნახეს...

იუპმა ბოატენგი არჩია
ამასობაში, თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალისთვის "ბაიერნის" ძირითადი შემადგენლობა საბოლოოდ გამოიკვეთა. პრინციპში, დიდ საიდუმლოს არც აქამდე წარმოადგენდა ის, თუ ვის ათამაშებდა "დონ იუპი" "უემბლიზე" სასტარტოში - კითხვის ნიშანი რეალურად მხოლოდ ერთ პოზიციაზე იყო: ვინ ითამაშებდა დაცვის ცენტრში, დანტეს გვერდით - დანიელ ვან ბუიტენი თუ ჟერომ ბოატენგი.

ვარჯიშების შემდეგ ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა დაასკვნეს, რომ ჰაინკესი სასტარტოსთვის ბოატენგს ამზადებს.

"ჟერომი ახლა ძალიან კარგ ფორმაშია, - აღნიშნა ჰაინკესმა 23 მაისის ვარჯიშის შემდეგ, - თანაც, ზუსტად ვიცი, რომ ეს მისი მაქსიმუმი არაა - ბოატენგი პროგრესს აუცილებლად განაგრძობს".

24 წლის ცენტრალურ მცველს ამ დღეებში რეკორდმაისტერის კაპიტანი ფილიპ ლამიც ხშირად აქებს - ნებისმიერ ტაქტიკას და ნებისმიერი სტილის თავდამსხმელს ერგებაო.

ცხადია, ჰაინკესმა იცის, რომ ბოატენგის თამაში გარკვეულ რისკებთანაა დაკავშირებული - ჟერომი ხანდახან ზედმეტად უხეშობს ხოლმე და შეცდომების დაშვებაც "ეხერხება", მაგრამ იუპმა უპირატესობა მაინც მას მიანიჭა და არა აყლაყუდა ბელგიელ ვან ბუიტენს. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ "დორტმუნდის" წინააღმდეგ, ზოგადად, ბოატენგი უფრო ხშირად თამაშობს ხოლმე, ვიდრე ვან ბუიტენი. ბოლო სამ წელიწადში ჟერომმა "ბორუსიას" წინააღმდეგ 7-ჯერ იასპარეზა (ორი მოგება, ორი ფრე, სამი მარცხი), ვან ბუიტენმა კი მხოლოდ სამჯერ (1/1/1).

რიბერის ფორმულა: ჯერ ჰეთ თრიკი, მერე კონტრაქტი
ფრანკ რიბერის არაერთხელ უთქვამს, კარიერის "ბაიერნში" დასრულება მინდაო, მაგრამ მიუნხენური კლუბის ფანები მაინც ნერვიულობენ იმაზე, რომ შესაძლოა, 30 წლის ფრანგმა ბავარიული გრანდი დატოვოს. თუმცა რიბერიმ ფანები დაამშვიდა: "ახალი კონტრაქტი არ გამიფორმებია, მაგრამ მგონი, გავაფორმებ. ვფიქრობ, რომ საჩქარო არაფერია და მიმაჩნია, რომ ახალი ხელშეკრულების შესახებ გამოცხადების საუკეთესო მომენტი სამი ტიტულის მოგების შემდეგ იქნება. როცა ჩემპიონთა ლიგის ფინალსაც მოვიგებთ და გერმანიის თასსაც, კონტრაქტზე სერიოზულად მერე ვიფიქრებ".

შეგახსენებთ, რომ რიბერი 2010 წელსაც ასე მოიქცა: მილანის "ინტერთან" წაგებული ფინალის შემდეგ მარიენპლატზე, რატუშის აივანზე გამოაცხადა, "ბაიერნში" კიდევ ხუთი წელი ვრჩებიო. მაშინ გაფორმებულ ხელშეკრულებას ვადა 2015 წლამდე აქვს, ახლა კი "ბაიერნის" ბოსები მას კონტრაქტის მინიმუმ 2017 წლამდე გახანგრძლივებას სთავაზობენ.

შეგახსენებთ, რომ ფრანკ რიბერი "ბაიერნში" 2007 წელს მარსელის "ოლიმპიკიდან" გადავიდა და ბავარიულმა გრანდმა მაშინ მის სანაცვლოდ 25 მილიონი ევრო გადაიხადა.

მიმდინარე სეზონის ყველაზე გამორჩეული ფეხბურთელი ახლა მხოლოდ 25 მაისის ფინალზე ფიქრობს: "ბაიერნთან" ერთად, ჩემპიონთა ლიგის გარდა, ყველაფერი მოვიგე და იმედი მაქვს, რომ შაბათს ლიგის თასსაც ავწევ. თუ ამ ტიტულსაც მოვიგებთ, ჩავთვლი, რომ ჩემი კარიერა "ბაიერნში" სრულყოფილია," - და მიუნხენურ გრანდში ალბათ მართლა კარიერის ბოლომდე დარჩება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
იუპ ჰაინკესმა პრესკონფერენციაზე იტირა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული