ბორუსია VS ბაიერნი - პირველი გერმანული ფინალი

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალების დასრულების შემდეგ, ინტერნეტში გავრცელდა ხუმრობა: ჩერჩილს "უემბლიზე" მოთამაშე ორი გერმანული გუნდი რომ ეხილა, ჭკუიდან შეიშლებოდაო.

ნამდვილად ვერ გეტყვით, რას იფიქრებდა ბრიტანეთის ყოფილი პრემიერი, მაგრამ ჩვენ მიგვაჩნია, რომ ძალიან საინტერესო და სანახაობრივი თამაში უნდა ვიხილოთ, თუნდაც იმიტომ, რომ ფინალში თამაშის უფლება ორმა საუკეთესო გუნდმა მოიპოვა...

ბორუსია
მთავარი სიახლე და სალაპარაკო თემა, რომელიც დორტმუნდულ კლუბს შეეხება, რა თქმა უნდა, მარიო გიოტცეა - მიუნხენის "ბაიერნის" მომავალი ფეხბურთელი ფინალურ შეხვედრას ტრავმის გამო გამოტოვებს, რაც "ბორუსიასთვის" დიდი დანაკლისია, თუმცა ვინ იცის, იქნებ
ასე უკეთესიც იყოს...

გოიტცეს გარდა (ოვომოიელას თუ არ ჩავთვლით) იურგენ კლოპის გუნდს დანაკლისი არ აქვს.

"ბორუსიამ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ძალიან კარგად იასპარეზა და პირველი მარცხი მხოლოდ 1/2 ფინალის საპასუხო შეხვედრაში განიცადა, რითაც 12-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.

"რეალთან" წაგებული იმ შეხვედრის შემდეგ, BVB-მ ბუნდესლიგაში სამი მატჩი ჩაატარა და ერთიც ვერ მოიგო (2 ფრე და 1 წაგება).

ასეთი უიღბლო სერია (4-მატჩიანი) "ბორუსიას" ბოლოს 2011 წლის სექტემბერში ჰქონდა, 5-მატჩიანი მოუგებელი სერია კი გუნდს 2009 წლის სექტემბრის შემდეგ არ ჰქონია.

ბაიერნი
მიუნხენელებს ახალი დანაკლისი არ აქვთ. ჰოლგერ ბადშტუბერი და ტონი კროოსი დიდი ხანია ტრავმირებულნი არიან და მათი ფინალურ შეხვედრაში მონაწილეობა თავიდავე გამორიცხული იყო.

მიუნხენელები შეხვედრის ფავორიტად ითვლებიან და ამაში გასაკვირი არაფერია. იუპ ჰაინკესის სამწყსომ მთელი სეზონი დამაჯერებლად განვლო და "ბატესთან" წაგებას თუ არ ჩავთვლით, ჩავარდნა არ ჰქონია.

"რეკორდმაისტერს", რომელმაც ბუნდესლიგის ჩემპიონის ტიტული სარეკორდოდ მოკლე დროში გაინაღდა, ჰეთთრიქის შესრულების შანსი აქვს და მიუნხენელები ყველაფერს გააკეთებენ იმისთვის, რომ 1999 წელი არ გაიმეორონ.

შეგახსენებთ, რომ "ბაიერნი" მაშინაც სამი ტიტულისთვის იბრძოდა, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ფინალში დამარცხების შემდეგ, მიუნხენელებმა გერმანიის თასის ფინალიც წააგეს და მხოლოდ ჩემპიონობის ამარა დარჩნენ.

ისევ ურთიერთშეხვედრებზე
გუნდები წელს ერთმანეთს უკვე 4-ჯერ შეხვდნენ. ბუნდესლიგაში გამართული ორივე მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. გერმანიის თასზე "ბაიერნმა" 1:0 იმარჯვა, სუპერთასზე კი 2:1.

როგორც ხედავთ, "ბაიერნს" მეტოქესთან 4-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს, მაგრამ ეს სტატისტიკა შესაძლოა მატყუარა იყოს.

მხოლოდ ბუნდესლიაში გამართულ მატჩებს თუ გადავხედავთ, "ბორუსიას" "ბაიერნთან" უკვე 6 მატჩია არ წაუგია.

უკანასკნელად მიუნხენელებმა დორტმუნდელებს 2010 წელს მოუგეს, იქიდან მოყოლებული კი 4 წააგეს და 2 ფრედ ითამაშეს.

სტატისტიკა
ბორუსია/ ბაიერნი
12 თამაში 12
7 მოგება 9
4 ფრე 1
1 წაგება 2
23 გატანილი 29
12 გაშვებული 10
ლევანდოვსკი - 10 ბომბარდირი მიულერი - 8
107 კარში დარტყმა 104
55 კარისკენ დარტყმა 84
56 კუთხური 100
26 თამაშგარე 27
145 ჯარიმა 166
13 ყვითელი ბარათი 28
0 წითელი ბარათი 1

კლოპი: გადამწყვეტი მალაგასთან მატჩი იყო
"სწორედ "მალაგასთან" მოპოვებული იმ საოცარი გამარჯვების შემდეგ გავიფიქრე, რომ ჩვენ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეგვეძლო. შესაძლოა, ჩვენი ფინალში გასვლა მოულოდნელობაა, მაგრამ სენსაცია ნამდვილად არ არის," - განაცხადა იურგენ კლოპმა.

"ბორუსიას" დამრიგებელმა, რომელიც კლუბს სათავეში 2008 წლიდან უდგას, განაცხადა, რომ მისი გუნდის ტაქტიკა გუნდურობაზე და ურთიერთ დახმარებაზეა დამყარებული:

"ფეხბურთი გუნდური სპორტია და მისი მთავარი აზრი ერთმანეთისთვის დახმარების გაწევაა.

ოჯახის წევრების შემდეგ, ფეხბურთელისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ადამიანი თანაგუნდელი უნდა იყოს".


ფინალური მატჩის შესახებ 45 წლის სპეციალისტმა შემდეგი მოსაზრება გამოთქვა:

"ჩვენ, ისევე როგორც "ბაიერნი", მეტოქეების სათამაშო სტილზე მორგებას არასდროს ვცდილობთ.

რატომ უნდა გავაკეთოთ ეს ახლა? მხოლოდ იმის გამო რომ ფინალია? ჩვენ ამას ნამდვილად არ ვიზამთ. ორივე გუნდი ერთმანეთს საკმარისად კარგად იცნობს და თამაშის დაწყების წინ რაიმე სიურპრიზი გამორიცხულია.

მთავარია, რომ ვიმოქმედოთ ზუსტად ისე, როგორც აქამდე ვმოქმედებდით, ოღონდ ამჯერად ეს განსაკუთრებულად კარგად უნდა გავაკეთოთ".


ჰაინკესი: ასეთი რამ არასდროს გამომიცდია
თუ "ბაიერნი" ფინალს მოიგებს, იუპ ჰაინკესი გახდება მე-19 მწვრთნელი ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგა ორჯერ მოიგო.

შეგახსენებთ, რომ 68 წლის სპეციალისტმა 1998 წელს ეს ტურნირი მადრიდის "რეალს" მოაგებინა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ მაშინ "რეალმა" 1/2 ფინალში სწორედ "ბორუსიას" მოუგო.

წლევანდელი სეზონი "ბაიერნისთვის" მართლაც განსაკუთრებულია. ბევრი სპეცილისტის აზრით, ეს ყველა დროის საუკეთესო "ბაიერნია" და ამ გუნდის წარმატებების მთავარი შემოქმედი სწორედ ჰაინკესია.

აი, რა განაცხადა იუპმა ფინალური მატჩის წინ:

"ასეთი რამ აქამდე არასდროს გამომიცდია. ჩვენ შესანიშნავ სეზონს ვატარებთ, რომლის დროსაც პრაქტიკულად ყველა რეკორდი დავამხეთ. როგორც წესი, როდესაც ბევრს იტან, ბევრსაც უშვებ, მაგრამ...

ისეთმა ფეხბურთელებმა, როგორებიც არიან ფრანკ რიბერი, არიენ რობენი, მარიო გომესი, მარიო მანჯუკიჩი, თომას მიულერი, ჯერდან შაჩირი, დაცვაში თამაში ისწავლეს, რაც თანამედროვე ფეხბურთში აუცილებელია".


აქვე აღვნიშნოთ, რომ ჰაინკესს ერთი გერმანული ფინალი უკვე წაგებული აქვს - 1980 წლის უეფას თასის ფინალში, მის მიერ გაწვრთნილი მიონხენგლადბახის "ბორუსია" ფრანკფურტის "აინტრახტთან" დამარცხდა.

ისევ სტატისტიკა

"ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში მეათედ გავიდა. მიუნხენელებმა წინა 9 შეხვედრიდან 4 მოიგეს და 5 წააგეს.

გამარჯვების შემთხვევაში, "ბაიერნი" ტიტულების რაოდენობით "ლივერპულს" წამოეწევა და წინ მხოლოდ "მილანი" (7 ტიტული) და "რეალი" (9 ტიტული) იქნებიან.

"ბორუსია" ფინალში მეორე გავიდა და მოგების შემთხვევაში 100-პროცენტიან შედეგს შეინარჩუნებს.

"ბაიერნს" ბუნდესლიგაში ყველაზე დიდი ანგარიშით 1971 წელს აქვს მოგებული. მიუნხენელებმა 11:1 მოიგეს, მეტოქე კი... დორტმუნდის "ბორუსია" იყო.

ჰაინკესს შეუძლია გახდეს მეოთხე მწვრთნელი ერნსტ ჰაპელის, ოტმარ ჰიტცფელდის და ჟოზე მოურინიოს შემდეგ, ვისაც ჩემპიონთა ლიგა ორი სხვადასხვა გუნდის მწვრთნელობისას ექნება მოგებული.

აქამდე ერთი ქვეყნის გუნდების მონაწილეობით სამი ფინალი გამართულა: 2000 წელს "რეალმა" "ვალენსიას" მოუგო (3:0), 2003 წელს "მილანმა" "იუვენტუსი" პენალტების სერიაში დაამარცხა, ხოლო 2008 წელს "მანჩესტერ იუნაიტედმა" "ჩელსის" მოსკოვში პენალტების სერიაში სძლია.

ბორუსია-ბაიერნი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
ბორუსია (4-2-3-1): ვაიდენფელერი - პიშჩეკი, ჰუმელსი, სუბოტიჩი, შმელცერი - გიუნდოგანი, ს. ბენდერი - ბლაშჩიკოვსკი, როისი, გროსკროიტცი - ლევანდოვსკი.
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - ლამი, ბოატენგი, დანტე, ალაბა - ხავი მარტინესი, შვაინშტაიგერი - რობენი, მიულერი, რიბერი - მანჯუკიჩი.
არბიტრი: ნიკოლა რიცოლი (იტალია)
დისკვალიფიკაცია: არავინ
ტრავმა: ოვომოიელა, გიოტცე - ბადშტუბერი, კროოსი

ურთიერთშეხვედრები
ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალი

04/03/1998
ბაიერნი-ბორუსია 0:0

18/04/1998
ბორუსია-ბაიერნი 1:0
გოლი: 1:0 შაპუიზა (109).

სულ 2 თამაში: +1 =1 -0 (1:0)

ურთიერთშეხვედრები ყველა ტურნირზე
სულ 100 თამაში: +26 =29 -45

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგის ყველა ფინალი 1993 წლიდან დღემდე
ჩემპიონთა ლიგის ფინალი: უბრალო დამთხვევა, თუ...
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული