ჩემპიონთა ლიგა. სტატისტიკა: გერმანიის მეშვიდე ტიტული

AutoSharing Option
"ჩელსის" ისტორიული ჩავარდნა, ჟოზე მოურინიოს, ზლატან იბრაჰიმოვიჩის და კრიშტიანო რონალდოს მიღწევები, "ბაიერნის" საოცარი სეზონი - ეს და კიდევ ბევრი სხვა რამ ჩემპიონთა ლიგის სტატისტიკურ მიმოხილვაში...

1 - ლონდონის "ჩელსი" გახდა პირველი კლუბი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო და მომდევნო სეზონში ჯგუფში ჩარჩა. გარდა იმისა, რომ ამ სეზონამდე "ჩელსის" ჯგუფური ეტაპი ათივე შემთხვევაში გადალახული ჰქონდა, 16 გატანილი გოლით "არისტოკრატებს" 6 მატჩის შემდეგ ტურნირის საუკეთესო შეტევა ჰყავდათ.

4 - კარლო ანჩელოტი გახდა მეორე მწვრთნელი ჟოზე მოურინიოს შემდეგ, ვინც ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალში მეოთხე კლუბი
გაიყვანა. იტალიელმა სპეციალისტმა წელს ამ ეტაპამდე ფრანგული პსჟ მიიყვანა.

4 - "ბაიერნის" მიერ ჩემპიონთა ლიგის ფინალში მოპოვებულმა გამარჯვებამ გერმანიას მეშვიდე ტიტული მოუტანა და ამ მაჩვენებლით მეოთხე ადგილზე გადაიყვანა.

5 - ამ შვიდი ტიტულიდან ხუთი "ბაიერნს" ეკუთვნის. ახლა მიუნხენელები მხოლოდ "რეალს" (9) და "მილანს" ჩამორჩებიან (7). ასევე 5 ტიტული აქვს "ლივერპულს".

6 - ბურაქ ილმაზმა ჯგუფურ ეტაპზე 6 გოლი გაიტანა, რაც თურქ ფეხბურთელებს შორის საუკეთესო შედეგია. საბოლოოდ, "გალათასარაის" ფორვარდმა ტურნირი 8 გოლით დაასრულა. ილმაზმა ლიგაში "გალას" პირველი 6 ბურთი გაიტანა და აღსანიშნავია, რომ ამ სერიის დაწყებამდე, ჩემპიონთა ლიგაში მანამდე ჩატარებულ 16 შეხვედრაში (საკვალიფიკაციო ეტაპის ჩათვლით), ფორვარდს გოლი არ ჰქონდა გატანილი.

6 - ზლატან იბრაჰიმოვიჩმა პირველ ტურში კიევის "დინამოსთან" თავი გამოიჩინა და გახდა პირველი ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში გოლი 6 სხვადასხვა კლუბში გაიტანა. შვედმა ამის გაკეთება "აიაქსის", "იუვენტუსის", "ინტერის", "ბარსელონას", "მილანის" და პსჟ-ის მაისურებით შეძლო.

7 - "ბაიერნმა" ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში "ბარსელონას" ჯამში 7:0 მოუგო და რეკორდი დაამყარა - აქამდე ასეთი ანგარიში 1/2-ფინალებში არასდროს დაფიქსირებულა.

10 - "ჩელსიმ" და "კლუჟმა" ჯგუფური ეტაპი 10-10 ქულით დაასრულეს, მაგრამ მომდევნო ეტაპზე მაინც ვერ გავიდნენ. ლონდონური და რუმინული კლუბები შეუერთდნენ იმ გუნდებს, რომლებმაც ასევე 10 ქულა მოაგროვეს, მაგრამ ჯგუფში ჩარჩნენ. ეს გუნდები არიან: კიევის "დინამო" (1999/2000 წლების მეორე ჯგუფური ეტაპი და 2004/05), დორტმუნდის "ბორუსია" (2002/03-ის მეორე ჯგუფური ეტაპი), "პსვ ეინდჰოვენი" (2003/04), "ოლიმპიაკოსი" (2004/05), ბრემენის "ვერდერი" (2006/07) და "მანჩესტერ სიტი" (2011/12).

15 - იუპ ჰაინკესმა ჩემპიონთა ლიგა 15-წლიანი პაუზის შემდეგ მოიგო (1998 წელს "რეალს" გაამარჯვებინა) და მორიგი რეკორდი დაამყარა - ორ გამარჯვებას შორის ამხელა პაუზა აქამდე არავის ჰქონია. გარდა ამისა, ჰაინკესი გახდა მეხუთე მწვრთნელი ისტორიაში, ვინც ჩემპიონთა ლიგა ორ სხვადასხვა გუნდს მოაგებინა.

16 - კლაუდიო პისარომ "ლილთან" შეხვედრაში ჰეთ თრიქი 16 წუთში შეასრულა, რაც ისტორიაში მესამე ყველაზე სწრაფი ჰეთ თრიქია. პირველ ადგილზე რჩება ბაფეტიმბი გომისი, ვინც ზაგრების "დინამოს" სამი გოლი 8 წუთში გაუტანა.

17 - მადრიდის "რეალმა" ჯგუფში მეორე ადგილი დაიკავა და პლეი ოფში ზედიზედ მეთექვსმეტედ, სულ კი მეჩვიდმეტედ გავიდა. უკანასკნელად "სამეფო კლუბი" მეორე ეტაპზე 1996/97 წლების სეზონში ვერ მოხვდა, რადგან მაშინ "რეალი" ჩემპიონთა ლიგაში საერთოდ არ მონაწილეობდა.

21 - მეორე ტურში "სელტიკმა" მოსკოვის "სპარტაკს" 3:2 მოუგო და ჩემპიონთა ლიგაში სტუმრად ჩატარებულ 21 შეხვედრაში პირველი გამარჯვება მოიპოვა.

50 - 1/2-ფინალში "ბორუსიასთან" გატანილი გოლის შემდეგ კრიშტიანო რონალდო გახდა მეხუთე ფეხბურთელი, ვინც ჩემპიონთა ლიგაში 50 გოლის გატანა შეძლო. სხვები არიან: რაული, ლიონელ მესი, რუუდ ვან ნისტელროი და ტიერი ანრი.

59 - ლიონელ მესიმ ამ სეზონში 8 გოლი გაიტანა. სულ არგენტინელის ანგარიშზე 59 ბურთია და ის ყველა დროის ბომბარდირთა სიაში მეორე ადგილზეა, ჩამორჩება რა მხოლოდ რაულს, რომელსაც 12 გოლით მეტი აქვს გატანილი.

100 - ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურში ჟოზე მოურინიო გახდა მეოთხე მწვრთნელი, რომელიც საკუთარ გუნდებს ჩემპიონთა ლიგის 100 შეხვედრაში გაუძღვა. აქამდე ასეთი რამ მხოლოდ არსენ ვენგერს, სერ ალექს ფერგიუსონს და კარლო ანჩელოტის ჰქონდათ გაკეთებული.

114 - სერ ალექს ფერგიუსონმა მაისში კარიერის დასრულების შესახებ გამოაცხადა. შოტლანდიელმა "მანჩესტერ იუნაიტედს" ზუსტად 1 500 შეხვედრაში უხელმძღვანელა. აქედან 202 თამაში ჩემპიონთა ლიგაზე მოდის (საკვალიფიკაციოს ჩათვლით). ფერგი არის ერთადერთი მწვრთნელი, ვინც ჩემპიონთა თასზე 100-ზე მეტი გამარჯვება მოიპოვა. სერ ალექსის ანგარიშზე 114 გამარჯვებაა (4 - აბერდინი, 110 - მანჩესტერ იუნაიტედი). ამ მხრივ, მეორე ადგილზე არსენ ვენგერია - 79 გამარჯვება.

567 - ზაგრების "დინამომ" 2011/12 წლების სეზონში ჯგუფური ეტაპის 6-ივე მატჩი წააგო. წელს ხორვატებმა პირველ ხუთ ტურში ხუთი მარცხი განიცადეს, თანაც ისე, რომ გოლის გატანაც ვერ მოახერხეს. მეექვსე შეხვედრის ბოლო წუთზე, როდესაც ანგარიში 0:1 იყო, ივან კრსტანოვიჩმა პენალტი მოიპოვა, რომელიც თვითონვე გაიტანა. "დინამომ" კიეველ თანაკლუბელებთან ფრედ ითამაშა და 567-წუთიანი (დამატებული დროის ჩათვლით) მშრალი სერია შეწყვიტა. ისტორიის განმავლობაში, ჯგუფური ეტაპი გატანილი გოლის გარეშე სულ ორმა კლუბმა დაასრულა - "დეპორტივომ" (2004/05) და ჰაიფას "მაკაბიმ" (2009/10).

6 000 - სერხიო რამოსის ავტოგოლი, რომელიც ესპანელმა "მანჩესტერ იუნაიტედთან" საპასუხო 1/8-ფინალურ შეხვედრაში გაიტანა, ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში გატანილი მე-6000 გოლი იყო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ლიგის ფინალის შემდეგ: წითელი ზეიმი, ყვითელი ცრემლები [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული