დინამო-სტიაუა. გამოხმაურება: ძლიერი თუ უძლეველი?

AutoSharing Option
უდიდესი რესურსი
როგორ ფიქრობთ, საკუთარ მოედანზე 0:2-ზე წაგებული მატჩის მერე თბილისის "დინამოს" კიდევ დარჩა ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფში გასვლის შანსი?

თუ მხოლოდ 30 ივლისის შეხვედრის მიხედვით ვიმსჯელებთ, არა გვგონია რუმინული საკლუბო ფეხბურთის გრანდმა "სტიაუამ" სტუმრად მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა გაანიავოს;

დავეთანხმებით დინამოელთა მთავარ მწვრთნელს დუშან უჰრინს "სტიაუასთან" წაგებული მატჩის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ნათქვამში:

"სტუმრად სწრაფი გოლი თუ გავიტანეთ, შემდეგ, შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს" (იხილეთ ვრცლად).

მოვლენების ასეთი განვითარება კი ქართველ გულშემატკივარს რატომაც არ უნდა აწყობდეს, თუმცა ერთია - სურვილი, მეორე კი -
რეალობა!

ანუ, ყველასათვის ცხადია, რომ საპასუხო მატჩში "დინამოს" დასაკარგავი არაფერი ექნება, - მხოლოდ და მხოლოდ გოლის გატანაზე უნდა იფიქროს და მეტოქეს საკუთარი თამაში მოახვიოს.

აი, "სტიაუას" თავკაცი ლაურენციო რეგეკამპი რა ტაქტიკა-სტრატეგიას აირჩევს, ძნელი სათქმელია - ადრეც აღვნიშნეთ და დღესაც გავიმეორებთ, რომ თბილისურ მატჩში რუმინული გუნდის თამაშში უდიდესი რესურსი იგრძნობოდა.

თანაც, ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მეტოქის თავკაცს უფრო საფუძვლიანად ჰქონდა შესწავლილი თბილისის "დინამოს" ძლიერი თუ სუსტი მხარეები, ვიდრე დუშან უჰრინს - "სტიაუას" თამაშის სტილი.

ყოველ შემთხევევაში, ჩვენ ასეთი შთაბეჭდილება დაგვრჩა, რამეთუ, ჩვენი ფეხბურთელები არ აღმოჩნდნენ მზად რუმინელთა მრავალფეროვანი კომბინაციების "გასაშიფრად"; აღარაფერს ვამბობთ სტუმრების ფლანგებზე მოპოვებულ კოლოსალურ უპირატესობაზე, სადაც მართლაც წაგვლეკეს და მთელი მატჩის განმავლობაში ჩვენს კართან შექმნილი იმ უამრავი სახიფათო მომენტიდან უმრავლესობა სწორედ ფლანგებიდან იქმნებოდა.

ოღონდ, ამ შემთხვევაში ისე არავინ გაიგოს, თითქოს ცენტრალურ ზონას ჩვენ ვაკონტროლებდით და მეტოქეს მხოლოდ ფლანგები დავუთმეთო, - სამწუხაროდ, მოედნის ცენტრსაც "სტიაუას" ფეხბურთელები აკონტროლებდნენ (გუნდის კაპიტანის, ვერცხლისწყალივით მოძრავი ალექსანდრე ბურჩეანუს ძალისხმევით) და ჩვენს ნახევარზე იმათი უსწრაფესი გადმოსვლა ხომ მატჩის დასაწყისიდანვე თვალში საცემი იყო.

კიდევ ერთი ნიუანსიც: ერთი-ორი გამონაკლისის გარდა, "სტიაუას" ყველა შეტევა კარგად გააზრებულ-გათვლილი იყო, მაშინ, როცა ჩვენები უმეტეს შემთხვევაში ქაოტურად ან კიდევ ცალკეული ფეხბურთელის ინდივიდუალიზმის ხარჯზე უტევდნენ.

ჰო, ამ შემთხვევაშიც გავმეორდებით და გუშინდელის მსგავსად, დღესაც ვიტყვით, რომ "სტიაუამ" ჩინებულად ორგანიზებული გუნდის შთაბეჭდილება დატოვა; თანაც, ყველა რგოლში ერთიმეორეზე გამორჩეული პერსონებიც ჰყავდა: მეკარე ჩიპრიან ტატარუშანუმ პირველ ტაიმში გიორგი მერებაშვილის არცთუ იოლი დარტყმაც მოიგერია და, რაც მთავარია, ჩისკოს პენალტი აუღო!

არანაკლებ ჩინებული შთაბეჭდილება დატოვეს ცენტრალურ მცველთა "დუეტმა", თუმცა ტანმაღალი ლუკაშ სუკალა მაინც ცალკე აღნიშვნის ღირსია, ისე როგორც ზემოთ ნახსენები საყრდენი ნახევარმცველი ალექსანდრ ბურჩეანუ, მარჯვენა გარემარბი ადრიან პოპა და შეცვლაზე შემოსული ახალგაზრდა შემტევი გაბრიელ იანკუ (ორი გოლი ვინც გაგვიტანა).

აი, მარცხენა გარემარბი კრისტიან ტანასე კი იმ მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახლდათ და საპასუხო მატჩში მისი განეიტრალება როგორ უნდა შეძლონ "დინამოს" ფეხბურთელებმა, ძნელი სათქმელია...

სხვა რეალობა
...და მაინც: რის ხარჯზე შეიძლება მოახერხოს "დინამომ" საპასუხო მატჩში თავისთვის სასურველი შედეგის მიღწევა?

მით უფრო, არ დაგვავიწყდეს, რომ საქართველოს ჩემპიონს ბუქარესტში, სულ მცირე, ორი გოლი სჭირდება, თანაც საკუთარი კარი უსაფრთხოდ უნდა შეინახოს!

ჰო, ძალიან ძნელი საქმე იქნება ამის გაკეთება ძალიან ძლიერ მეტოქესთან; თუმცა ისიც დავამატოთ, რომ იმავე "სტიაუას" მაგალითზე "ძლიერი" სულაც არ ნიშნავს "უძლეველს" და ყოველივე ეს თბილისურ მატჩშიც გამოჩნდა.

რა თქმა უნდა, არავინ იცის, საპასუხო შეხვედრაში მეტოქე რა "შინაარსის" თამაშს შემოგვთავაზებს, მაგრამ "დინამოსთვის" ამას მნიშვნელობა არ ექნება - დუშან უჰრინის გუნდი უპირატესობას ყოველთვის "პირველ ნომრად" თამაშს ანიჭებს და ეს თბილისურ მატჩშიც დამტკიცდა უფრო ზუსტად, 30 ივლისის შეხვედრაში (განსაკუთრებით პირველ ტაიმში) ჩვენები რამდენჯერაც ტემპს მოუმატებდნენ და "გადაბმულად" რამდენიმე ზუსტ პასს გააკეთებდნენ, სტუმართა საჯარიმოსთან მაშინათვე ხიფათი იქმნებოდა.

სამწუხაროდ, ასეთი ეპიზოდები არც ისე ბევრი იყო. სამაგიეროდ, ბოლო არ უჩანდა ბურთის ზედმეტად "თრევასა" თუ მეტოქის საჯარიმოსკენ გაკეთებულ მაღალ გადაცემებს, რასაც სტუმრები იოლად უმკლავდებოდნენ.

არც ის დაგვავიწყდეს, რომ "სტიაუას" ფეხბურთელები ჩინებულად იყენებდნენ გუნდურ პრესინგს (განსაკუთრებით - მოედნის ცენტრში), რის გამოც დინამოელებს სწრაფი და სწორი გადაწყვტილების მიღება უჭირდათ.

მოკლედ, ოფიციალურ მატჩებში წაგებადავიწყებული "დინამო"... სხვა რეალობის წინაშე აღმოჩნდა: საქართველოს ჩემპიონატში მთელი წლის განმავლობაში გუნდს, ფაქტობრივად, წინააღმდეგობა არსად შეხვედრია და აი, უცბად, ჩინებულად ორგანიზებულ გუნდთან მოუწია დაპირისპირებამ. თანაც, "სტიაუასაგან" განსხვავებით, "დინამოს" თამაშის "შინაარსის" შეცვლის რესურსიც არ გააჩნდა: ჩვენი ჩემპიონის სათადარიგოთა სკამზე ორი მცველი იჯდა (დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი), ორი სრულიად გამოუცდელი ახალგაზრდა ბიჭი (გიორგი პაპავა, დავით ხოჭოლავა) და ორიც გუნდის ახალწვეული, რომლებთაც "დინამოსთან" ერთად მოსამზადებელი ეტაპი... არ გაუვლიათ!

ჰო, კოტდივუარელი პატრიკ ვუო "დინამოში" მაშინ ჩაირიცხა, ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩამდე ორი დღე რომ იყო დარჩენილი; რუმინელი დორინ გოგას "დინამოს" საევროპე განაცხადში მოხვედრა კი სულაც "სტიაუასთან" შეხვედრის წინა დღეს გადაწყდა!

რა თქმა უნდა, წინასწარ ვინ იფიქრებდა, რომ გუნდის ორი საკვანძო ფეხბურთელი პეტერ გრაიციარი და ირაკლი ძარია "უდროო დროს" (შესაბამისად, მოსკოვის "დინამოსთან" ამხანაგურ შეხვედრაში და ფარერების "სტრეიმურთან" საშინაო მატჩში) მიიღებდნენ ტრავმებს და გუნდს გარკვეული დროით გამოაკლდებოდნენ, თუმცა ბევრი დაგვეთანხმება, რომ ჩემპიონთა ლიგის მატჩებისათვის ჩვენს ჩემპიონს უფრო მეტი აქტიურობა მართებდა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე.

ყოველივე ზემოთქმულის მიუხედავად, მცირე იმედი მაინც უნდა დავიტოვოთ და ვისურვოთ, რომ ჩვენმა ჩემპიონმა მოსალოდნელზე ბევრად ძლიერ მეტოქეს ყველა ქართველი ქომაგისათვის სასურველი ანგარიშით სწორედ საპასუხო მატჩში მოუგოს და ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფშიც გავიდეს!

იხილეთ ვიდეო

Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge


ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 9 /
მონსტრს ნუ ქმნით ჯერ ერთი და ეს იდიოტური პესიმიზმი რა საჭიროა, ვერ ვხვდები. მარტო მოგებულებს გულშემატკივრობს ხალხი ამ ქვეყანაში და იმ ადამიანს, ვინც წინასწარ 4-0-ებზე ლაპარაკობს და პირველივე გაშვებულ გოლზე მიდის სტადიონიდან, არაფრის თქმის მორალური უფლება არა აქვს.

მეორე საკითხია ამ ლეგიონერებით გუნდის გატენვა, როცა უამრავი კარგი ფეხბურთელი უგუნდოდაა დარჩენილი და არც ერთი მათგანი არ იტყვის უარს დინამოზე (სტატია დევს კიდეც აქ). ჩისკო გამოცდილია, ტექნიკური, მაგრამ ეგეთები საქართველოშიც ბლომად გვყავს. სამაგიეროდ არ გვყავს თავდამსხმელი, რომელსაც ბურთის 1-2 შეხებით კარში ზუსტად გაგზავნა შეუძლია, არ გვყავს გამთამაშებელი, რომელიც მთელს მოედანს ხედავს და ზედმეტად არ ათრევს ბურთს (გრიგალაშვილი შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ ძალიან ბევრ ზედმეტ შეხებას აკეთებს ბურთთან). ლორიას შეეძლო პირველი ბურთის აღება, მაგრამ ეს გოლი მისი ბრალი არაა. კვარაცხელია კი საუკეთესო იყო დინამოელებისგან. ძალიან საიმედო მცველის შთაბეჭდილება დატოვა.

მრჩება შთაბეჭდილება, თითქოს ბავშვებს არასწორად ზრდიან და ეს დაულაგებელი და არაკომბინაციური ფეხბურთი სწორედ ამის დამსახურებაა. და კიდევ: საქართველოს ჩემპიონატი ორი კლუბი არაა, დილას და დინამოს ძლიერება თუ გინდათ, სხვა გუნდებსაც უნდა შეუწყოთ ხელი, რომ ჩვენებს ძლიერი მოწინააღმდეგე მარტო ზაფხულში არ ხვდებოდეთ.
ლაშა
10:46 02-08-2013
0
პირველ რიგში გორის დილას წარმატებას გილოცავთ. ეს ერთი და სხვა მრავალი! ტაშკენტში თასის მოგების შემდეგ, დინამოსა და ბათუმელების საზეიმო შეხვედრაზე, შოთა იამანიძემ თქვა: ეს ზეიმი ორმაგად სასიხარულო იგნებოდა მწვრთნელიც, რომ ქართველი გვყოლოდაო. საბედნიეროდ მალე ესეც აგვიხდა, სულმნათმა ნოდარ ახალკაცმა თითქმის შეუძლებელი შესძლო. საუბედუროდ დღეს ყველაფერი სულ თავიდან უნდა დავიწყოდ. ვეთანხმები ლაშას, მაქსიმალურად ჩვენი ძალებით უნდა ვეცადოთ. რეზერვი საკმაოდ დიდია, როგორც ფეხბურთელების ასევე მწვრთნელების. ერთხელ კიდევ ვიმეორებ დინამოს აქვს დიდი შანსი ეს, მიწასთან გასწორებული ხალხი, ერთხელ კიდევ გაგვახაროს. ამ შანსის გამო, პირადად მე ყველა იმ ფეხბურთელს, რომელიც რომელიც გასვლით თამაშზე, მოედანზე გამოვა, უბედნიერეს ადამიანად მივიჩნევ.
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული