"სტიაუა" თბილისის "დინამოს" დასვენებული და მშვენიერ ხასიათზე ხვდება

AutoSharing Option
6 აგვისტოს რუმინეთის უმთავრეს საფეხბურთო სარბიელ "ნაციონალ-არენაზე", თბილისის დროით 21 საათსა და 45 წუთზე, ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩი დაიწყება - ადგილობრივი "სტიაუა" თბილისის "დინამოს" დაუპირისპირდება.

საერთოდ, "სტიაუა" საშინაო მატჩებს ამავე სახელწოდების სტადიონზე ატარებს, რომელიც 28 978 მაყურებელს იტევს, თუმცა "დინამოსთან" შეხვედრას 55 600 კაცზე გათვლილ "ნაციონალ-არენაზე" ჩაატარებს, ანუ იმ სტადიონზე, სადაც რუმინეთის ეროვნული ნაკრები ასპარეზობს.

რუმინული ფეხბურთის მესვეურები სხვა მხრივაც უწყობენ ხელს "სტიაუას" - ქვეყნის ჩემპიონატში III ტურის მატჩები გაიმართა, "დინამოს" მეტოქემ კი ჯერ მხოლოდ ერთი შეხვედრა
ჩაატარა.

ჯერ იყო და, 28 ივლისისთვის დანიშნული მატჩი ("ასტრასთან") გადაუტანეს რუმინეთის ჩემპიონს, რადგან 30 ივლისს ჩემპიონთა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი თბილისში უნდა ჩაეტარებინა, ახლა კი ბუქარესტული დერბიც გაურკვეველი ვადით გადაუწიეს.

არადა, მესამე ტურში ყველაზე დიდ ინტერესს ორი დედაქალაქური გრანდის, "სტიაუასა" და "რაპიდის" დაპირისპირება იწვევდა, მაგრამ 3 აგვისტოს არც ეს მატჩი შედგა.

მოკლედ, "სტიაუა" დასვენებული და მშვენიერ ხასიათზე ხვდება თბილისის "დინამოსთან" საპასუხო შეხვედრას - სტუმრად მოპოვებული ორბურთიანი უპირატესობა პატარა საქმე ნამდვილად არ არის.

ისე, რაც ახალი სეზონი დაიწყო, "სტიაუა" უდანაკარგოდ ასპარეზობს: 10 ივლისს რუმინეთის სუპერთასზე "პეტროლულს" მოუგო (3:0), შემდეგ ჩემპიონთა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის ორივე მატჩში უპრობლემოდ აჯობა მაკედონიის "ვარდარს" (3:0, 2:1), რუმინეთის ჩემპიონატის პირველ ტურში "ჩაჰლაულთან" გაიმარჯვა (2:1), გასულ სამშაბათს კი თბილისშიც მოიგო - 2:0.

ახლა საქართველოს ჩემპიონზეც ვთქვათ. "დინამო" ჩარტერული რეისით ბუქარესტში 5 აგვისტოს დილით გაემგზავრა, საღამოთი კი დუშან უჰრინის გუნდი "ნაციონალ-არენაზე" ივარჯიშებს.

დინამოელთა მთავარმა მწვრთნელმა რუმინეთში ზუსტად ის 18 ფეხბურთელი წაიყვანა, ვინც "სტიაუასთან" პირველი მატჩის განაცხადში ჰყავდა:

მეკარეები: გიორგი ლორია, თორნიკე ზარქუა;
მცველები: გიორგი სეთურიძე, გივი კვარაცხელია, უსტარიცი, დავით კვირკველია, დარკო გლიშიჩი, დავით ხურცილავა, გიორგი გველესიანი;
ნახევარმცველები: გიორგი მერებაშვილი, ლევან ხმალაძე, ელგუჯა გრიგალაშვილი, დორინ გოგა, გიორგი პაპავა;
თავდამსხმელები: ჩისკო, ჯაბა დვალი, პატრიკ ვუო, დავით ხოჭოლავა.

სამწუხაროდ, ტრავმის გამო "დინამოს" კვლავაც ვერ ეხმარება ორი წამყვანი ნახევარმცველი - ირაკლი ძარია და პეტერ გრაიციარი.

აქვე, იმასაც დავძენთ, რომ თბილისური მატჩის მსგავსად, ვერც ახლა მოხვდნენ 18-კაციან განაცხადში გამოცდილი მცველი გიორგი შაშიაშვილი, ბოლნისის "სიონიდან" იჯარიდან დაბრუნებული გარემარბი ირაკლი ლექვთაძე და გუნდის ახალწვეული (რუსთავის "მეტალურგიდან"), შემტევი ნახევარმცველი გიორგი მიქაბერიძე.

4 აგვისტოს დიღმის საწვრთნელ ბაზაზე ბოლო თბილისურ ვარჯიშს "დინამოს" ოფიციალური ფანკლუბის წევრებიც ("გლადიატორები") დაესწრნენ და პრინციპული დაპირისპირების წინ ფეხბურთელები გაამხნევეს.

შეგახსენებთ, რომ "სტიაუა "-"დინამოს" მატჩს ისლანდიელ მსაჯთა ბრიგადა მოემსახურება. მთავარი არბიტრი კრისტინ იაკობსენი იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ვუო-გოგა - ანუ გვაჩვენეთ ხარისხი და ფილოსოფია!
დინამო-სტიაუა. გამოხმაურება: ძლიერი თუ უძლეველი?

დინამო-სტიაუა 0:2 - ასეთი დონის გუნდი ბოლოს როდის ვნახეთ? [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული