ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. პირველი მატჩები: ”მილანის” ყოფნა-არყოფნის საქმე

AutoSharing Option
20 და 21 აგვისტოს ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფის პირველი მატჩები გაიმართება.

20 აგვისტოს მატჩებიდან ყველაზე დიდ ინტერესს "ეინდჰოვენისა" და "მილანის" დაპირისპირება იწვევს - "როსონერის", რომლისთვისაც ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას ფაქტობრივად სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს, ჰოლანდიურ კლუბთან ორი ურთულესი მატჩი ელის.

საინტერესო იქნება "ლიონისა" და "სოსიედადის" ჯახიც.

სანკტ-პეტერბურგის "ზენიტი" "პაკოშ დე ფერეირას" სტუმრობს, გლაზგოს "სელტიკი" კი ყაზახეთში ითამაშებს.

ჩემპიონთა ლიგა. პლეი ოფი. I მატჩები
20 აგვისტო
შახტიორი (ყ)-სელტიკი 19:00
პლზენი-მარიბორი 22:45
ლიონი-სოსიედადი 22:45
ფერეირა-ზენიტი
22:45
ეინდჰოვენი-მილანი 22:45

21 აგვისტო
დინამო (ზ)-აუსტრია 22:45
ლუდოგორეცი-ბაზელი 22:45
სტიაუა-ლეგია 22:45
შალკე-პაოკ-ი 22:45
ფენერბაჰჩე-არსენალი 22:45

სელტიკი ყაზახეთში
გლაზგოს "სელტიკს" პლეი ოფის წილისყრაზე მეტოქეში კი გაუმართლა, მაგრამ არ გაუმართლა მეტოქის წარმომავლობაში: შოტლანდიურმა გრანდმა 6000 კილომეტრი იფრინა და ყაზახეთშია, სადაც სამშაბათს ყარაგანდის "შახტიორს" სტუმრობს.

ოღონდ მატჩი არა ყარაგანდაში, არამედ ასტანაში, იმ მშვენიერ სტადიონზე გაიმართება, რომელზეც ამას წინათ საქართველოს ნაკრები ყაზახეთთან 0:1 დამარცხდა.

"შახტიორი" ხელწამოსაკრავი მეტოქე არ არის, რაც მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე დამტკიცდა: ყარაგანდელებმა "ბატე" დაიფრინეს - გუნდი, რომელიც წინა სეზონში ერთადერთი იყო ჩემპიონთა ლიგაში, რომელმაც მიუნხენის "ბაიერნის" დამარცხება შეძლო. მესამე ეტაპზე "შახტიორმა" ალბანური "კორჩა" მარტივად გამოთიშა (3:0, 2:3) და პლეი ოფში გავიდა.

თუმცა "სელტიკი" აშკარა ფავორიტად მიიჩნევა, რაც თუნდაც იმიტომაა ლოგიკური, რომ გლაზგოელებმა წინა სეზონში მერვედფინალამდე მიაღწიეს, მანამდე კი "ბარსელონასთან" ისტორიული გამარჯვება (2:1) იზეიმეს და თავიანთ ლეგენდარულ ფანს, როდ სტიუარტს ბედნიერების ცრემლები დააღვრევინეს.

ნეილ ლენონის გუნდმა შოტლანდიის ჩემპიონატი, მოლოდინისამებრ, ორი მოგებით დაიწყო.

ეინდჰოვენი ყურადღების ცენტრში
"ეინდჰოვენისა" და "მილანის" ადგილი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზეა, მაგრამ ერთ-ერთი მათგანი ევროპის ელიტარული საკლუბო ლიგის მიღმა უნდა დარჩეს.

პსვ-ს ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე 2008/09 წლების სეზონის შემდეგ აღარ უთამაშია და ზაფხულში ისეთი ფეხბურთელები დაკარგა, როგორებიც არიან მარსელო, კევინ სტროოტმანი, დრის მერტენსი, ჯერმაინ ლენსი და ერიკ პიეტერსი. სამაგიეროდ, ხელმძღვანელებმა, ადამ მაჰერის სახით, "ალკმაარიდან" უნიჭიერესი ფეხბურთელი გადაიბირეს.

"ეინდჰოვენმა" ჰოლანდიის ჩემპიონატი სამი მოგებით დაიწყო, ბურთების შეფარდება კი 12:2 აქვს, რაც ლიდერობას ნიშნავს.

"მილანს" პსვ-ს ბარიერის გადალახვა ძალიან გაუჭირდება, რადგან "ეინდჰოვენს" ახალგაზრდული გუნდი ჰყავს, რომელიც კარგად უტევს", - აცხადებს მარკ ვან ბომელი, რომელიც ორივე კლუბში თამაშობდა.

"ერთი წელი ჩემპიონთა ლიგის გარეშე - გრანდისთვის ეს იგივეა, რაც საშუალო დონის კლუბისთვის მეორე ლიგაში დაქვეითება. "ეინდჰოვენის" ბარიერის დაძლევას ჩვენთვის სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს", - ეს "მილანის" ბოსის, ადრიანო გალიანის სიტყვებია.

იტალიის ჩემპიონატი ჯერ არ დაწყებულა და "როსონერი" ფორმის შენარჩუნებას ტესტ-მატჩებით ცდილობდა. რაც მთავარია, მარიო ბალოტელიმ ტრავმა მოიშუშა და სამშაბათს მოედანზე გასვლა შეეძლება.

ლიონი და სოსიედადი: შეხვედრა 10 წლის შემდეგ
2003/04 წლების სეზონში "რეალ სოსიედადმა" პირველად და უკანასკნელად შეძლო ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა. მაშინ ბასკები მერვედფინალშიც გავიდნენ და იქ სწორედ "ლიონთან" დამარცხდნენ...

ეს ის "ლიონი" აღარ არის, მუდმივად ჩემპიონთა ლიგაში რომ თამაშობდა და პლეი ოფშიც საკმაოდ შორს რომ გადიოდა. 2010 წელს "ლიონმა" ნახევარფინალში ითამაშა ("ბაიერნთან" გამოვარდა), მას მერე ზედიზედ ორჯერ მერვედფინალს ვერ გასცდა, შარშან კი ჯგუფურ ეტაპზეც ვეღარ გააღწია.

ამას გარდა, "ლიონი" წლიდან წლამდე კარგავდა ლიდერებს. ამ ზაფხულს გუნდი ლისანდრო ლოპესმა, დეიან ლოვრენმა და მიშელ ბასტოსმაც (უკვე საბოლოოდ) დატოვეს. თუმცა "ლიონმა" სეზონი ორი მოგებით დაიწყო და პსჟ-სა და "მონაკოს" ჯერჯერობით უსწრებს.

რაც შეეხება "სოსიედადს": ბასკურმა კლუბმა წინა სეზონი სენსაციურად ჩაატარა და ლა ლიგაში მეოთხე ადგილი დაიკავა. თანაც, "სოსიედადმა" ლიდერებიდან მხოლოდ ასიერ ილიარამენდი დაკარგა, რომელიც "რეალში" 30 მილიონ ევროდ გაიყიდა. სამაგიეროდ, ბასკებმა ესტებან გრანერო გადაიბირეს. ვფიქრობთ, ამ წყვილში თანაბარ დუელებს უნდა ველოდოთ.

ზენიტი ფავორიტია
უმდიდრესი რუსული კლუბი მოკრძალებულ პორტუგალიურ მეტოქესთან აშკარა ფავორიტია. "ფერეირას" მთავარი ვარსკვლავი კი არა ფეხბურთელი, არამედ მწვრთნელია: ყველასათვის კარგად ნაცნობი კოშტინია, რომელმაც 2004 წელს "პორტუს" შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგა მოიგო.

ჩვენს პორტუგალიელ კოლეგებს სწორედ ამ უკანასკნელის დამსახურებად მიაჩნიათ ის, რომ საშუალო დონის "ფერეირამ" პორტუგალიის ჩემპიონატში მესამე ადგილი დაიკავა და ისეთ კლუბებს აჯობა, როგორებიცაა "ბრაგა" და "სპორტინგი". ჩემპიონთა ლიგის პლეი ოფამდე მიღწევა "ფერეირას" ისტორიაში უდიდესი მიღწევაა.

კოშტინიას გუნდის მეტოქე "ზენიტი" კი დიდ საფეხბურთო სცენაზე გაშინაურებული გუნდია. 2008 წლის უეფას თასის გამარჯვებულმა რუსეთის ჩემპიონატში მეორე ადგილი დაიკავა. თუკი პეტერბურგელებმა შარშან ამ დროს ტრანსფერებში თითქმის 100 მილიონი ევრო დახარჯეს (სხვებთან ერთად, შეიძინეს ჰალკი და ვიტსელი), წელს ასე აღარ უაქტიურიათ, თუმცა ლუჩანო სპალეტის გუნდი მაინც ძალიან კარგადაა დაკომპლექტებული.

პლზენი თუ ზაჰოვიჩის მარიბორი
"პლზენი" ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრას მეორედ გეგმავს. გაგახსენებთ, რომ ჩეხური კლუბი იქ 2011/12 წლების სეზონშიც იყო, ჯგუფში "ბარსასთან", "მილანთან" და ბატე-სთან ერთად მოხვდა და მესამე ადგილი დაიკავა.

"პლზენმა" სეზონი კარგად დაიწყო: 5 ტურის შემდეგ ჩეხეთის ჩემპიონატის სატურნირო ცხრილს 13 ქულით ლიდერობს.

"ვიქტორიას" მეტოქე სლოვენიური "მარიბორია", რომელმაც აქამდე "ბირკირკარა" (მალტა) და ნიქოზიის აპოელ-ი (კვიპროსი) გამოთიშა.

"მარიბორის" თავკაც ბოიან პრასნიკარს მიაჩნია, რომ მის გუნდს "პლზენის" ბარიერის დაძლევა და ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვედრა შეუძლია. "მარიბორი" იქ ბოლოს 1999/2000 წლების სეზონში იყო.

აქვე ისიც ვთქვათ, რომ სლოვენიური გრანდის მენეჯერი ახლო წარსულში ცნობილი ფეხბურთელი, სლოვენიის გმირად აღიარებული ზლატკო ზაჰოვიჩია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული