ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტურის წინ: ველით არაამქვეყნიურ ფეხბურთს

AutoSharing Option
დღის მთავარი მატჩები "არსენალი"-"დორტმუნდი" და უკვე ლამაზ ტრადიციად ქცეული "მილანი"-ბარსელონაა".

ფეხბურთის გურმანებს ასარჩევად გვაქვს საქმე - პირველ რიგში, ინგლისურ-გერმანულ დაპირისპირებას მივადევნოთ თვალყური თუ იტალიურ-ესპანურს.

ფაქტია, რომ ორივე შეხვედრისგან დიდი მოლოდინია და არც სხვა თამაშებია ინტერესს მოკლებული, თუნდაც "შალკე"-"ჩელსი".

E ჯგუფი: გადავა "ჩელსი" პირველ ადგილზე?
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. შალკე 2 2 0 0 4-0 6
2. ჩელსი 2 1 0 1 5-2 3
3. ბაზელი 2 1 0 1 2-2 3
4. სტიაუა 2 0 0 2 0-7 0

ლონდონის "ჩელსის" საქმე ნელ-ნელა უკეთ მიდის. ჟოზე მოურინიო პრემიერლიგაში პირველი ადგილისკენ მიისწრაფვის და ახლა ჩემპიონთა ლიგაში აქვს ვითარება დასალაგებელი.

სენსაციური
სტარტის მერე "ლურჯებმა" ჯგუფის უდავო ფავორიტის სტატუსი უნდა გაამართლონ და "შალკეს" მოუგონ.

სათქმელად ადვილია, მაგრამ გასაკეთებლად არც ისე. მას მერე, რაც იენს კელერმა კრიზისი დაძლია, მისი "შალკე" მშვენივრად ათამაშდა და კარგ ფორმაშია.

გელზენკირხენელებს ყველა ტურნირზე ჩატარებული ბოლო 10 მატჩიდან 8 მოგებული აქვთ. ბუნდესლიგის წინა ტურში "ხუმარები" ორჯერ აგებდნენ ბრაუნშვაიგის "აინტრახტთან", მაგრამ ახალგაზრდა ფეხბურთელების ყოჩაღობის წყალობით, საბოლოოდ მაინც იმარჯვეს - ჯერ 18 წლის მაქს მეიერმა გაათანაბრა, მერე ასევე 18 წლის ლეონ გორეცკამ, ხოლო გამარჯვებისა 25 წლის რომან ნოიშტედტერმა გაიტანა 90-ე წუთზე.

ასე რომ, კელერის ახალგაზრდული გუნდი, რომლის საშუალო ასაკი 25 წელიც არ არის, კარგ ხასიათზეა და ერთადერთი, რაც "აუფშალკეს" ან, თუ გნებავთ, "ფელტინს არენას" ბინადრებს გუნებას უფუჭებთ, ის არის, რომ კლაას-იან ჰუნტელაარი და ჯეფერსონ ფარფანი ისევ ტრავმირებულნი არიან, ხოლო კევინ-პრინს ბოატენგის თამაში საეჭვოა. ეს რომ მათ შემტევ პოტენციალს ამცირებს და მრავალფეროვნებას აკლებს, ცხადზე უცხადესია.

"ჩელსი" ნელ-ნელა კი განიცდის პროგრესს, მაგრამ ჯერ კიდევ ბევრია სამუშაო და ამას არც თავად მოურინიო უარყოფს. კვლავ ძალაშია თავდამსხმელის პრობლემა. ლონდონელთა ფორვარდებს გოლების გატანა უჭირთ. "კარდიფთან" მატჩში სამუელ ეტო'ო გახდა გუნდის პირველი თავდამსხმელი, რომელმაც გოლი გაიტანა. ტრავმის გამო ვერ ითამაშებს ეშლი კოული. მარკო ვან გინკელის არყოფნა ძველი ამბავია, ანდრე შურლეს თამაში კი საეჭვოა. უკვე მოურინიოს საყვარელი ფეხბურთელი გუნდს სამშობლოში გაჰყვა, მაგრამ ითამაშებს თუ არა, უცნობია, მედოკოსების საბოლოო დიაგნოზს ველოდებით.

შალკე-ჩელსი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
შალკე (4-2-3-1): ჰილდებრანდი - უჩიდა, ფელიპე სანტანა, ჰიოვედესი, აოგო - ნოიშტედტერი, ჰიოგერი - კლემენსი, მეიერი, დრაქსლერი - სალაი.
ჩელსი (4-2-3-1): ჩეხი - ივანოვიჩი, კეჰილი, ტერი, ბერტრანი - ლამპარდი, რამირესი - ოსკარი, მატა, აზარი - ტორესი.
არბიტრი: ვიქტორ კაშაი (უნგრეთი)

* * *
E ჯგუფის მეორე შეხვედრაზე სათქმელი ბევრი არაფერია. თუ "სტიაუას" რაიმეზე პრეტენზია აქვს, ეს შეხვედრა უნდა მოიგოს, რომ მესამე ადგილისთვის მაინც შეძლოს გაბრძოლება.

თავის მხრივ, მოსაგები აქვს მურატ იაკინის "ბაზელსაც", რადგან ლონდონში მოპოვებულ ბონუს სამ ქულას მათ თუ რუმინელებთან აღებული 6 დაამატეს, ჯგუფიდან გასვლა ძალიანაც რეალური გახდება.

სტიაუა-ბაზელი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
სტიაუა (4-2-3-1): ტატარუშანუ - გეორგიევსკი, სუკალა, გარდოში, პარვულესკუ - ბურჩეანუ, პინტილი - პოპა, სტანჩუ, ტანასე - პიოვაკარი.
ბაზელი (4-4-1-1): ზომერი - ფოზერი, ივანოვი, შერი, ტ. ჯაკა - სალა, დელგადო, ფრაი, ანდრისტი - შტოკერი - შტრელერი.
არბიტრი: მატეი იუგი (სლოვენია)

F ჯგუფი: ვინ იფრენს "ემირატებზე"?
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. არსენალი 2 2 0 0 4-1 6
2. დორტმუნდი 2 1 0 1 4-2 3
3. ნაპოლი 2 1 0 1 2-3 3
4. მარსელი 2 0 0 2 1-5 0

"ემირატებზე" ერთმანეთს ორი ლამაზი გუნდი შეხვდება და ვნახოთ, ამჯერად როგორ იფრენენ "არსენალი" და "დორტმუნდი".

მოლოდინი, რასაკვირველია, უდიდესი გვაქვს - მაღალი ხარისხის ფეხბურთი, სუპერსანახაობრივი შოუ და გოლები. ის, რაც "მეთოფეებმა" "ნორვიჩთან" შეხვედრაში გააკეთეს, კიდევ ერთი დასტურია იმისი, რომ ფეხბურთიც ხელოვნებაა.

ასეთი დახატული თამაში აი, იმ ძველ "არსენალსაც" კი შეშურდებოდა, რომელსაც "ხელშეუხებელნი" შეარქვეს და რომელიც არაამქვეყნიურ ფეხბურთს გვთავაზობდა. არსენ ვენგერს ბრწყინვალე რიმეიქი გამოუვიდა, რომელსაც ბრაიან დე პალმაც სიამოვნებით მოაწერდა ხელს. ჯეკ უილშირის გოლისას გათამაშებული კომბინაციის ვიდეოჩანაწერი აუცილებლად კოსმოსში უნდა გაიგზავნოს.

იქამდე კი, მიწაზე დავეშვათ და აღვნიშნოთ, რომ ლონდონელები მომგებიან პოზიციაში არიან, ისინი ლიდერობენ და "დორტმუნდთან" ზედიზედ ორი პრინციპული დაპირისპირებიდან პირველს საკუთარ კედლებში მართავენ.

თუ ვენგერის ბიჭები ამ შეხვედრას მოიგებენ, უკვე შეგვეძლება წინ გასწრება მოვლენებისთვის და იმის თქმა, რომ "არსენალი" გასულია. ვფიქრობ, ისედაც გასულია, მაგრამ მაინც.

ბუნებრივია, თავისას ეცდება "დორტმუნდი", რომელიც არანაკლებ ლამაზი გუნდია და თუ რა შეუძლია და თან სტაბილულრად, წინა სეზონშიც გვიჩვენა. თვის დასაწყისში "გლადბახთან" წაგება ცოტა მოულოდნელი და კონტექსტიდან ამოვარდნილი იყო, მაგრამ ხდება ხოლმე და იურგენ კლოპის გუნდიც რიხიანად აგრძელებს რამდენიმე ფრონტზე ბრძოლას.

კლოპს ამ შეხვედრაში სებასტიან კელი, ილქაი გიუნდოგანი და ლუკაშ პიშჩეკი დააკლდებიან. ძველებურად გადატვირთულია "არსენალის" ლაზარეთიც: ტომას ვერმაელენი, აბუ დიაბი, იაია სანოგო, თეო უოლკოტი, ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი, ლუკას პოდოლსკი, მატიე ფლამინი... თუმცა ეს "მეთოფეებს" ხელს სულაც არ უშლით დიდებული ფეხბურთის თამაშში და განსაკუთრებით, აარონ რემსი, ჯეკ უილშირი და ოლივიე ჟირუ უნდა გამოვარჩიოთ.

ჟირუ, რომელიც უკვე ისე ათამაშდა, თითქოს ვენგერის ხელში იყოს გაზრდილი და მთელი კარიერა "არსენალში" ჰქონდეს გატარებული. მოკლედ, გემრიელი მატჩი გველის...

არსენალი-დორტმუნდი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
არსენალი (4-2-3-1): შჩესნი - სანია, მერტეზაკერი, კოშელნი, გიბსი - არტეტა, რემსი - კასორლა, იოზილი, უილშირი - ჟირუ.
დორტმუნდი (4-2-3-1): ვაიდენფელერი - გროსკროიტცი, სუბოტიჩი, ჰუმელსი, შმელცერი - ს. ბენდერი, ნ. შაჰინი - ობამეიანგი, მხითარიანი, როისი - ლევანდოვსკი.
არბიტრი: ლიონას ერიკსონი (შვედეთი)

* * *
ძალიან მნიშვნელოვანია ჯგუფის მეორე შეხვედრა "მარსელსა" და "ნაპოლის" შორის. ელი ბოპის "ოლიმპიკი" ცუდ ფორმაშია და რეალობას თვალს თუ გავუსწორებთ, ამ ჯგუფიდან გამსვლელი ნამდვილად არ არის, მაგრამ მესამე ადგილისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ შეიძლება.

აი, ნეაპოლელებისთვის კი, ჩემი აზრით, სწორედ ფრანგებთან გასამართი ეს ორი შეხვედრა გამოდგება გადამწყვეტი და განსაკუთრებით, უშუალოდ ეს "ველოდრომზე" ჩასატარებელი მატჩი. თუ რაფაელ ბენიტესს ამ ჯგუფიდან გასვლა უნდა და ჩვენ ვიცით, რომ უნდა, მაშინ "მარსელის" კრიზისით სარგებლობა და ამ შეხვედრის მოგებაა საჭირო.

ბოლოს კი ვთქვათ, რომ ორივე გუნდს თითო მცველი აკლია - მასპინძლებს ლუკაშ მენდეში, ხოლო სტუმრებს მიგელ ბრიტოსი.

მარსელი-ნაპოლი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
მარსელი (4-2-3-1): მანდანდა - ფანი, ნ’კულუ, დიავარა, მენდი - რომაო, იმბულა - აიუ, ვალბუენა, ტოვენი - ჟინიაკი.
ნაპოლი (4-2-3-1): რეინა - მაჯო, რაულ ალბიოლი, პ. კანავარო, არმერო - ინლერი, ბეჰრამი - ხოსე კალეხონი, ჰამშიკი, ინსინიე - იგუაინი.
არბიტრი: ჯიუნეთ ჩაქირი (თურქეთი)

G ჯგუფი: ჰალკი "დრაკონების" წინააღმდეგ
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ატლეტიკო 2 2 0 0 5-2 6
2. პორტუ 2 1 0 1 2-2 3
3. აუსტრია 2 0 1 1 0-1 1
4. ზენიტი 2 0 1 1 1-3 1

თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ "აუსტრიასაც" და "ატლეტიკოსაც" ბევრი გოლი გააქვთ, წესით, უხვგოლიანი შეხვედრა უნდა გამოვიდეს.

ვენელებს შემტევი სტილი აქვთ, ნენად ბიელიცა მათ ცოტა ავანტიურულ ფეხბურთსაც კი ათამაშებს და "აუსტრია", ალბათ, ისევ შეტევაში გაიქცევა. მადრიდელებმა უიქენდზე "ბარსელონას" წაფორხილებით ვერ ისარგებლეს და ჩემპიონატში პირველ ადგილზე გადასვლის შანსი დაკარგეს.

მეტიც, მათ სულაც წააგეს "ესპანიოლთან" და "ბარსა" ქულით წინ გაუშვეს, ხოლო თანაქალაქელი "რეალი" მოიახლოვეს. ეს ნიშნავს, რომ დიეგო სიმეონე ძალიან გაბრაზებულია, ხოლო, როცა არგენტინელი გაბრაზებულია, მის წინააღმდეგ ყოფნას არავის ვუსურვებდით.

"ატლეტიკო" ლეო ბაპტიშტაოს მოისაკლისებს, ხოლო მირანდას თამაში საეჭვოა. რაც მთავარია, ევროსარბიელზე მინდორს უბრუნდება შესაშურ ფორმაში მყოფი დიეგო კოშტა. ავსტრიელებს კი ორი ალექსანდრი დააკლდებათ - გორგონი და გრუნვალდი.

ისე კი, გირჩევდით, რომ განსაკუთრებული ყურადღება "აუსტრიას" სამ ფეხბურთელს მიაქციოთ - მეკარე ჰაინც ლინდნერს, მცველ მანუელ ორტლეხნერსა და თავდამსხმელ ფილიპ ჰოსინერს.

აუსტრია-ატლეტიკო 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
აუსტრია (4-3-3): ლინდნერი - დილავერი, როგული, ორტლეხნერი, ზუტნერი - სიმკოვიჩი, ჰოლანდი, მადერი - სპირიდონოვიჩი, ჰოსინერი, იუნი.
ატლეტიკო (4-4-2): კურტუა - ხუანფრანი, მირანდა, გოდინი, ლუისი - კოკე, ტიაგო, გაბი, თურანი - დიეგო კოშტა, ვილია.
არბიტრი: დანიელე ორსატო (იტალია)


* * *
"პორტუმ" საკუთარ მოედანზე "ატლეტიკოსთან" წაგებით საქმე გაირთულა და ახლა "ზენიტთან" შეხვედრაში ძალიან ყურადღებით უნდა იყოს, პაულო ფონსეკას "დრაკონებმა" ლუჩანო სპალეტის სანკტპეტერბურგელებთან მინიმუმ 4 ქულა უნდა აიღოს.

რა თქმა უნდა, ყველას გვაინტერესებს, რას იზამს ჰალკი თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ.

აქსელ ვიტსელი რუსებს დისკვალიფიკაციის გამო არ ეყოლებათ, ხოლო იგორ ბაბურინი ტრავმირებულია.

პორტუ-ზენიტი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
პორტუ (4-3-3): ელტონი - დანილო, მანგალა, ოტამენდი, ალექს სანდრო - დეფური, ფერნანდო, ჟოსუე - ვარელა, ჯეკსონ მარტინესი, კინტერო.
ზენიტი (4-2-3-1): ლოდიგინი - სმოლნიკოვი, ნეტო, ლომბერტსი, ანსალდი - ზირიანოვი, ფაიზულინი - არშავინი, შიროკოვი, დანი - ჰალკი.
არბიტრი: პაოლო ტალიავენტო (იტალია)

H ჯგუფი: ტრავმირებული "მილანი" და გულგატეხილები გლაზგოში
ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. ბარსელონა 2 2 0 0 5-0 6
2. მილანი 2 1 1 0 3-1 4
3. აიაქსი 2 0 1 1 1-5 1
4. სელტიკი 2 0 0 2 0-3 0

რაოდენ უცნაურადაც უნდა ჟღერდეს, "მილანი"-"ბარსელონაზე" ახალი და ბევრი სათქმელი ნამდვილად არაფერი გვაქვს. ალბათ, ფეხბურთელები თავად გვეტყვიან ყველაფერს მინდორზე და წესით, ძალიან კარგი თამაში უნდა გამოვიდეს.

რამდენიც უნდა ვისაუბროთ "როსონერის" კრიზისსა და პრობლემებზე, ეს "მილანია" და მას ყოველთვის შეუძლია ნებისმიერის თავისუფლად დამარცხება; თანაც, ჩემპიონთა ლიგაზე კარგად თამაში ამ კლუბს სისხლში აქვს გამჯდარი.

კატალონიელები ისე მქუხარედ ვეღარ გამოიყურებიან, მაგრამ ხერარდო მარტინო ეტაპობრივად ალაგებს სიტუაციას, თავად ნელ-ნელა ეჩვევა "ბარსას" და კატალონიელები ეჩვევიან მას. რაც მთავარია, ლიონელ მესი დაბრუნდა და ცხადია, "სან სიროს" სტუმრები ფავორიტები არიან.

"მილანს" არც მარიო ბალოტელი ეყოლება, არც ჯამპაოლო პაცინი, არც სტეფან ელ შაარავი და ასე შემდეგ...

მასიმილიანო ალეგრის ისევ უამრავი ფეხბურთელი აკლია და რთულ სიტუაციაშია. ალბათ, ძირითადში ვიხილავთ ვალტერ ბირსას, რომელმაც ულამაზესი გოლით მოაგებინა "მილანს" "უდინეზესთან". ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ალეგრის არჩევანის საშუალება არც აქვს.

მილანი-ბარსელონა 22:45

სავარაუდო შემადგენლობები
მილანი (4-3-1-2): ამელია - აბატე, საპატა, მექსე, კონსტანტი - მონტოლივო, დე იონგი, მუნტარი - რობინიო - მატრი, ბირსა.
ბარსელონა (4-3-3): ვალდესი - დანი ალვეში, პიკე, ბარტრა, ადრიანო - ჩავი, ბუსკეტსი, ინიესტა - სანჩესი, მესი, ნეიმარი.
არბიტრი: ფელიქს ბრიხი (გერმანია)

* * *
"სელტიკი"-"აიაქსი" ისეთი თამაშია, რომელმაც წესით, პასუხი უნდა გასცეს შეკითხვას, თუ რომელი მათგანი შეძლებს ბრძოლის გაგრძელებას მეორე ადგილისთვის. ფრე დიდად არცერთს აძლევს ხელს; პირველ რიგში, დაზავებაზე ყაბულს მასპინძლები ვერ იქნებიან.

ნილ ლენონის "სელტიკმა" ჯგუფის ორივე შეხვედრაში კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ მაინც 0 ქულა აქვს და გლაზგოელები ახლა მოსაგებად ყველაფერს გააკეთებენ. ერთი ესაა, მათ თითქმის ნახევარი გუნდი არ ჰყავთ, მათ შორის - კრის კომონსი, სკოტ ბრაუნი და ადამ მეტიუზი.

ემილიო ისაგირესა და მიკაელ ლუსტიგის მინდორზე გასვლა კი სათუოა. ლენონი ვა-ბანკზე წავა და ამსტერდამელთა ერთ-ერთი შანსი ესეც არის.

თავის მხრივ, ჰოლანდიელებიც დაჩაგრულები არიან. ალბათ, გახსოვთ, როგორ დაკარგეს მათ 2 ქულა "მილანთან", რომელ წუთზე და რა ვითარებაში დანიშნული პენალტით. ასე რომ, ეს გულგატეხილების დაპირისპირებაა.

სელტიკი-აიაქსი 22:45
სავარაუდო შემადგენლობები
სელტიკი (4-4-2): ფორსტერი - ფიშერი, დიკი, ამბროუზი, მალგრიუ - პუკი, ფორესტი, ლედლი, კაიალი - სამარასი - სტოუკსი.
აიაქსი (4-3-3): ვერმეერი - ვან რინი, მოისანდერი, დენსვილი, ბლინდი - სერერო, შიონე, დუარტე - ფიშერი, ჰუსენი, სანა.
არბიტრი: ივან ბებეკი (ხორვატია)

გიორგი კაკაბაძე
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაგარი თამაში იქნება სტიაუა ბაზელი :)))))
aleqsa
14:12 22-10-2013
0
კარგი იყო :) ხვალ უკეთეს ველოდები :)))
del piero
16:20 22-10-2013
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული