"ბაიერნი": დასჯის ხოსეპ გვარდიოლა არიენ რობენს?

AutoSharing Option
ჯერ პენალტის დარტყმა უნდოდა და არ დაარტყმევინეს, ახლა კი უფლება მისცეს, მაგრამ აღარ დაარტყა - "ბაიერნის" ჰოლანდიელი გარემარბი არიენ რობენი მთავარ მწვრთნელ ხოსეპ გვარდიოლაზე განაწყენებულია...

პლზენის "ვიქტორიასთან" 5:0-ზე მოგებულ შეხვედრაში 29 წლის რობენმა თანაგუნდელ ფრანკ რიბერის გოლი აჩუქა. ბავარიელებმა "პლზენს" პირველი გოლი თერთმეტმეტრიანით გაუტანეს, რომელიც სწორედ 25 წლის ფრანგმა შეასრულა. არადა, პენალტი რობენმა მოიპოვა და როცა ჰუბნიკმა მის წინააღმდეგ თამაშის წესები დაარღვია, გვარდიოლა სკამიდან წამოხტა და "არიენ-არიენს" ყვიროდა - თერთმეტმეტრიანი რობენმა დაარტყასო. მაგრამ, როგორც ჩანს, ჰოლანდიელმა ამას წინათ ბუნდესლიგაში მომხდარი
ფაქტი გულში ჩაიდო და პენალტი არ შეასრულა - მან ბურთი დასარტყმელად რიბერის გადასცა. ახლა ყველაზე საინტერესო ისაა, თუ როგორ მოიქცევა გვარდიოლა.

რამდენიმე დღის წინ პეპმა "ბაიერნის" ჟურნალს ინტერვიუ მისცა, სადაც განაცხადა: "ჩემი ფეხბურთელებისთვის მე ძალიან კარგი მეგობარი ვარ, ოღონდ მაშინ, როცა მიიღებენ იმას, რასაც მე ვამბობ. მხარს დავუჭერ იმას, ვისთვისაც ჩემი გადაწყვეტილებები მისაღები იქნება. ვისთვისაც არ იქნება, იმას სკამზე ან სულაც, ტრიბუნაზე დავსვამ!" - გვარდიოლა ამ განცხადებით რობენსაც დაემუქრა, მაგრამ ჰოლანდიელი აშკარად გაჯიუტდა!

გავიხსენოთ, რა მოხდა ბუნდესლიგის წინა ტურში, როცა "ბაიერნმა" "მაინცს" 4:1 მოუგო. პენალტის შესრულება რობენს უნდოდა, მაგრამ გვარდიოლა მაშინაც წამოხტა სკამიდან და ფეხბურთელებს დაუყვირა, თომას მიულერმა დაარტყასო. რობენს მაშინვე შეეტყო, რომ ძალიან განაწყენდა, რადგან ბურთი მოისროლა.

პლზენის "ვიქტორიასთან" კი პირიქით, გვარდიოლამ ჰოლანდიელის სახელი დაიყვირა, მაგრამ ამ უკანასკნელმა თერთმეტმეტრიანი აღარ დაარტყა. მატჩის შემდეგ რიბერიმ თქვა, არიენი შაბათს მომხდარი ფაქტის გამო იყო გაბრაზებულიო.

თავად რობენის განცხადება კი ასე ჟღერდა: "ამაზე არაფრის თქმა არ მინდა. ეს თემა ჩემთვის დაიხურა და თითოეული სიტყვაც კი ზედმეტი იქნება."

ფაქტია, რომ მიმდინარე სეზონში რობენი კარგად თამაშობს. ბუნდესლიგაში სამი გოლის გატანა და სამი საგოლე გადაცემის გაკეთება მოასწრო, ხოლო ჩემპიონთა ლიგაში მის ანგარიშზე ორი გოლი და ოთხი პასია. რობენმა გერმანიის თასზეც გაიბრწყინა: 1 გოლი და 2 პასი ერთ მატჩში. "პლზენთან" პენალტი არ დაარტყა და გოლიც არ გაუტანია, მაგრამ თავის კარიერაში ჩემპიონთა ლიგის ერთ მატჩში სამი გოლის მომზადება პირველად შეძლო.

გვარდიოლამ თქვა, ვინც არ დამიჯერებს, ტრიბუნაზე გადავსვამო. ფაქტია, რობენის შემთხვევაში ასეთი გადაწყვეტილების მიღება პეპს, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გაუჭირდება...

ჰიონესი: ვის ყავს გუნდი ჩვენისთანა?
არადა, "ბაიერნი" ისე თამაშობს, წესით, რეკორდმაისტერში იდეალური განწყობა უნდა იყოს. "პლზენთან" 5:0 ბავარიული გრანდისთვის ჩემპიონთა ლიგაში ზედიზედ მე-8 გამარჯვება გახლდათ, რაც "ბაიერნისთვის" ახალი პირადი რეკორდია.

უშუალოდ ამ მატჩში კი განსაკუთრებით შთამბეჭდავი კარისკენ დარტყმების რაოდენობა გახლდათ - 35:0! ამაზე მეტი დარტყმა ბავარიელებმა ჩემპიონთა ლიგაში მხოლოდ ერთხელ განახორციელეს და რაც უნდა დაუჯერებლად ჟღერდეს, ეს 2012 წლის ფინალში, "ჩელსისთან" მოხდა, როცა "ბაიერნმა" ლონდონური კლუბის კარისკენ 41-ჯერ დაარტყა...

"პლზენთან" "ბაიერნის" თითქმის ყველა ფეხბურთელმა სცადა გოლის გატანა - "ვიქტორიას" კარისკენ მხოლოდ დიეგო კონტენტოს და მეკარე მანუელ ნოიერს არ დაურტყამთ. ნოიერი სულაც იმდენად უსაქმოდ იყო, რომ შეეძლო, მატჩისთვის ტრიბუნებიდან ეყურებინა...

"დღევანდელი "ბაიერნი" ერთ-ერთი უძლიერესი კლუბია ფეხბურთის ისტორიაში. ვეძებთ კლუბებს ევროპაში, რომლებიც კონკურენციას გაგვიწევენ!" - ეს რეკორდმაისტერის პრეზიდენტ ული ჰიონესის სიტყვებია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. ჯგუფური ეტაპი. III ტური. D ჯგუფი: ყანა ჩვენ რას დაგვაკლებს?! [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 2 /
დაგიწყვეტიათ ერთმანეთი! :D
გიორგი2
10:40 25-10-2013
0
მაგარია ბაიერნი მაგრამ თავში არ აგივარდეს, ული :)
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული