"მანჩესტერ სიტი": რასისტი ნაძირლები და გადაცმული "ნორვიჩი" [VIDEO]

AutoSharing Option
"მანჩესტერ სიტიმ" მოსკოველ არმიელებს თავბედი აწყევლინა, გაუტანა ხუთი გოლი და ერთი ამდენი კიდევ შეეძლო. მასპინძელთა შორის გამოირჩეოდნენ სერხიო აგუერო და ალვარო ნეგრედო, რომელთაც მეტოქის დაცვითი კედელი სულ აგურ-აგურ დაშალეს.

არაჩვეულებრივ ფორმაშია არგენტინელი, ვინც უკანასკნელ ორ შეხვედრაში 3 გოლი გაიტანა, 3 პასი გააკეთა და ერთხელაც მეტოქე აიძულა, ბურთი საკუთარ კარში ჩაეჭრა. ცხადია, ფეერიულმა ასპარეზობამ, გულშემატკივრის გარდა, მანუელ პელეგრინიც კმაყოფილი დატოვა, თუმცა ჩილელმა ფეხბურთელებს მოუწოდა, რომ მიღწეულით არ დაკმაყოფილდნენ.

მანუელ პელეგრინი: "ძალიან ბედნიერები ვართ, რადგან მივაღწიეთ შედეგს, რომლისთვისაც ბოლო ორი წელიწადი ამაოდ
ვიბრძოდით. ჯგუფში კიდევ ორი შეხვედრა და ევროპის 16 უძლიერეს გუნდს შორის ვიქნებით. ეს მიღწევა თანაბრად მნიშვნელოვანია გულშემატკივრებისთვის, კლუბის პერსონალისა და ფეხბურთელებისთვის, რადგან "სიტიში" ყველა ერთი მიზნისკენ ისწრაფვის.

ვერ გეტყვით, შეიძლება თუ არა ამას ტვირთის შემსუბუქება ვუწოდოთ, თუმცა მიმდინარე სეზონში ეს ჩვენი პირველი ამოცანა იყო, თუმცა, რასაკვირველია, არაუკანასკნელი. თამაშამდეც ღრმად ვიყავი დარწმუნებული, რომ გავიმარჯვებდით. ამიერიდან კი იმაზე უნდა ვიფიქროთ, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ ჩემპიონთა ლიგაში.

ვერ გეტყვით, ვისთან მოგვიწევს პლეი ოფში შეხვედრა, მაგრამ იოლი მეტოქე ნამდვილად არავისთვის ვიქნებით. მიმაჩნია, რომ ჩვენმა ორივე თავდამსხმელმა ძალიან კარგად ითამაშა. ისინი მთელი სეზონია, ბრწყინვალედ გამოიყურებიან. სერხიო განუმეორებელია ბურთთან ერთად თუ მის გარეშე. იმავეს თქმა შეიძლება ალვაროზეც. მარტო დღევანდელი ხუთი ბურთი ხომ არ არის საქმე, ბოლო სამ დღეში საკუთარ მოედანზე 12-ჯერ გავიტანეთ.

შევეცდებით, ჯგუფში პირველი ადგილი დავიკავოთ, რაც თავისთავად ძალიან რთული იქნება. "ბაიერნს" მოსკოვში აქვს სათამაშო, სადაც არავინ იცის, რა შედეგით დასრულდება თამაში. შემდეგ უკვე ყველაფერი მიუნხენურ მატჩზე იქნება დამოკიდებული".

ინგლისელთა პასუხი
მოსკოვში "სიტის" შავკანიანი ფეხბურთელების შეურაცხყოფა "ეტიჰადს" უპასუხოდ არ დაუტოვებია. "ქალაქელების" მხარდამჭერებმა მოსკოველთა ფანებს ობსტრუქცია მოუწყვეს და ფეხბურთელთა ნაცვლად მთელი მრისხანება სწორედ მათ დაატეხეს თავს.

თამაშის ბოლოს, ანგარიშიდან გამომდინარე, ისინი უკვე ხუმრობის ხასიათზე დადგნენ. როგორ დახვდა 38 ათასი მანჩესტერელი 900-მდე მოსკოველს, ამის გასაგებად ინგლისურ გამოცემებს გადავხედოთ:

"დეილი მეილი": "900-მდე მოსკოველ გულშემატკივარს, ვინც წუხელ "ეტიჰადზე" მივიდა თამაშის საყურებლად, მძიმე წუთების გადატანა მოუხდა. ისინი იძულებულნი იყვნენ, ბოლომდე ესმინათ მასპინძელთა ფანების გაბოროტებული შეძახილებისთვის. ეს სულაც არ არის გასაკვირი, რადგან მოსკოვში მანჩესტერელები რასისტული თავდასხმების მსხვერპლნი შეიქნენ".

"დეილი მირორი": "სიტის" გულშემატკივარმა მოსკოვში იაია ტურეს შეურაცხყოფათა ორი კვირის წინანდელი კორიანტელი გაიხსენა. ისინი ცსკა-ს ფანებს სპეციალურად უმღეროდნენ, თქვენ რასისტი ნაძირლები ხართო".

"ტელეგრაფი": "სიტის" ფანები განსაკუთრებით ხმამაღლა გაჰყვიროდნენ იაია ტურეს სახელს, სტუმრებს კი გულწრფელად ეუბნებოდნენ იმას, რასაც მათზე ფიქრობდნენ. უკანასკნელები კი ამის პასუხად წელზემოთ შიშვლდებოდნენ, შარფებს აქეთ-იქით იქნევდნენ და ჟესტების ენით ლაპარაკობდნენ. იმის შემხედვარეთ, რაც მოედანზე ხდებოდა, მათ სხვა გზა არც ჰქონდათ. შოკისმომგვრელი პირველი ნახევარი საათის შემდეგ შეკითხვა სტუმართა მისამართით, თქვენ გადაცმული "ნორვიჩი" ხომ არ ხართო, ხშირად ისმოდა".

იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. D ჯგუფი: ყველაფერი გაირკვა [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული