ის ფაქტი, რომ "ლევერკუზენმა" "შახტართან" უგოლო ფრეს მიაღწია და დონეცკიდან უმნიშვნელოვანესი ქულა წაიღო, სწორედ ახალგაზრდა გოლკიპერის დამსახურებაა. ამ ქულით გერმანულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის
"ხანდახან 0:0-იც ბედნიერებაა! ბერნდი დღეს ბრწყინვალე იყო და ეს ქულა მისი დამსახურებაა. ბედნიერი ვარ, რომ ლენო ჩვენი მეკარეა!" - ეს "ლევერკუზენის" სპორტული დირექტორის, რუდი ფიოლერის სიტყვებია.
ლენო თანაგუნდელებმაც საუკეთესო ეპითეტებით შეამკეს, ჩვენმა გერმანელმა კოლეგებმა საუკეთესო შეფასებები დაუწერეს, უეფამ კი მატჩის გმირად აღიარა. "ბერნდმა დღეს წარმოუდგენელი სეივები აკეთა და ოქროს ქულა მოგვიტანა," - თქვა "ბაიერის" მარჯვენა მცველმა ჯულიო დონატიმ.
"მცველისთვის შესანიშნავი განცდაა, როცა იცის, რომ მის უკან კარში ბრწყინვალე მეკარე დგას," - ეს იომერ თოფრაქის სიტყვებია.
არადა, ლენოს ჩემპიონთა ლიგაში დიდი გამოცდილება ნამდვილად არ აქვს - მისთვის ეს შეხვედრა ევროპის ელიტარულ საკლუბო ლიგაში მხოლოდ და მხოლოდ მე-12 იყო. ბერნდის ანგარიშზე რამდენიმე გრანდიოზული "სეივია", ყველაზე გამორჩეული მომენტი კი ის იყო, იაროსლავ რაკიცკის დარტყმა ხელბურთის მეკარის სტილში რომ მოიგერია.
"ეს მომენტი ცხადად ასახავს, რომ მეკარის გენები მაქვს. იმ დროს ყველაფერი ისე სწრაფად მოხდა, რომ არც კი ვიცი, როგორ მოვიგერიე ბურთი. უბრალოდ, ხელები მაღლა ავწიე და ასე გამოვიდა ყველაფერი," - როგორც ხედავთ, თავად მატჩის გმირი მოკრძალებული კომენტარით შემოიფარგლა.
ბერნდი დონეცკელთა თავკაცმა მირჩა ლუჩესკუმაც აქო: "მოგებას ვიმსახურებდით, რადგან არაერთი რეალური მომენტი გვქონდა, მაგრამ ლენომ ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. ეს მისი დღე იყო!"
ამრიგად, "ლევერკუზენი" A ჯგუფში 7 ქულით ისევ მეორე ადგილზეა, "მანჩესტერ იუნაიტედს" ერთით ჩამორჩება, "შახტარს" კი 2 ქულით უსწრებს. როგორც იცით, "ბაი არენაზე" "ფარმაცევტებმა" დონეცკელები 4:0 დაამარცხეს და დონეცკში მიღწეული 0:0-ის შემდეგ ეს იმას ნიშნავს, რომ თანაბარი ქულების დაგროვების შემთხვევაში, უპირატესობა გერმანელებს ექნებათ.
ლენო ამბობს, "იუნაიტედთან" საკუთარ მოედანზე მოგებაც შეგვიძლიაო. თუ ბერნდი "მანჩესტერთანაც" ისე ითამაშებს, როგორც დონეცკში, "ლევერკუზენის" ჯგუფიდან გასვლა მართლაც ძალიან რეალურია.
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. IV ტური. A ჯგუფი: სტატუს-კვო შენარჩუნდა [VIDEO]