არსენ ვენგერი: იტალიაში მხოლოდ სამი ქულისთვის

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგაში "არსენალს" ხუთ თამაშში 12 ქულა აქვს, თუმცა სიტუაცია ცხრილში იმდენად დაძაბულია, რომ ჯერ გარანტირებული არაფერია.

ბოლო ტურში "ნაპოლისთან" მას ერთბურთიანი სხვაობით წაგებაც კი აძლევს ხელს, რათა პლეი ოფის საგზური მოიპოვოს, მაგრამ იმაშიც დარწმუნებულნი უნდა ვიყოთ, რომ არსენ ვენგერი საკუთარ გუნდს მოედანზე ამ მიზნით არ გაიყვანს. მოვუსმინოთ, თუ რა განაცხადა ფრანგმა სპეციალისტმა "მარსელთან" გამარჯვების შემდეგ:

"თამაშის მიმდინარეობას მთლიანად ვაკონტროლებდით. შესაძლოა, შეტევის დამაგვირგვინებელ ფაზაში გარკვეული პრობლემები გვქონდა, თუმცა, საერთო ჯამში, ჩვენი უპირატესობა წამითაც არ დამდგარა ეჭვქვეშ. მიუხედავად 12 ქულისა, მიზანს
ჯერ ვერ მივაღწიეთ. დაუჯერებელია, რადგან ჩემპიონთა ლიგაში 150-მდე თამაში მაქვს ჩატარებული და მსგავსი რამ არ მახსენდება.

შეიძლება ვინმე ფიქრობს, რომ "არსენალი" უბრალოდ არ გაუშვებს გოლს და ამით ყველაფერი დამთავრდება, მაგრამ ამაზე ტაქტიკის აგება სერიოზული შეცდომა იქნებოდა. იტალიაში მოსაგებად უნდა წავიდეთ, ნებისმიერი სხვა შედეგი მიუღებელი იქნება. კარგია, რომ ტრავმირებულები დაგვიბრუნდნენ, რადგან ლიგის ბოლო ტურამდე ჩემპიონატში სამი თამაში გველის. შესაბამისად, შემადგენლობის როტაცია მოგვიწევს, რათა არც შიდა ასპარეზზე დავზარალდეთ და არც ნეაპოლის თამაშს შევხვდეთ გადაღლილები.

უილშირი თავისი ბუნებით ბომბარდირი არასოდეს ყოფილა, მაგრამ ბედნიერი ვიქნები, თუკი აღმოჩნდება, რომ აქამდე ვცდებოდი. ჯეკი ალბათ ფიქრობს, რომ თუკი რემსის შეუძლია შედეგიანად თამაში, მან რატომ ვერ უნდა მოახერხოს. ეს ხუმრობით, თუმცა მიმაჩნია, რომ გოლი თითოეული ფეხბურთელისთვის მნიშვნელოვანი მოტივაცია უნდა იყოს. სხვა შემთხვევაში, ფეხბურთის თამაშს აზრი დაეკარგება.

კარგია, რომ შეტევის ბოლო ფაზაში უილშირმა ორჯერვე მშვიდად იმოქმედა. რასაც ჯეკი მოედანზე აკეთებს, ყველაფერს წინასწარ თვლის. ხანდახან ის ისეთ ცარიელ ადგილს ხედავს მინდორზე, რომელსაც სხვა ვერავინ შეამჩნევდა"
.

ესპანელის ლონდონური პერსპექტივა
"ბეტისის" 19 წლის მარცხენა ნახევარმცველს, ალვარო ვადილიოს "არსენალში" ტრანსფერისგან უკვე ძალიან ცოტა აშორებს. ესპანური და ინგლისური წყაროების ცნობით, საკითხს უახლოეს მომავალში დაესმება წერტილი.

ზაფხულში ნიჭიერი თინეიჯერით "მანჩესტერ იუნაიტედი" იყო დაინტერესებული, თუმცა გარიგება ვადილიოს მუხლის უმნიშვნელო ტრავმამ ჩაშალა. მას შემდეგ "ეშმაკები" სევილიელებს აღარ დაკავშირებიან. "არსენალი" უკვე დათანხმდა 20 მილიონი ევროს გადახდაზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. V ტური. F ჯგუფი: სამეულის შანსი ბოლო ტურში [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული