ა გ თ მ ფ წ ბ ქ
1. რეალი 5 4 1 0 18-5 13
2. იუვენტუსი 5 1 3 1 9-8 6
3. გალათასარაი 5 1 1 3 7-14 4
4. კოპენჰაგენი 5 1 1 3 4-11 4
მომდევნო ტური
10 დეკემბერი:
კოპენჰაგენი-რეალი, გალათასარაი-იუვენტუსი
"იუვენტუსმა" თავის ქომაგებს იმედები აღარ გაუცრუა: როგორც მოსალოდნელი იყო, ტურინელებმა საკუთარ მოედანზე "კოპენჰაგენი" იოლად დაამარცხეს, თუმცა ეს ერთი შეხედვით. ისე კი, "იუვეს" ფანებმა მაინც ინერვიულეს - განსაკუთრებით მაშინ, როცა ოლაფ მელბერგმა ანგარიში გაათანაბრა (სხვათა შორის, მელბერგს "იუვენტუსშიც" უთამაშია).
ანტონიო კონტეს გუნდი მთელი მატჩის განმავლობაში უტევდა და ისევე, როგორც კოპენჰაგენში (1:1), მომენტებსაც ქმნიდა, თუმცა სამიდან ორი გოლი ტურინელებმა პენალტით გაიტანეს.
ორივე თერთმეტმეტრიანი
პენალტები არტურო ვიდალმა უნაკლოდ შეასრულა, მერე კი ჩილელმა, რომელსაც "იუვეს" ტიფოზები "მეფე არტურად" მოიხსენიებენ, მესამეც (თავით) გაიტანა და ჰეთ თრიქი გაიფორმა.
ამრიგად, რაც უნდა პარადოქსულად ჟღერდეს, "იუვემ" ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე გათამაშებაში პირველად მოიგო, თუმცა ეს საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ კონტეს გუნდი ბოლო ტურის წინ მეორე, მერვედფინალში გამსვლელ ადგილზე აღზევებულიყო.
ბოლო ტურში "იუვენტუსი" "გალათასარაის" სტუმრობს და ჯგუფიდან გასასვლელად ფრეც ეყოფა...
იუვენტუსი-კოპენჰაგენი 3:1
გოლები: 1:0 ვიდალი (29-პენ), 1:1 მელბერგი (56), 2:1 ვიდალი (60-პენ), 3:1 ვიდალი (63)
იუვენტუსი (3-5-2): ბუფონი - კასერესი, ბონუჩი, კიელინი - პადოინი (69. მარკიზიო), პირლო, ვიდალი (84. ოგბონა), პოგბა, ასამოა - ტევესი (81. ვუჩინიჩი), ლორენტე.
კოპენჰაგენი (4-1-2-2-1): ვილანდი - ოაკობსენი, მელბერგი, რ. სიგურდსონი, ბენგტსონი - დელანეი - კლაუდემირი, ბოლანოსი (61. კრისტენსენი) - გისლასონი, ტუტუ (81. პურიე) - იორგენსენი.
გაფრთხილება: იაკობსენი, რ. სიგურდსონი, მელბერგი
კუთხური: 4-2; ჯარიმა: 12-11; თამაშგარე: 3-0; კარში დარტყმა: 20(7)-6(2); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 39 506
მატჩის შემდეგ:
არტურო ვიდალი: სამი გოლის გატანა ოცნების ახდენაა
* * *
"გალათასარაი" კი მადრიდის "რეალს" სტუმრობდა და თურქული კლუბისგან სიურპრიზებს არც ველოდით, მაგრამ საქმე იმაშია, რომ "რეალს" სერხიო რამოსი მაშინ გაუძევეს, როცა "სანტიაგო ბერნაბეუს" ტაბლოზე ჯერ კიდევ 0:0 ენთო, რამაც რობერტო მანჩინის და მის შეგირდებს იმედის ნაპერწკალი გაუღვივა.
თუმცა "გალა" ათკაციან "რეალთანაც" შერცხვა.
მართალია, გარეთ ბეილის შესანიშნავ ჯარიმას უმუთ ბულუთმა მალევე უპასუხა და წონასწორობა აღადგინა, მაგრამ მადრიდელებმა სტამბულელებს მეტი აღარაფერი გააბედინეს და თავის მხრივ, მეორე ტაიმში კიდევ სამი გოლი გაუტანეს.
აღსანიშნავია, რომ "რეალს" კრიშტიანო რონალდო აკლდა და ბარემ ისიც ვთქვათ, რომ კარლო ანჩელოტიმ კასემიროსა და ხესეს სახით ძირითად შემადგენლობაში ისეთი ფეხბურთელები ათამაშა, სერიოზულ მატჩებში ძალიან იშვიათად რომ ენდობა ხოლმე.
პირველივე ტაიმში "რეალის" შემადგენლობაში ნაჩოც გამოჩნდა, რომელმაც სწორედ ხესე შეცვალა.
ბოლო ტურში "რეალი" "კოპენჰაგენს" უნდა ესტუმროს და ძალაუნებურად ჩნდება ეჭვი, იქნებ სერხიო რამოსმა განგებ აირიდა ეს ფორმალური მოგზაურობა...
რეალი-გალათასარაი 4:1
გოლები: 1:0 ბეილი (37), 1:1 უმუთ ბულუთი (38), 2:1 არბელოა (51), 3:1 დი მარია (64), 4:1 ისკო (81)
რეალი (4-2-3-1): კასილიასი - არბელოა, სერხიო რამოსი, პეპე, მარსელო (74. კარვახალი) - კასემირო (58. ჩაბი ალონსო), ილიარამენდი - ბეილი, ისკო, დი მარია - ხესე (29. ნაჩო).
გალათასარაი (4-2-3-1): ისჩანი - ებუე, გიოქჰან ზანი, შედიუ, ნუნკეუ - ფელიპე მელო (88. გიულსელამი), სელჩუკ ინანი - ბრუმა (64. სნეიდერი), უმუთ ბულუთი, ამრაბატი (67. რიერა) - დროგბა.
გაფრთხილება: არბელოა - ფელიპე მელო
გაძევება: სერხიო რამოსი (26. რეალი)
კუთხური: 1-2; ჯარიმა: 7-16; თამაშგარე: 2-5; კარში დარტყმა: 9(4)-11(5); ბურთის ფლობა: 53%-47%.
მაყურებელი: 67 728
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"