შერცხვენილი "იუვე", ამაყი "ნაპოლი" და ფრით მოგებული "მილანი"

AutoSharing Option
გამყინვარება ჯოჯოხეთში
აგერ, უკვე მესამე წელია, ანტონიო კონტეს "იუვენტუსი" სერია A-ში შეუჩერებელია, მაგრამ ჩემპიონთა ლიგაზე წარუმატებლად ასპარეზობს.

თუ გასულ სეზონში "ვეკია სენიორა" პლეი ოფში გავიდა და მომავალ ჩემპიონთან დამარცხდა, ამჯერად უკვე ჯგუფში ჩარჩა და მსოფლიო მასშტაბით მოიჭრა თავი. ეს ის მომენტია, როდესაც არც შინ ტრიუმფს დაგიფასებენ და ყოველთვის წამოგაძახებენ გარეთ წაქცევას...

იტალიელთა თურქეთში მოგზაურობა ურთულესი გამოდგა - ორ დღეზე გაწელილი მატჩი, გაუთავებელი თოვლი და "ჯოჯოხეთად" წოდებული სტადიონის საშინელი, გაყინული მინდორი, რომელზეც ფეხბურთის თამაში წარმოუდგენელია.

მატჩის ჩატარების წინააღმდეგი იყო ორივე მხარე,
თუმცა თამაში შედგა და მასპინძელთა გამარჯვებით დასრულდა, 1:0.

გეცოდინებათ, გოლი მატჩის დასრულებამდე 5 წუთით ადრე გავიდა და მისი ავტორი ვესლი სნეიდერია, რომელიც ნამატჩევს ემოციებს ვერ მალავდა.
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

თუმცა ჩვენ სიტყვა მწვრთნელებს გადავცეთ:

რობერტო მანჩინი (გალათასარაი):
"ასეთ პირობებში ფეხბურთის თამაში შეუძლებელია და პირადად მე, მატჩის გადადების მომხრე ვიყავი. თუმცა უეფამ სხვაგვარი გადაწყვეტილება მიიღო და საბედნიეროდ, ყველაფერი ჩვენს სასარგებლოდ დასრულდა. ვამაყობ ჩემი შეგირდებით და მიხარია, რომ გულშემატკივარი გავაბედნიერეთ".

ანტონიო კონტე (იუვენტუსი):
"მატჩის გადადება გვინდოდა მეც და მანჩინისაც, მაგრამ ჩვენი პოზიცია არ გაითვალისწინეს. ვფიქრობ, კარგ მინდორზე ჩვენს ფეხბურთს ვითამაშებდით და მიზნის მიღწევის მეტი შანსი გვექნებოდა. თუმცა თავის მართლებას არ ვცდილობ - აქამდე არ უნდა მიგვეყვანა საქმე"
.

გადარჩენილი "მილანი"
ვერავინ წარმოიდგენდა, თუ "მილანი" "აიაქსთან" პაექრობას დაცვაში გალევდა და ლომბარდიული გრანდის გულშემატკივრებს ფრე სანატრელი გაუხდებოდათ.

ამსტერდამელებმა 20-მდე დარტყმა განახორციელეს მეტოქის კარის მიმართულებით და ეს მაშინ, როდესაც მასპინძლები სულ რამდენჯერმე გადავიდნენ ხეირიანად სტუმართა ნახევარზე.

მომენტების აღწერას აღარ მოვყვებით და მხოლოდ იმას აღვნიშნავთ, რომ "მილანი" არაერთხელ იხსნა გაშვებული ბურთისგან კრისტიან აბიატიმ.

მოკლედ, "მილანმა" სასურველ ფრეს მიაღწია, მერვედფინალში გავიდა, თუმცა გულშემატკივარი აღფრთოვანებული ვერ დატოვა...

და ეს, მიუხედავად იმისა, რომ "აიაქსს" ლომბარდიელები 10 ფეხბურთელით ებრძოდნენ. დიახ, ჯერ კიდევ 22-ე წუთზე არბიტრმა რიკარდო მონტოლივოს წითელი ბარათი აუფრიალა.

გასაგებია, რომ კაცნაკლული თამაში ადვილი არაა, მაგრამ "მილანს" საკუთარ კედლებში მაინც მეტი მოეთხოვება, თანაც, ასეთ არავარსკვლავურ "აიაქსთან".
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge
მასიმილიანო ალეგრი (მილანი):
"რთული იყო "აიაქსთან" კაცნაკლული თამაში, მაგრამ საბედნიეროდ, სასურველ მიზანს მივაღწიეთ. კარგია, რაც კარგად მთავრდება და შეგირდთა მიმართ მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. შესანიშნავად ითამაშეს მცველებმა, თუმცა არც მეკარე უნდა დავივიწყოთ. მარიო ბალოტელიმაც დიდი შრომა გასწია და მთლიანობაში, დამსახურებულად გავედით მერვედფინალში"
.

ფრანკ დე ბური (აიაქსი):
"იმ ორი მატჩის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, რაც ჩვენ "მილანთან" ვაჩვენეთ, "აიაქსი" გასავარდნად ცოდო იყო. ვფიქრობ, რომ ამ მატჩით ანტიფეხბურთმა იმარჯვა. რა თქმა უნდა, დღევანდელი თამაშის მიმდინარეობა გაძევებამ გადაწყვიტა, თუმცა მონტოლივოს გაძევება სამართლიანი იყო. ის კი არა, "მილანს" გაუმართლა, მეორე ტაიმში მსაჯმა მას ბალოტელიც რომ არ მიაყოლა. ფეხბურთში ყოველთვის ძლიერი ვერ იმარჯვებს".


დე ლაურენტისი: მხოლოდ ჩვენით ამაყობს იტალია!
სიკვდილის ჯგუფს "მარსელთან" ერთად "ნაპოლი" ემსხვერპლა, თუმცა სამხრეთიტალიელები ტურნირს თავაწეულნი ტოვებენ.

რაფაელ ბენიტესის შეგირდებმა "არსენალს" პირველ ტაიმში ბევრი ვერაფერი დაუპირისპირეს, მეორეში კი გამოცოცხლდნენ და ორი უპასუხო გოლიც გაიტანეს.

თუმცა დორტმუნდის "ბორუსიას" საფრანგეთში გამარჯვების გამო კიდევ ერთი გოლის გატანა იყო საჭირო - ამისთვის ნეაპოლელებს არც დრო ეყოთ და ალბათ, არც კლასი...
იხილეთ ვიდეო
Sportall.Ge

და მაინც, "ნაპოლი" ამაყი ტოვებს ჩემპიონთა ლიგას, რაზეც კლუბის პრეზიდენტის, აურელიო დე ლაურენტისის სიტყვები მეტყველებს:

"დამთავრდა თუ არა მატჩი, გასახდელში ჩავედი და ბიჭები გავამხნევე. ჯგუფური ეტაპი ბრწყინვალედ ჩავატარეთ და უბრალოდ, არ გაგვიმართლა, რომ მერვედფინალში ვერ გავედით.

დღეს ჩვენ ამაყები ვართ - მეტიც, დღეს იტალია მხოლოდ ჩვენით ამაყობს. ვეცდებით, ევროპის ლიგა მოვიგოთ და მომდევნო სეზონისთვის კვლავ მოვიპოვოთ ჩემპიონთა ლიგის საგზური"
.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ასევე იხილეთ:
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. გადადებული მატჩი: "იუვე" თოვლ-ჭყაპში დაიხრჩო [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. H ჯგუფი: ნეიმარმა "ბარსელონას" მესი დაავიწყა [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. VI ტური. F ჯგუფი: ფინიტა ლა ტრაგედია [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული